ფოტო: The Guardian

როგორ ემზადება აფხაზეთი ტურისტული სეზონისთვის და როგორია მისი გავლენა გალის რეგიონზე – ამასთან დაკავშირებით ვრცელ ანგარიშს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აქვეყნებს და წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე წლის ტურისტული სეზონისთვის მზადება უკვე გალის რეგიონსაც შეეხება.

ინფრასტრუქტურა, კორუფცია და ეპიდვითარება – ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია აფხაზეთში არსებულ ტურისტულ გარემოზე, სტატისტიკურ მონაცემებსა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც გალის მაცხოვრებლები დგაგან.

DRI აღნიშნავს, რომ აფხაზეთისთვის ტურიზმი საკუთარი, არადოტაციური შემოსავლების დიდ წილს შეადგენს და ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, განსაკუთრებით აღინიშნა ის ფაქტი, რომ პირველად 1992-1993 წლების ომის შემდეგ, აფხაზეთს მილიონზე მეტი ტურისტი ესტუმრა.

“აფხაზეთის დე-ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ტურისტულ სეზონზე ფასიანი მომსახურების მოცულობამ აფხაზეთში ორ მილიარდ ოთხ მილიონ რუსულ რუბლს გადააჭარბა,რაც დღევანდელი მონაცემით, 92 მილიონ 118 ათას ლარზე მეტია. იგივე მონაცემებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული სერვისების და შემოსავლების ცირკულაცია დღევანდელი აფხაზეთის მთელ ტერიტორიას მოიცავდა, გალის რეგიონის გარდა. ეს უკანასკნელი აფხაზეთის ტურისტულ მარშრუტებში და ინფრასტრუქტურაში რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტობის დროიდან (2005-2009; 2014-2020) არ მოიაზრებოდა.” – აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, ტურისტული სეზონისთვის მზადება გალის რეგიონში, ორი საკითხით აიხსნება:

◼  ამჟამინდელი დე-ფაქტო მთავრობის წინამორბედებისგან განსხვავებული ხედვით რეგიონის მიმართ და დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში მისი ინტეგრაციის სურვილით;

◼  ეს გლობალური პანდემიის პირობებში შეიძლება იმაზე გათვლას ემსახურებოდეს, რომ მოგზაურობის ჯერ კიდევ შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აფხაზეთს უფრო მეტი რუსი ტურისტი ეწვევა. შესაბამისად, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას რუსი ტურისტების სავარაუდოდ დიდი მასისთვის გაზრდილი ტურისტული პოტენციალით და უკეთ მომზადებულად დახვედრა სურს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, წინა კვირას გალის რეგიონს აფხაზეთის დე-ფაქტო ტურიზმის მინისტრის მოადგილე დავით ქაჯაია ესტუმრა, რომელმაც ადგილობრივებთან შეხვედრაზე სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე იმსჯელა:

“მან გალელებს გააცნო გეგმა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა გეგმავს სოფელ საბერიოში ახალი გზის გაყვანას და ენგურჰესის და გალის წყალსაცავის ტურისტულ მარშრუტებში შეყვანას. თუმცა, სათუოა, რამდენად შეეძლება რეგიონს მასპინძლობა გაუწიოს რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე. როგორც ჩანს, აფხაზეთის დე-ფაქტო ტურიზმის სამინისტროს გათვლა ერთ დღიან ვიზიტორებზე აქვს, რომელთა რაოდენობამ 2019 წელს ტურისტების  ნახევარი შეადგინა (517 000), ან იმათზე, ვინც აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე მოქმედ სასტუმროებში რჩებიან და გალის რეგიონს შეიძლება ექსკურსიაზე ეწვიონ.” – ამბობენ DRI-ში.

კვლევის ინსტიტუტში ამბობენ, რომ ტურისტული სეზონისთვის ამგვარი მზადება, რაც მასპინძლობის ინფრასტრუქტურის გაშლა-განვითარებას მოითხოვს, გალის მაცხოვრებლებისთვის ეკონომიკურ შესაძლებლობებთან ერთად გამოწვევებსაც აჩენს.

DRI-ში აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გადაუჭრელ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კორუფციას ასახელებენ:

◼  “კორუფციის მიმართაც გალის რეგიონის მაცხოვრებლები ყველაზე მოწყვლადები არიან, აფხაზეთის დე-ფაქტო მოქალაქეობის არქონის, და მეორე, მათი ეთნიკური იდენტობიდან გამომდინარე დისკრიმინაციის გამო. ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად, დე ფაქტო ხელისუფლების პრიორიტეტია კორუფციის შეკავება, განსაკუთრებით იმ სტრუქტურებში, რომლებთანაც რუს ტურისტებს ყველაზე ხშირი შეხება აქვთ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, მაგალითად, საგზაო პოლიციამ  პირდაპირი დირექტივა მიიღო, არ გააჩერონ რუსეთის ფედერაციის ნომრიანი მანქანები. თუმცა გალის მაცხოვრებლები კორუფციისგან დაცული არ არიან. შესაძლოა სწორედ ისინი გახდნენ გამოძალვის უპირატესი სამიზნეები, მით უფრო, თუ ტურისტების ნაკადი გალის რეგიონში შევა და ადგილობრივებისთვის შემოსავალს გააჩენს”.

ორგანიზაციის ცნობითვე, რუსეთში მიმდინარე ვაქცინაციის მიუხედავად, ეპიდვითარება მაინც საგანგაშო რჩება და დიდი მნიშვნელობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გალის რეგიონის და აფხაზეთის სხვა მაცხოვრებლებისთვის:

◼  “შესაბამისად, იზრდება იმის ალბათობა, რომ აფხაზეთში ტურისტული სეზონი ვითარებას დაამძიმებს. ამის გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში რამდენად ხელმისაწვდომი იქნება  საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გალის რეგიონის და აფხაზეთის სხვა მაცხოვრებლებისთვის. სამწუხაროდ, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ ამ მიმართულებით შეიძლება მეტი წინაღობაც შექმნას.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, დე-ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ალისა არძინბამ გალში ადგილობრივ მედიკოსებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია, აფხაზეთში მცხოვრები პაციენტების რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის და სარატოვის და არა საქართველოს კლინიკებში გადამისამართება, რათა აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემა “მოწინააღმდეგესთან” შედარებით სუსტად არ გამოჩნდეს და თავიდან იქნას არიდებული ის “ცუდი ზეგავლენა”‘, რასაც საქართველო აფხაზეთის მაცხოვრებლებზე ახდენს”.

როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში ამბობენ, აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის ტურიზმით მოტანილი შემოსავალი პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში, ცხადია, დიდი შვება იქნება, თუმცა ყურადღებას იმსახურებს ის გამოწვევები, რამაც ზემოთ მიმოხილული მიზეზების გამო შესაძლოა გალის რეგიონში  იჩინოს თავი.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები