LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეოლიგარქიზაცია, კორუფცია, პოლარიზაცია -12 პირობა, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს მოსთხოვა 

272
საქართველო-ევროკავშირი-1-750x445

“ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ მას კანდიდატის სტატუსს“ – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს, 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სრულად გაიზიარებს  თუ არა ევროსაბჭო კომისიის დღევანდელ რეკომენდაციას, ცნობილი 23-24 ივნისს  გახდება, როცა ასოცირებული ტრიოსთვის სტატუსის მინიჭების შესახებ  გადაწყვეტილება გამოცხადდება.  მანამდე კი ევროკომისია თვლის, რომ საქართველომ ჯერ კონკრეტული, 12 პირობა უნდა შეასრულოს და სამომავლოდ, ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

დოკუმენტი ევროკომისიის დასკვნის სახით ბრიუსელში დღეს გამოქვეყნდა და მასში გაწერილია ის პირობები, რომელიც საქართველომ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, სტატუსის მინიჭებამდე უნდა დააკმაყოფილოს:

1.  პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით;

2. სახელმწიფო ინსტიტუციების სრულფასოვანი დამოუკიდებლობის გარანტია, ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერება.  საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესება, OSCE/ODIHR-სა და ევროსაბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი  ხარვეზების აღმოფხვრით.

3.სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე, ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება/ განხორციელება 2021 წლის შემდგომ ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე დაყრდნობით; სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება, ძალაუფლების განაწილების კუთხით გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრების დანიშვნა. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს;

4. გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების მკაცრი განხილვის მიზნით;  ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის რესურსებით აღჭურვა – მათი მანდატების შესაბამისი და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;

5. განახორციელოს „დეოლიგარქიზაცია“  – ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული გავლენების აღმოფხვრის გზითა და მიზნით.

6.გააძლიეროს ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საფრთხის დეტალური შეფასების საფუძველზე, კერძოდ, სრულყოფილი გამოძიების, სასამართლო დევნის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდადებების სანდო ჩანაწერების უზრუნველყოფით; სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის გარანტირება;

7. გაატაროს ძლიერი რეფორმები თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს უზრუნველსაყოფად. მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. მუქარის არსებობის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების უსაფრთხოებისთვის;

8. გადაიდგას სასწრაფო ნაბიჯები მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის
ძალადობის ჩამდენთა და წამქეზებელთა პასუხისგებაში მიცემის გზით;

9. განსაკუთრებით გააძლიეროს გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა;

10. უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;

11. მიიღოს კანონმდებლობა, რათა საქართველოს სასამართლოებმა საქმეების განხილვისას პროაქტიურად გაითვალისწინონ ევროპის სასამართლო
ადამიანის უფლებათა გადაწყვეტილებები;

12. ახალი სახალხო დამცველი წარდგენის პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და უზრუნველყოს, რომ ეს პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ ასევე უზრუნველყოს ოფისის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების გადასაჭრელად და ამის შესახებ ანგარიშს 2022 წლის ბოლოსთვის წარადგენს.

დასკვნაში ვკითხულობთ, რომ გაწევრიანების პროცესი დაეფუძნება დადგენილ კრიტერიუმებსა და პირობებს – რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც პროცესშია, საკუთარი დამსახურების საფუძველზე პროგრესს მიაღწიოს, თუმცა ეს ასევე ნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ გადადგმული ნაბიჯები შეიძლება უკან დაბრუნდეს, თუ ძირითადი პირობები აღარ იქნება დაკმაყოფილებული;

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g