ხატია სიჭინავამ თიკო ჩხეიძესა და ქრისტინე საკანდელიძესთან ერთად ახლახან ბავშვთა განვითარების ცენტრი დააფუძნა, რომლის პრეზენტაციაც სულ რამდენიმე დღის წინ შედგა.
ბავშვთა ცენტრს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს – ხატიასთვის კი ის ცხოვრების ერთ-ერთ განსაკუთრებულ მიზნად იქცა, რადგან მის უმცროს ვაჟს პირდაპირ უკავშირდება. სწორედ მიქაელის გამო გადაწყვიტა ხატიამ მსგავსი ცენტრის დაფუძნება.
მიზეზის შესახებ fortuna.ge-ს თავად ხატია სიჭინავა ვრცლად უყვება.
ხატია, რამ გადაგაწყვეტინა ბავშვთა განვითარების ცენტრის შექმნა?
მთავარი მიზეზი იყო ის პრობლემა, რასაც თავად შევეჯახე. ბავშვთა განვითარების ცენტრი სწორედ ამ მიზეზით დავაფუძნე. ჩემმა უმცროსმა ვაჟმა, მიქაელმა მეტყველების დაწყება დააგვიანა. სახელით რომ მივმართავდი, არ მპასუხობდა და არ მიყურებდა. 3 შვილის დედა მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.
მივიყვანე ძალიან ცნობილ ექიმთან, ნევროპათოლოგთან, მის სახელსა და გვარს არ დავასახელებ, თავს შევიკავებ. მან მითხრა, რომ მე ნევროზი მქონდა, ბავშვს კი არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ექიმისგან წამოვედი იმ რწმენით, რომ ეს ყველაფერი მომეჩვენა, მაგრამ რეალურად ერთი წელი დავკარგე… ორწლინახევრის რომ გახდა, ისევ ისე არ მიყურებდა, როდესაც ვეძახდი… მივხვდი, რომ არაფერი მომჩვენებია და რომ გავიხედ-გამოვიხედე, თურმე, ნამდვილი პანდემიაა ირგვლივ – ბავშვებს განვითარების შეფერხების დიაგნოზებს ერთი მეორეს მიყოლებით უსვამენ. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ბავშვობიდან მივაჩვიე ტელეფონს. ჩემზე კარგად იყენებდა, მაგრამ ამან ის გამოიწვია, რომ ტელეფონზე დამოკიდებული ბავშვი თავის ასაკს განვითარებით ვეღარ ეწეოდა… ორწლინახევრის ასაკში მიქაელი მივიყვანე სხვასთან და შეაფასა.
თუ საიდუმლო არაა, რა დიაგნოზი დაუსვეს?
ამ ასაკში აუტიზმის დიაგნოზს ვერ სვამენ და ეს დიაგნოზი არც დაუსვამთ, მაგრამ ერთ-ერთ ცენტრში მივიყვანე, სადაც დაიწყო თერაპიის კურსი. თანდათან დაიწყო თავის ასაკთან დაწევა…
შენ როგორ გაუმკლავდი ასეთ სტრესულ პერიოდს?
პირველი 3 თვე შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, სანამ მივხვდებოდი, რომ ბავშვი მკურნალობის კურსს მიჰყვებოდა… ყველაფერი ვიფიქრე… ისეთ განცდებში ვიყავი, რომ პირდაუბანელი და თმადაუვარცხნელი დავდიოდი. მეათე თვეა, რაც ამ თერაპიას გადის და ახლა არის ფანტასტიკური მდგომარეობა. აქვს რეაქციები, გამოხატავს ემოციებს… კვირაში ექვსი დღე დამყავს თერაპიებზე. ტელეფონი საერთოდ აკრძალულია მისთვის… ამ თერაპიების დროს გავიცანი დედები, რომლებსაც იგივე პრობლემა აქვთ. მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდება. სახელმწიფო დაფინანსება არსებობს, მაგრამ მის მოსაპოვებლად დიდხნიანი ლოდინია საჭირო, გადის დრო, რაც ასეთი ძვირფასია ასეთ შემთხვევებში. მკურნალობა კი – დაგვიანებული.
სწორედ ამის გამო გადავწყვიტე, ჩემი შვილის სახელზე შემექმნა ბავშვთა განვითარების ცენტრი. სამ თვეში, როცა ცოტა აზრზე მოვედი და კარგი შედეგი დავინახე, ვინც ჩემს შვილთან გადიოდა თერაპიას, ქრისტინე საკანდელიძეს, მას შევთავაზე ჩემი იდეა და გუნდიც მან შეკრა. ამ საქმეში ჩართვა ასევე შევთავაზე თიკო ჩხეიძეს, რომელიც ასევე დაინტერესებული იყო ამ თემით.
ბავშვთა ცენტრში რაც ყველაზე ძალიან მაკლდა, იმაზე გავაკეთე აქცენტი. ბავშვის თერაპია ხომ აუცილებელია, მაგრამ არანაკლები სტრესი აქვს მშობელს… მახსოვს, თავად რა პერიოდი გამოვიარე და მეც მჭირდებოდა ფსიქოლოგის დახმარება, ამიტომაც ჩვენს ცენტრში ტარდება თერაპიები როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვისაც…
სად მდებარეობს თქვენი ცენტრი და ფასიანია თუ არა?
ჩვენი ცენტრი მდებარეობს ვანის ქუჩა #4-ში. აურაც ისეთი შევქმენით, რომ არ ჰყავდეს საავადმყოფოს. არის ძალიან პოზიტიური გარემო. ჩვენთან ამოქმედდა რეაბილიტაციის ჯგუფი ზრდასრულებისთვის, ინსულტის შემდგომი თუ სხვა სახის გართულებებისთვის მობილური ჯგუფები გვყავს, რომლებიც სახლში მიდიან და იქ ატარებენ შესაბამის პროცედურებს.
ჩვენი მომსახურება ფასიანია, მაგრამ მათთვის, ვისაც საშუალება არ აქვს, საქველმოქმედო ფონდი შევქმენით და იმედი მაქვს, ის საკმაოდ აქტიური იქნება.
ინტერვიუ: ნინო მურღულია