LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავების საფრთხის გამო ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა – ჟურნალისტის აგარაკზე ჩხრეკა მიმდინარეობს

60
ქსენია სობჩაკი

რუსმა ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, ასევე, 2018 წლის არჩევნებში რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქსენია სობჩაკმა, რომელიც, შესაძლოა, 26 ოქტომბერს გამოძიებას დაეკავებინა, ქვეყნიდან გამგზავრება შეძლო – ინფორმაციას ამის შესახებ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით რუსული საინფორმაციო სააგენტო: ТАСС და BAZA ავრცელებენ.

ჟურნალისტის გამგზავრებას წყაროზე დაყრდნობით ადასტურებს რუსული სახელმწიფო სააგენტო РИА Новости. როგორც გამოცემა წერს, სობჩაკი მინსკის გავლით ლიეტუვაში გაემგზავრა.

მანამდე კი, მოსკოვის მახლობლად, პრესტიჟულ სოფელ გორკი-8-ში სობჩაკის აგარაკიც გაჩხრიკეს. რუსეთის სამართალდამცავ უწყებებში მედიას განუცხადეს, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს სობჩაკის კომერციული დირექტორის კირილ სუხანოვის წინააღმდეგ გამოძალვის საქმესთან დაკავშირებით, ხოლო თავად სობჩაკს პროცედურული სტატუსი არ აქვს.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, კირილ სუხანოვი გუშინ ღამით მოსკოვში დააკავეს. სუხანოვი თაღლითობაში იყო ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, მოსკოვში დააკავეს ჟურნალ Tatler-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი, არიან რომანოვსკი. როგორც მედია იუწყება, ის ამავე საქმეზე ეჭვმიტანილია.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სუხანოვი და რომანოვსკი ეჭვმიტანილები არიან სახელმწიფო კორპორაცია Rostec-ის სპეციალური დავალებების დირექტორის, ყოფილი მედიამენეჯერისა და ტელეწამყვანის თინა კანდელაკის ქმრის ვასილი ბროვკოს გამოძალვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g