LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს აქ შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები” – აქციის მონაწილეებს პრემიერმა მიმართა

336
1

“ჩემთვის დიდი პატივია ძვირფასებო, საქართველოს ათი ათასობით მოქალაქის, ამდენი გულანთებული პატრიოტი ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლა.” – ასე დაიწყო მიმართვა პრემიერ-მინისტრმა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნდობისთვის, ბრძოლისთვის, სიმტკიცისა და თავდადებისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დღეს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს, სწორედ ამ ადგილზე აჩვენეს ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე:

“დღეს აქ, თავისუფლების მოედანზე შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს სწორედ აქ, ამ ადგილზე ვაჩვენეთ ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქართველი ხალხის მტკიცე სურვილი, იცხოვრონ თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ,მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში. სახელმწიფოში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანის ღირსება და თავისუფლება, სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა.

2012 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია. ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა, ჩვენ დავაფუძნეთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლითაც მთელი ქვეყანა დღემდე იმართება. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ფუნდამენტურ რეფორმებს, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით. პროგრესი და წინსვლა ხელშესახებია ყველა სფეროში, საშინაო თუ საგარეო ფლანგზე, ყველა მიმართულებით.”-  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების” აქცია 17:00 საათზე დაიწყო. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g