LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძირეული რეფორმა თუ კოსმეტიკური ცვლილებები – ვინ შეიმუშავებს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს

temida

საქართველო სასამართლოს მეოთხე ტალღის რეფორმისთვის ემზადება, რომელმაც ქვეყანაში მართლმსაჯულების მიმართულებით არსებული ვითარება უნდა გააუმჯობესოს. თუმცა, პარალელურად არ წყდება ბრალდებები სისტემაში არსებული კლანური მმართველობის შესახებ. თუ აქამდე ამის შესახებ მხოლოდ არასამთავრობო სექტორი და მედია საუბრობდა, დრო და დრო კრიტიკა ისმოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც (ფრიდომ ჰაუსის ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, მდგომარეობა გაუარესებულია), ახლა ეს საკითხი მოსამართლეობის კანდიდატთა სიის წარმოდგენის შემდეგ დაპირისპირების მიზეზი მმართველ გუნდშიც გახდა, რასაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ეკა ბესელიას წასვლა და პარლამენტში სიის განხილვის შეჩერება მოჰყვა.

პარლამენტმა ახლა საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა იმუშაოს. როგორც იურდიულ საკითხთა კომიტეტში ეკა ბესელიას შემცვლელი დავით მათიკაშვილი „ფორტუნასთან“ ამბობს, სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთიდან დაბრუნდება, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

„ჩამოვა პარლამენტის თავმჯდომარე და არსებითად დავკავდებით უკვე ამ საკითხით. პარლამენტის ვალია შექმნას საკანონმდებლო რეგულაცია და მოვახდინოთ შესაბამისი კრიტერიუმების დადგენა, რაც მოახდენს ადეკვატურ გავლენას ნებისმიერ სიაზე. მეტს სხვა კომენტარს მე ამ თემაზე ვერ გავაკეთებ,“ – ამბობს დავით მათიკაშვილი.

პარალელურად, საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს მართავს ოპოზიცია და ცალკე, გუნდის წევრებთან დაპირისპირებული ეკა ბესელია. “ევროპული საქართველო” NGO-ებთან შეხვედრების შემდეგ გეგმავს პოზიციის წარდგენას.

„ჩვენ კონსულტაციების შემდგომ რაუნდებს გავაგრძელებთ და საბოლოოდ შევჯერდებით ერთ პოზიციაზე, რასაც შემდგომში წარვუდგენთ, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ისე პარლამენტს,” – აცხადებს ოთარ კახიძე.

ეკა ბესელია კი ამბობს, რომ რეალურად კანონში ცვლილებების ერთი პროექტი იქნება წარმოდგენილი, „რომელსაც მხარს ყველა დაუჭერს, იმ ადამიანების გარდა, ვინც ეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა სია დაწერა და ვინც იმ სიას ემხრობოდა.“ ვინ იქნება ამ პროექტის მხარდამჭერი, უცნობია, თუმცა, სია არ მოსწონს არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციას და მმართველი გუნდის ზოგიერთ წარმომადგენელს. მაგალითად, ის ღიად გააკრიტიკა გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, თამარ ჩუგოშვილმა, ლევან კობერიძემ, ზაზა პაპუაშვილმა. თუმცა, უმრავლესობის დიდ ნაწილს საჯარო პოზიცია არ გამოუთქვამს. რაც შეეხება ფორმატს, სადაც კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ, პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე, დაკონკრეტდება. ჟურნალისტების შეკითხვას, იქნება თუ არა სამუშაო ჯგუფში ეკა ბესელია, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა დიალოგის შედეგად გადაწყდება.

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ კანონში ცვლილებები ფორმალობა იქნება და შემუშავებულ კრიტერიუმებს კონკრეტულ ინდივიდებს მოარგებენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა ამბობს, შედეგად მივიღებთ „განზავებულ სიას“, სადაც შესაძლოა არ იყოს მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძე, თუმცა, იქნება მისი გავლენის ქვეშ მყოფი სხვა მოსამართლე.

„საგულიხსმოა ისიც, რომ ამ ჯგუფში არ შედის ოპოზიცია. თუ ხელისუფლების სურვილია, რომ კონსენსუსის შედეგად იქნას მიღწეული შეთანხმება იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც უნდა შეირჩნენ შემდეგ მოსამართლეები, გათვალსიწინებული უნდა იყოს ოპოზიციის აზრი, რომელმაც არჩევნებში მიიღო მეტი ხმა, ვიდრე ქართულმა ოცნებამ 2016 წელს, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდა პარლამენტში და ახლა უნდა ჩამოაყალიბოს ეს კრიტერიუმები. ეს აჩვენებს იმას, რომ პროცესის ღიაობა, გამჭვირვალობა და მასში ჩართულობა მათთვის არ არის პრიორიტეტი,“ – ამბობს თინა ბოკუჩავა.

სამუშაო ჯგუფის ფორმატთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ომბუდსმენსაც. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამუშაო ჯგუფში, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს გაწერს, ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენის აპარატი.

„მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდეს ყველა ის პირი და ორგანიზაცია, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, პირველ რიგში, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ სასამართლო რეფორმაზე და ძალიან კარგი წარმოდგენა აქვთ იქ არსებულ პრობლემებზე. მეც, როგორც სახალხო დამცველი, მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში და ჩვენ გვექნება ჩვენი კონკრეტული ხედვა. ჩვენ უკვე მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ჩაგვრთოს ამ ჯგუფში,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რა შემადგენლობით დაკომპლექტდება სამუშაო ჯგუფი, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, როგორც ფორტუნას „სამართლიანი არჩევნებისთვის“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ უთხრა, პარლამენტთან გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდათ და ამ ეტაპზე იმავე სამუშაო ფორმატსა და შემადგენლობაზეა საუბარი, რომელიც წინა წელს არსებობდა. მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ არც ეს ფორმატია ეფექტიანი და მას გამოწვევები აქვს.

„სამოქალაქო სექტორის მოთხოვნაა, უფრო მეტი ჩართულობა. მივიჩნევთ, რომ პარლამენტიდან უნდა იყვნენ ჩართული ის დეპუტატებიც, რომლებმაც გამოთქვეს კრიტიკული მოსაზრებები სწორედ უზენაესის დაკომპლექტების საკითხზე. დღესაც კრიტიკული და განსხვავებული მოსაზრებებისთვის თუ არ იქნა ადგილი, მაშინ ამ ჯგუფის მუშაობას აზრი არ ექნება, რადგან იქ ერთხმად ილაპარაკებენ სასამართლოს კლანური დაჯგუფების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პოლიტიკური პირები,“ – ამბობს მიხეილ ბენიძე.

სამუშაო ჯგუფში, რომელზეც ბენიძე საუბრობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. წინა წელს ამ ჯგუფის მუშაობაში ჩრთული იყო ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, თუმცა, ექნება თუ არა მას კვლავ ჯგუფში მუშაობის შესაძლებლობა, ჯერ-ჯერობით უცნობია – საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ არ უპასუხა. ამასთან ბესელიამ ერთ-ერთ ბრიოფინგზე განაცხადა, რომ ვიცე სპიკერად გადასვლა თავის დროზე სწორედ იმ მიზნით შესთავაზეს, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით გარკვეულ ჯგუფებს საკუთარი ინტერესები გაეტარებინათ. მან ამ ჯგუფის წევრებად ღიად დაასახელა ვანო ზარდიაშვილი და მამუკა მდინარაძე, რომელთა მოსამართლეებთან კავშირის შესახებ “რუსთავი 2” დიდი ხნის წინ იუწყებოდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მეუღლე და მამუკა მდინარაძის ნათესავი თინათინ აბრალავა, რაც მოსამართლეების დანიშვნებზე პოლიტიკური ზეგავლენის რისკებს წარმოშობს.

არასამთავრობო სექტორში კი მიიჩნევენ, რომ დღეს მთავარი ამოცანა, მთლიანად სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად კრიტერიუმების დადგენისა, ყოველთვის იქნება საფრთხე, რომ ისინი კონკრეტულ ინდივიდებს მოარგონ.

 

„ცოტა უფრო დიდ გამოწვევასთან გვავქვს საქმე, ვიდრე კრიტერიუმების დადგენაა. წითელი ხაზებია გადაკვეთილი, დღეს უნდა ვმსჯელობდეთ ძირეულ რეფორმაზე და არა კოსმეტიკურ ცვლილებებზე. ეს საზოგადოების აქტიურობაზეც არის დამოკიდებული. საზოგადოება აცნობიერებს, რომ მთავარი გამოწვევა არის ის, რომ სასამართლო ხელისუფლება შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში ჩაიკეტოს ისეთი მოსამართლეებით, რომელთა მიმართ სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. მოქალაქეებს შეუძლიათ შეცვალონ მთავრობა, პარლამენტი არჩევნების გზით, სასამართლოს შემთხვევაში კი, ასეთი ბერკეტი არ არსებობს,“ – ამბობს მიხეილ ბენიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები