ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მთავრობას მკაცრი შეზღუდვები რომ არ დაეწესებინა დიდი შანსი იყო, რომ ვირუსს გარკვეული პერიოდის შემდეგ 3-4 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ამის შესახებ კულუმბეგოვმა “დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას ამ ვითარებაში სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
რა შეზღუდვები იმოქმედებს ქვეყანაში: ნახეთ სია სრულად
“ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკურ აქტივობას შეეხება, ადამიანების ჯიბეზე აისახება. ამას არ შეიძლება დადებითად აფასებდე, ზოგადად, მაგრამ მე იმ გარემოებიდან გამოვდივარ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ჩვენს ქვეყანაში ახლა არის ბიოლოგიური ომი. ჩვენთან არის ძალიან ვერაგი მტერი, რომელიც ყოველდღე 40 ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. თუ ჩვენ ამ ფაქტებზე არ მოვახდენდით რეაგირებას და ასე გავაგრძელებდით, ძალიან დიდი რისკი იყო, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ეს იქნებოდა 3-4 ათასი ადამიანის სიცოცხლე. მეტი გამოსავალი არ არსებობს. აქ არსებობს რაღაც ტექნიკური დეტალები – სად შეიძლებოდა შეზღუდვები უფრო მკაცრი ყოფილიყო, სად – ნაკლებად მკაცრი. ეს მსჯელობის საკითხია, რაშიც მეც ვმონაწილეობდი. რამდენიმე ვარიანტი არსებობდა, თუმცა, ამას, ცხადია, საჯაროდ არ გამოვიტან, რას ვემხრობოდი და რას არა.
სახელმწიფოს რა აქვს მეტი შესაძლებლობა და რესურსი – იმოქმედოს ისე, რომ ადამიანების სიცოცხლე არ შეეწიროს, როგორ უნდა გადაარჩინოს ჰოსპიტალური სექტორი, როცა კრიტიკული შეუსაბამობაა, ახლოს ვართ ამ ყველაფერთან. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებებია და არავისთვის არაა იოლად მოსასმენი. მე დიდი იმედი მაქვს,რომ ამ ყველაფერს ექნება პოზიტიური გავლენა და შესაბამისიდამყოლობა, რადგან ჩვენ იმდენჯერ მოვუწოდეთ საზოგადოებას ნიღბის ტარებისკენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს 55-60%-ს, სამწუხაროდ, არ აღემატება. ჩვენ რომ ყველაფერი შეგვესრულებინა ისე, როგორც საჭიროა, შეიძლება ეს საჭირო არ გამხდარიყო,”-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.