ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლებმა ნაძალადევში ყალბი პირადობები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა თამარ კორძაიამ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მომხდარი ინციდენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება გაყალბებული პირადობის მოწმობებით არჩევნებს აყალებებს.
„ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი. პერსონალურ ინფორმაციას ვავრცელებთ, მაგრამ ამას საჯარო ინტერესი მოითხოვს. ერთი ადამიანის პირადობის მოწმობა გვაქვს, სადაც სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ემთხვევა და ორივე მოქმედია, რომელსაც ვადა აქვს 2031 წლამდე.
არ ემთხვევა გვარი და პირადობის მოწმობის სერია. აქედან გამომდინარე დასტურდება ის, რასაც წლების განმავლობაში ვამტკიცებთ, რომ გაყალბებული პირადობის მოწმობებით, საქართველოს ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს.
დღეს საგამოძიებო ორგანოების წინაშე ვაყენებთ სისტემური დანაშაულის გამოძიების დაწყების მოთხოვნას, იუსტიციის სამინისტროდან დაწყებული, ყველა უწყების, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს, ცენტრალური საარჩევნო კომისიით დასრულებული“, – აცხადებს თამარ კორძაია.
კორძაიამ ასევე ხმის მიცემის პროცესის სხვა დარღვევებზეც ისაუბრა. ოპოზიციის წარმოამდგენელმა ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაასაჯაროვა.
მომხდარ ფაქტს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც წერს, რომ აღნიშნული დოკუმენტების დამზადება იუსტიციის სამინისტროს გარეშე შეუძლებელია, რაც სისტემურ დანაშაულზე მეტყველებს.
ელენე ხოშტარია ქართულ ოცნებას მიმართავს, რომ „კარუსელები არ უშველით“.
“ესეც ყალბი პირადობები, ნაძალადევში აღმოაჩინეს ნაციონალების დამკვირვებლებმა. კარუსელი, კარუსელი, არ გიშველის, არ გიშველის, მაინც ვერ მიიღებ ძალით რასაც გინდა, რასაც ელი.
იუსტიციის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია. დიდი სისტემური დანაშაულია”. – წერს ელენე ხოშტარია.