“ეს ქვეყანა ჩვენია, ჩვენ ვართ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლები, ჩვენი არჩევანია ევროპა, ჩვენი იდენტობაა ევროპა, არანაირ „საშინაო დავალებებს“ არ ვიღებთ და ხელს ევროპელებისკენ არ ვიშვერთ!”, – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჩერგოლეიშვილი იმ პრინციპებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებმაც საზოგადოება უნდა გააერთიანოს:
“საზოგადოება გაერთიანდესო – მოდით გავერთიანდეთ:
ა) რუსეთი მტერია და ქართველების გენოციდი მოაწყო აფხაზეთში 1992-1993 წლებში – პეტიცია ჩაშვებულია და გავერთიანდეთ.
ბ) ქართველები ვართ ევროპელები და ევროპულ პერსპექტივას ვინც გვაკარგვინებს – ქართველობას ებრძვის. ამიტომ ყველა, ვინც დასავლურ ნეოკოლონიალიზმზე ბოდვით აბინძურებს ეთერს მიუღებლად უნდა იქცეს.
გ) თუ გვინდა მშვიდობა, ომისთვის მზად უნდა ვიყოთ – დასავლეთის გარეშე ეს არ გამოვა! ანუ ჩვენი მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი – ნატოში შესასვლელად გავერთიანდეთ.
დ) იმისთვის რომ ნატოში შევიდეთ და უსაფრთხოება და მშვიდობა მოვიპოვოთ, მესიებზე უარი უნდა ვთქვათ და დემოკრატიულ დღის წესრიგის გარშემო გავერთიანდეთ – გარდა მესიებისა, ეს გამორიცხავს ჩრდილოვან გავლენებს.
ანუ “ბოკერია (ან ნებისმიერი სხვა) გასწიეთ თორემ ფულს არ მოგცემთ” wannabe ოლიგარქები, რომლებიც ძალაუფლების ყიდვას ცდილობენ, კეთროვანებად უნდა იქცნენ და მათი პოლიტიკური ფული წყევლად ექცეს ყველას, ვინც მოიხმარს.
ე) ღმერთს ღვთისა, კეისარს – კეისრისა – სახელმწიფო უნდა იყოს სეკულარული და ვინც ასე არ ფიქრობს, იმასთან ერთიანი ვერ ვიქნებით.
ვ) სახელმწიფო უნდა იყოს მცირე და რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ერეოდეს ადამიანის ცხოვრებაში – ეს პრინციპული საკითხია ჩვენთვის და ვისაც უნდა გაგვიერთიანდეს.
ზ) ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება მიუხედავად ეთნოსისა, რელიგიისა და სექსუალური იდენტობისა!
რა პრობლემაა – გავერთიანდეთ ამ პრინციპების გარშემო, იმიტომ რომ ჩვენ არცერთ პრინციპს არ დავთმობთ.
პ.ს. ხო, და ეს ქვეყანა ჩვენია, ჩვენ ვართ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლები, ჩვენი არჩევანია ევროპა, ჩვენი იდენტობაა ევროპა, არანაირ “საშინაო დავალებებს” არ ვიღებთ და ხელს ევროპელებისკენ არ ვიშვერთ! ჩვენი ისტორიული მისიაა თავისუფალი სამყაროს სრულუფლებიან წევრად ყოფნა და არანაირ “საშინაო დავალებად” დემოკრატიზაციას არ ვიღებთ!” – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.