LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავება სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით: გიორგი რურუას ცემის საქმეზე ორ პირს პატიმრობა მიესაჯა

74
ees

N8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ ორ თანამშრომელს, რომლებიც პატიმრის ჯგუფურად ცემის საქმეზე, სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები, საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს ლ.გ-ს და შ.მ-ს სასამართლო „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებოდა.

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 2000-2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ დღეს გამოაცხადა.

შეგახსენებთ, როგორც გამოძიებით დადგინდა, N8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა შალვა მარგველაშვილმა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა ლევან გელაშვილმა გულგრილად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა, დაარღვიეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 01 აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის” მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა პატიმრების მიერ 2020 წლის 2 ნოემბერს, ამავე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა.

ფაქტმა რურუას უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

დაკავებუბლებს ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, ანუ მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები