მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პრემიერიდან 61 წელი გავიდა, „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ დღემდე რჩება ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკალურ რომანტიულ კომედიად. ალბათ ყველას გვინახავს მაფიოზებისაგან დასამალად ქალებად გადაცმული მუსიკოსების ამბავი, თუმცა იცოდით თუ არა, რომ…

მერილინ მონრო და ჯეკ ლემონი როლებზე პირველი არჩევანი არ იყვნენ

ფილმის რეჟისორს ბილი უაილდერს ჯერის / დაფნას როლზე ფრენკ სინატრას მიწვევა სურდა. მთავარ როლზე პირველი არჩევანი არც მერილინ მონრო იყო – ფილმის შემოქმედებს სურდათ, ეს როლი მიტსი გეინორს შეესრულებინა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ როლებზე ჯეკი და მერილინი დაამტკიცეს.

კოლომბოს პროტოტიპი ალ კაპონეა

ცნობილი განგსტერი, რომელმაც 1929 წელს, წმინდა ვალენტინის დღეს კონკურენტი ბანდის წევრები დახოცა, ფილმის მთავარი ვილანის, კოლობოს პროტოტიპია. ფილმის სცენარის ინსპირაცია სწორედ ეს მოვლენა გახდა.

ფილმით მერილინ მონროს კონტრაქტის პირობები დაირღვა

მერილინ მონროს კონტრაქტში მითითებული იყო, რომ ყველა ფილმი, რომელშიც მას გადაიღებდნენ, ფერადი იქნებოდა. თუმცა ბილი უაილდერმა ის დაარწმუნა, რომ „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ შავ-თეთრ ფილმად გაცილებით უკეთესი იქნებოდა. რეჟისორმა გადაწყვეტილება საბოლოოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი, მაკიაჟიანი ტონი კერტისის და ჯეკ ლემონის ფერადი ტესტ-კადრები ნახა.

ჯეკ ლემონი და ტონი კერტისი ქალებივით ჩაცმულები სტუდიაში საათობით დადიოდნენ

მსახიობებმა მიიჩნიეს, რომ ამ როლებში ბოლომდე შესვლას მხოლოდ მაშინ შეძლებდნენ, თუ ვერავინ შენიშნავდა, რომ ისინი ქალებად გადაცმული კაცები იყვნენ. ჯეკი და ტონი დღეების განმავლობაში დადიოდნენ სტუდიის უზარმაზარ პავილიონებში მაღალქუსლიანი ფეხსცმლით და კაბებით. სცენა, რომელშიც მათი პერსონაჟები მატარებელს უახლოვდებიან, სწორედ ამ ყველაფრის გამოძახილია.

მერილინ მონროს ტექსტების დამახსოვრება უჭირდა

მსახიობი ამ დროს უკვე იტანჯებოდა ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი ადიქციით და ტექსტის დამახსოვრება უჭირდა. მაგალითად, ერთ-ერთი სცენისათვის ფილმის შემქმნელები იძულებულნი გახდნენ ფრაზა „სად არის ვისკი“ ბოთლის ფსკერზე დაეწერათ, თუმცა ამის ფონზეც კი ამ სცენის გადაღებას 59 დუბლი დასჭირდა.

„სრულყოფილი არავინაა“ სრულიად შემთხვევით გაჩნდა

ფილმის ბოლო ფრაზა, რომელიც დღეს ყველამ იცის, თავის დროზე მხოლოდ იმას გამოხატავდა, რომ ფილმის სცენარისტებმა ბოლო ფრაზად ვერაფერიც ვერ შეარჩიეს. უაილდერს და დაიმონდს ამის გამო კონფლიქტიც მოუვიდათ, რა დროსაც დაიმონდმა წამოიძახა, რომ სრულყოფილი არავინაა. ვინაიდან მოსაფიქრებლად დრო აღარ იყო, ფილმის სცენარში უკანასკნელ ფრაზად სწორედ „სრულყოფილი არავინაა“ ჩაიწერა. უაილდერის თქმით, ისინი არ ელოდნენ, თუ მაყურებელს ეს მოეწონებოდა, მაგრამ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

„ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ კანზასის შტატში აკრძალული იყო

ფილმის პრემიერიდან მალევე, კათოლიკური ეკლესიის მოთხოვნით, შტატის კინოთეატრებში ფილმის ჩვენება აიკრძალა. ეკლესია ფილმს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას სდებდა ბრალად და მას ამორალურს უწოდებდა.

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები