4 თებერვალს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ონკოლოგიური დაავადებები კაცობრიობის უდიდესი გამოწვევაა, თუმცა მათი სიკვდილთან გაიგივება შეცდომაა. ამის დასტურად იმ ადამიანებს ვესაუბრეთ, ვინც ეს ვერაგი დაავადება დაამარცხა, ახლა კი, სრულიად ჯანმრთელები, გამოცდილებას სხვებს უზიარებენ.

 

 

არ მქონდა დანებების უფლება

ჟურნალისტმა შორენა სურმანიძემ სიმსივნე 14-წლიანი ბრძოლის შემდეგ დაამარცხა. ის ცოცხალი მაგალითია მათთვის, ვინც ახლა ებრძვის ამ სენს, რომ კიბო განაჩენი ნამდვილად არ არის და მისი დამარცხება შესაძლებელია. 12 წლის იყო, როდესაც დაავადების შესახებ შეიტყო. პატარა გოგონასთვის და მისი ოჯახისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. როგორც შორენა გვიყვება, განსაკუთრებით რთული ის დღეები იყო, როდესაც ქიმიოთერაპიის შემდეგ თმის ცვენა დაეწყო.

“მკურნალობა რთული იყო, მასთან ბრძოლისთვის ფინანსების გამოძებნა კიდევ უფრო რთული. ვხედავდი, როგორ არ ნებდებოდნენ მშობლები. ფინანსურად ძლიერები არ ვიყავით, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს, რომ მეცოცხლა. პირველივე წუთიდან, როცა გაიგეს, გაიაზრეს, რომ უნდა ებრძოლათ, ჩემთან ერთად იყვნენ. ყველაფერს აკეთებდნენ ისე, რომ მე არ შემემჩნია მათი სისუსტე, რომ მქონოდა ძალა, იმედი, რწმენა. და ასეც იყო. რომ ვხედავდი, როგორ იბრძოდნენ, არ მქონდა დანებების უფლება. ჩვენ ერთმანეთს ვუმალავდით შიშს, ტკივილს, ემოციებს და ვიბრძოდით. ყოველი მკურნალობის კურსის დაწყების წინ საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ გამოვიდოდა… გვერდით მედგა ჩემი პატარა სოფელი, დიდი და პატარა. ჩემი ამბავი ყველას გულთან ახლოს მიჰქონდა და ჩემს მშობლებს ისე ეხმარებოდნენ, როგორც შეეძლოთ.

14 წელი ვიბრძოდი. 2012 წელს მივედი მორიგ გამოკვლევებზე, მეგონა, მკურნალობა ისევ დამჭირდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის სენი აღარ არსებობდა და, შესაბამისად, მკურნალობაც აღარ დამჭირდა. ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რასაც მაშინ ვგრძნობდი.

დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ არ დაეცე, არ გატყდე სულიერად, რომ არ დაგიუძლურდეს ორგანიზმი და მარტივად არ მოგერიოს. ჩემ გვერდით ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ მაკლებენ, ეს მეხმარება, დავფიქრდე, როგორი ლამაზია ყოველი დღე… რომ შეგიძლია ძალიან მარტივად, შენთან ძალიან ახლოს იპოვო ის, რასაც ბედნიერებას ვეძახით.

ძალიან ბევრი ადამიანი შემხვედრია ცხოვრებაში, რომლებიც სწორედ იმ დროს ჩნდებოდნენ, როცა მჭირდებოდნენ. თითქოს უფალი მიგზავნიდა მათ.

მათ, ვინც ახლა გადიან ამ გზას ვეტყვი, რომ მეც ერთი მათგანი ვარ, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ყველაფერი, გაიარა ურთულესი გზა და კარგად აცნობიერებს, რამდენი სიძნელე ახლავს ამ ბრძოლას. არ დანებდნენ, იმკურნალონ და ხელი არასდროს ჩაიქნიონ. განწყობა არის უმთავრესი, რომ შენ შეგიძლია, რომ ვერ დაგამარცხებს!”

 

არასდროს დამიკარგავს იმედი და მგონია, რომ ამან ბევრი რამ გადაწყვიტა

ლონდა ჯაფარიძე მხოლოდ 4 წლის იყო, როდესაც მიელობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვევს. ლონდას დედა შორენა ოქროპირიძე იმ რთული გზის შესახებ გვიყვება, რომელიც შვილთან ერთად ამ მძიმე სენის დამარცხებისთვის გაიარა.

“ჩემ შვილს ლეიკემია 4 წლის წინ დაუდგინდა. მაღალი სიცხე ჰქონდა და იაშვილის კლინიკაში ჩავიყვანე, გამოკვლევები ჩაუტარეს და მაშინ გავიგე ეს ამბავი. ეს იმხელა სტრესი იყო, რომ იმ მომენტში ვერც გავაცნობიერე რა ხდებოდა. მაშინ ბრძოლაში ვიყავი ჩართული, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩემი შვილი გადამერჩინა და ნერვიულობის დრო არც მქონდა. იაშვილის კლინიკაში 9 თვე გავატარეთ. ამ დროის განმავლობაში არც კი დავწოლილვარ. ექიმებმაც მითხრეს, დედაზე ასეთ დროს ბევრი რამ არის დამოკიდებულიო და მეც ყველაფერს ვაკეთებდი. იმდენი ვიბრძოლეთ მეც და ჩემმა პატარამაც, რომ დავამარცხეთ ეს ვერაგი დაავადება. ახლა ლონდა 8 წლისაა, აბსოლუტურად ჯანმრთელი. ხანდახან ვფიქრობ, ხომ არის შანსი დაავადება გამეორდეს. მე ამას მეორედ ვეღარ გადავიტან. თუ ადამიანი არ გამოცდის, ვერ მიხვდება რამხელა ტკივილია, როგორი რთულია, როდესაც შენი შვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. ბავშვმა დღესაც არ იცის რა ჭირდა, თუმცა კონტროლზე რომ მივდივართ, იქ შესვლა აღარ უნდა იმდენი იწვალა. მე არასდროს დამიკარგავს იმედი და მგონია, რომ ამან ბევრი რამ გადაწყვიტა, არასდროს დავნებებულვარ, იმედი ყოველთვის მქონდა, რომ ჩემი შვილი გადარჩებოდა და ასეც მოხდა.

მათ, ვინც ახლა გადის ამ გზას, ვეტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი განწყობა ამ დაავადების დამარცხებაში. ყველა დედას ვურჩევ იმედი არ დაკარგონ, არ დანებდნენ და იბრძოლონ.”

 

 

დაავადების დამარცხებისთვის უმნიშვნელოვანესია პაციენტის ემოციური მდგომარეობა

სამედიცინო ცენტრ “ვივამედის” ქირურგიის და ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი მწყერაშვილი მიიჩნევს, რომ დაავადების დამარცხებისთვის უმნიშვნელოვანესი პაციენტის ემოციური მდგომარეობაა. ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ექიმი ვალდებულია პაციენტს ფსიქოლოგიურად დაუდგეს გვერდში და ეს რთული გზა დაავადების საბოლოო დამარცხებამდე მასთან ერთად გაიაროს.

“საკმაოდ ხშირია პაციენტის სრულად გამოჯანმრთელების შემთხვევები, თუ პაციენტი ადრეულ სტადიაზე მოგვმართავს. მნიშვნელოვანია ასევე რა სიმსივნეა, რომელ ორგანოზეა. უმნიშვნელოვანესია როგორ მივაწვდით ინფორმაციას პაციენტს. რა თქმა უნდა პირდაპირ არ უნდა მივახალოთ, რომ ეს დაავადება სჭირს. აუცილებელია პაციენტთან საუბარი, თანდათან უნდა შევაჩვიოთ, ისე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ნაკლები სტრესი მიიღოს. რა თქმა უნდა, უნდა ავუხსნათ რა ხიფათის წინაშე დგას, პაციენტის მოტყუება დაუშვებელია. მე არ მახსოვს, რომ პაციენტი არ დაგვთანხმებოდა მკურნალობაზე. აუცილებელია ექიმი იყოს გამოცდილი, რომელიც პაციენტის ფსიქოლოგიც და მეგობარიც იქნება, მისი ახლობელი უნდა გახდეს, მასთან ერთად უნდა გაიაროს ეს რთული გზა. დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას. ასევე დიდი როლი უკავია ოჯახს ავადმყოფის გამოჯანმრთელებაში. ოჯახის წევრების მორალური მხარდაჭერა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. მე ყოველთვის ვცდილობ ოჯახსაც და პაციენტსაც ვესაუბრო და ერთად მივიღოთ მისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება.”

 

 

კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანი მოსახლეობის ონკოლოგიური დაავადების დამარცხების შესაძლებლობაში დარწმუნებაა. ცხოვრების არაჯანსაღი წესი: თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა და ა.შ. კიბოს პროვოცირებას იწვევს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესით, კიბოს შემთხვევათა მესამედის თავიდან არიდებაა შესაძლებელი.

მსგავსი თემები