LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში “ნაციონალურმა მოძრაობამ” მერის გადადგომა მოითხოვა

118
ფოტო ჩხოროწყუიიიიიიიიი

საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოთხმა წევრმა, დღეს მერის – დავით გოგუას გადადგომის მოითხოვნით, დღევანდელი საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მომხდარზე, რომელიც 25 იანვარს ჩხოროწყუში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეების მერიის საპირფარეშოს ”დასუფთავების აქციაში” მონაწილეობას ეხებოდა, ფრაქციის თავმჯდომარის, რამაზ გულუას თქმით, მერს მომხდარზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია და ამიტომ მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

როგორც მან აღნიშნა, მერიის ორი თანამშრომელი სოციალურ ქსელში მოზარდების აქციაში ჩართვას და თავად მერს ამართლებდა. აღნიშნული პოსტები კი, საზოგადოების კრიტიკის შემდეგ წაიშალა. გულუას ინფორმაციით, მოთხოვნას “ევროპული საქართველოს” ორი წევრიც შეუერთდა..

მომხდარი ფაქტის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნება.

”ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ მოქალაქეებს იქ, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა”.

სახალხო დამცველის აპარატმა მოკვლევა დაიწყო, სადაც აღნიშნავენ, რომ გამოძიების პროცესს დააკვირდებიან და  ინფორმაციას გამოითხოვენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, უფლებების დარღვევა, მით უმეტეს, როცა ამას ძალადობა ახლავს, უმკაცრეს სამართლებრივ შეფასებას და სამართლებრივ დევნას იმსახურებს.

”განსაკუთრებით სენსიტიურია საკითხი, როცა არასრულწლოვნებს ვეხებით. ასეთ დროს საერთოდ ყოველგვარი ყურადღება, რეაგირება და სამართლებრივი შეფასება ორმაგად მკაცრი და მკაფიოდ გამოხატული უნდა იყოს”.

ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ლია ჯალაღონიას თქმით, მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ რამდენიმე დღის წინ, სკოლაში მივიდა მოქალაქე, რომელმაც მათ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა შესთავაზა. თუმცა, მსგავსი საკითხები სამინისტროს დონეზე წყდება და დირექტორიც შეცდომაში შევიდა, რადგან მას ინფორმაცია არ ჰქონდა სად იყო აქცია.

ეთერ ჯაფარიძე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც  ”დასუფთავების აქციის” ინიციატორია. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქცია საკუთარი ინიციატივით მოაწყო და ბავშვების ჩართვა გადაწყვიტა, რათა მათთვის შრომა ესწავლებინა და ეჩვენებინა, რომ თუნდაც საპირფარეშოს დასუფთავება სირცხვილი არ არის.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დავით გოგუა ირწმუნება, რომ ”დასუფთავების აქციის” შესახებ არაფერი იცოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას არ დაუშვებდა.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძის თქმით, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა რეაგირება იდენტიფიცირებისთანავე მოახდინა და გამოძიების პროცესში შსს-სთან თანამშრომლობს. მან ასევე აღნიშნა, რომ დარღვევას განათლების სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვნების მიერ ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოს დასუფთავების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები