სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო “საქართველოსთვის” თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ბიურო აღნიშნავს, მსგავსი შინაარსის განცხადება არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას.
გახარია საქართველოდან რამდენიმე საათში გაემგზავრება: „ოცნების“ „ბოსების“ მიერ მზადდებოდა პროვოკაცია, თმის ანალიზს ევროპაში ჩავაბარებ
“გვსურს გამოვეხმაუროთ ქ. თბილისის მერობის კანდიდატის, ბატონი გიორგი გახარიას განცხადებას, თითქოს მას აქვს „უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაგეგმილ პროვოკაციაზე“.
მსგავსი შინაარსის განცხადება ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტობრივი მოცემულობის გარეშე არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას.
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და ნარკოტიკულ საშუალებების ფაქტის დადგენის მიზნით, ნარკოლოგიური გამოკვლევა ტარდება საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 –ის და კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად. გამოკვლევისას, გამოიყენება ბიოლოგიური მასალა (შარდი), რომელის მეშვეობითაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ყველაზე ინფორმაციული და უტყუარია. ბიუროში აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებისას გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, დაუყონებლივ, ადგილზევე ხდება ბიოლოგიური ნიმუშის გამოკვლევა და დასკვნის გაცემა. საკვლევ ნიმუშში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, სპეციალური ლუქების მეშვეობით და მასზე გამოსაკვლევი პირის ხელმოწერის დატანის შემდეგ, დალუქული ბიოლოგიური ნიმუშების შენახვა ხდება ორ ულუფად შესაბამის ტემპერატურაზე. აღნიშნული პროცედურა ემსახურება გამოსაკვლევი პირისთვის შესაძლებლობის მინიჭებას, რომ სურვილის შემთხვევაში, მის მიერ მოხდეს ბიოლოგიური მასალის გადამოწმება სხვა ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გადასამოწმებელი ნიმუშის გატანა გამოსაკვლევ პირს შეუძლია დაუყონებლივ, კვლევის დასრულებისთანავე. რაც შეეხება თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩატარებას, ბიუროს აქვს ყველა ტექნიკური შესაძლებლობა აღნიშნული კვლევის ჩასატარებლად. თუმცა, აღნიშნული მეთოდი ითვლება ყველაზე ნაკლებ ინფორმატიულად (საჭიროებს კონკრეტული რაიოდენობის და თმის სიგრძის ნიმუშს, მხოლოდ თავის სხვადასხვა მიდამოდან). ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, ნივთიერების თმის ღერში გადასვლას ესაჭიროება მინიმუმ 10-14 დღე. ასევე, ადამიანის სხეულის ზედაპირზე არსებული თმის რაოდენობიდან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ მისი აღმოჩენა დამოკიდებულია მოხმარებული ნივთიერების რაოდენობაზე და ხანდაზმულობაზე. თმის გამოსაკვლევ ნიმუშში შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა გამოსაკვლევი პირი იყოს მომხმარებელი”, – აღნიშნულია განცხადებაში.