“ძაღლი ადამიანის მეგობარია” – ეს ფრაზა თითოეულ ჩვენგანს, ალბათ, ბავშვობიდან გვესმის. ზოგს მშობლები ეუბნებიან, ზოგს მეზობელი ან მეგობარი, ზოგს კი პირიქით, აშინებენ: “ძაღლთან ახლოს არ მიხვიდე”, “არ მოეფერო”, “გამოდი აქეთ, ძაღლი გიკბენს”… ამ ყველაფრის შედეგად, ბავშვობიდან იწყება გაურკვეველი შიში ყველა ძაღლის მიმართ, რაც საბოლოოდ, ზრდასრულ ასაკში, შესაძლოა, ფობიაში გადაიზარდოს. როგორც რესპონდენტები გვეუბნებიან, ძაღლი მაშინ ხდება საშიში, როცა მას უპასუხისმგებლო პატრონი ჰყავს.
ამის შედეგია ის შემთხვევები, როცა პიტბულმა რამდენიმე ადამიანს უკბინა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიტბულმა ადამიანები დაგლიჯა, თუმცა ასეთ დროს თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი ბოლო ფაქტი ქალაქ რუსთავში მოხდა, რა დროსაც ადგილობრივები თავად ჰყვებოდნენ, რომ მათ ეცა პიტბული და რამდენიმე ადგილას უკბინა. შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ უკბინა თუ დაგლიჯა, ეს მომხდარ ფაქტს არ ცვლის, მაგრამ სინამდვილეში ეს ორი სიტყვა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება და დიდ როლს თამაშობს საზოგადოებრივი აზრის შექმნაში.
სამწუხაროდ, ასეთი მებრძოლი და მომეტებული რისკის მქონე ჯიშების ქუჩაში ალიკაპის და საბელის გარეშე ტარებამ საზოგადოების ერთ ნაწილში, ვისაც შინაური ცხოველების მიმართ ემპათიური ისედაც არ არის, კიდევ უფრო მეტი უარყოფითი დამოკიდებულება გააჩინა და დაიწყო მომხდარი ამბის განზოგადება, თითქოს ყველა ძაღლი საშიშია.
ჩვენ გადავწყვიტეთ, პირველ რიგში სპეციალისტების გვეკითხა აზრი და მათგან მოგვესმინა, ძაღლის ყოლის, მოვლის და სეირნობის რა რეგულაციები ან წესები არსებობს, დარღვევის შემთხვევაში არის თუ არა ჯარიმა, რა უნდა ვიცოდეთ მათ, ვისაც ძაღლები გვყავს და ქუჩაში ვასეირნებთ და მათაც, ვისაც არ ჰყავს და ან ცხოველების მიმართ გარკვეული შიში აქვს.
სად ვეძებოთ პრობლემა, როცა ძაღლი აგრესიულია
კინოლოგებს თუ შევეკითხებით, ძაღლის მხრიდან მოულოდნელად გამოჩენილი აგრესიის ბევრი მიზეზი არსებობს. ეს შესაძლოა, იყოს, შიში ადამიანის ჩაცმულობის (სათვალე, ქუდი) მიმართ, ან თავის დაცვის ინსტინქტი, როცა ქუჩაში ვინმე ხელჯოხით ან მსგავსი ნივთით გაივლის, ან ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი და კიდევ ერთი – როგორც კინოლოგი გიორგი ალიხანოვი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, “თუ ძაღლი გრძნობს, რომ ადამიანს მისი ეშინია, ყველაზე უწყინარი ჯიშიც რომ იყოს, ისიც კი დაიწყებს ყეფას და შეიძლება უკბინოს კიდეც”.
ანუ აქ კიდევ ერთ პრობლემას ვაწყდებით – შიშს, ფობიას, რომლის გამოც, შესაძლოა, ქუჩაში ნებისმიერმა ძაღლმა მინიმუმ დაგიყეფოთ. ალბათ, ასეთი ფრაზაც გვსმენია ბავშვობაში, რომ ძაღლი გრძნობს, როცა გეშინიაო. ამას კინოლოგებიც ადასტურებენ.
სანამ მოგიყვებით კონკრეტულ რეგულაციებზე, რასაც უნდა დაემორჩილოს ყველა, ვისაც განსაკუთრებით მომეტებული რისკის მქონე, მებრძოლი ჯიშის ძაღლი ჰყავს, მანამდე გიზიარებთ ძაღლის მეპატრონის პოზიციას, რომელიც რუსთავში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და ყველა იმ დეტალზე გააკეთა აქცენტი, რაც საზოგადოების თითოეული წევრისთვის საყურადღებოა.
“საშიშია ძაღლი, რომელსაც უპასუხისმგებლო პატრონი ჰყავს”.
ასეთი პატრონი ძაღლს არ წვრთნის და ვერ მართავს და ქმნის პრობლემებს. არანაკლებ საშიშია ადამიანი, რომელსაც ძაღლებზე ფობია აქვს და მიაჩნია, რომ ყველა ძაღლი მას ერჩის, მისი შეჭმა უნდა და მოითხოვს, ყველა ძაღლი ალიკაპით ატარეთ.
ძაღლი უნდა იყოს გაწვრთნილი, მიუხედავად ამისა, პატრონს უნდა დაჰყავდეს საბელით და შეეძლოს არამხოლოდ თავისი, არამედ სხვა ძაღლის მართვაც.
ადამიანი, რომელსაც აქვს ფობია, უნდა მკურნალობდეს, რადგან ფობია, იგივე შიში ბადებს აგრესიას და აგრესიული ადამიანი არანაკლებ საშიშია, ვიდრე ცოფიანი და მით უფრო გაუწვრთნელი ძაღლი.
ჩემი საი, იაპონური აკიტა არის ერთ-ერთი აგრესიული ჯიში, მაგრამ სწორი მუშაობის შედეგად საი არის ფისოსავით მოსიყვარულე და ტკბილი და არასოდეს, არასოდეს, ერთხელაც კი არ ამიშვია ქუჩაში და არ მიტარებია საბელის გარეშე. იმიტომ კი არა, რომ ვერ ვმართავ, საზოგადოებაში, სადაც ადამიანი არის პრიორიტეტული, ძაღლი უნდა იყოს მაქსიმალურად მართვადი”, – ამბობს ეკა ლომიძე.
ის საკუთარი ძაღლის მაგალითზე გვიყვება, თუ როგორ არის გაწვრთნილი, როგორ მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში და როგორ გაიარა მან ფსიქიკური მდგრადობის ტესტიტება.
“ჩემს ძაღლს ფსიქიკურ მდგრადობაზე გავლილი აქვს მრავალგზის ტესტირება და ესეც ერთ-ერთი დასტურია იმისა, რომ ის არ არის საფრთხის მომტანი.
თუმცა, ვიმეორებ, მიუხედავად ამისა, ყველას ვუკრძალავ ჯიქურ ძაღლთან მოსვლას, მით უფრო ნასვამს და სიგარეტით აქოთებულს, რადგან ძაღლებს არ მოსწონთ არაჯანსაღი სუნები.
მიუხედავად ამ ტესტირებებისა, ვიმეორებ, ჩემს ძაღლს მუდმივად საბელით ვატარებ, რადგან ამით პირველ რიგში მას ვიცავ შეშინებული ადამიანების რეაქციისგან.
ძაღლებს სჭირდებათ სწორი პატრონები, სწორი აღზრდა, სწორად მართვა, – ამბობს ეკა ლომიძე.
რეგულაციები, წესები და ჯარიმები – რა უნდა იცოდეთ ძაღლის პატრონებმა
მას შემდეგ, რაც რამდენიმე შემთხვევა მოხდა და პიტბულის პატრონმა მისი ძაღლის შეკავება ვერ მოახერხა, ადამიანები დაკბინა, დააზიანა და ამან დამატებით უფრო მეტი შიში გააჩინა საზოგადოებაში, ჩვენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტს კახაბერ იოსელიანს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რა რეგულაციები და წესები არსებობს, რაც ძაღლის პატრონმა უნდა გაითვალისწინოს.
“საკრებულოს მიღებული აქვს კანონქვემდებარე აქტი, როგორც იცით, არსებობს შინაური ცხოველის მოვლისა და პატრონობის წესი, რომლის მიხედვითაც, დღის საათებში, დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე არადეკორატიული ჯიშის ძაღლების გასეირნება დასაშვებია გრძელი საბელით და ალიკაპით ან მოკლე საბელით ალიკაპის გარეშე. ღამის საათებში ანუ ღამის 11-დან დილის 7 საათამდე საბელის გარეშეც შეიძლება, თუ ძაღლს ალიკაპი ექნება. ეს არის 2015 წლის დადგენილება.
თუ პირი ძაღლის გასეირნების წესებს არღვევს, ის ადმინისტრაციული წესით ჯარიმდება, სხვადასხვა მიზეზის მიხედვით ჯარიმაც განსხვავებულია და 8-დან 50 ლარამდე მერყეობს.
ახლა არის მცდელობა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დაიწეროს. ეს ცხოველის ინტერესებშიცაა, რომ უპასუხისმგებლო პატრონის გაუაზრებელი ქმედებისგან იყოს დაცული.
რაც შეეხება პიტბულს , მას არაპროგნოზირებადი ფსიქიკა აქვს, ის ბუნებით თავდამსხმელი ცხოველია, აქ უკვე პატრონის პასუხისმგებლობაა მნიშვნელოვანი. უსაფრთხოებისთვის აუცილებელია შეზღუდვები. არსებობს ქვეყნები, სადაც კონკრეტული ჯიშები აკრძალულია. მაგალითად, ბრიტანეთში, რომელიც ცხოველების უფლებების დაცვის კუთხით პირველ ადგილზეა, იქაც აკრძალულია მომეტებული რისკის მქონე ძაღლების ყოლა. საქართველოში რა ფაქტებიც გახდა ცნობილი ადამიანებზე თავდასხმის, ყველა პიტბულს ეხება”, – აცხადებს კახაბერ იოსელიანი.
რადიო “ფორტუნა” საკანონმდებლო ინიციატივითაც დაინტერესდა, რომელიც შენიშვნებისთვის შესაბამის სტრუქტურებს დაეგზავნებათ, სწორედ ამ რეგულაციებს, წესებს, კონტროლს და უსაფრთხოების ნორმების დაცვას ემსახურება და ის სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიღებული იქნება. ამავე ინიციატივაში გათვალისწინებულია ძაღლების გამრავლების კონტროლიც, რათა ამაზე იყოს შესაბამისი ნებართვა, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია მიღებული.