სოსო ხვედელიძე თეატრში, კინოსა და სერიალებში სახასიათო როლებით გამოირჩევა. „ჩცდ“-ში ექიმ აჩიკოს როლი ამ მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეული, წესით, არ უნდა ყოფილიყო, თუმცა მსახიობმა შეძლო, მაყურებელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოეწვია. ყოფილა როლები, რომლებზეც უარი უთქვამს, მაგრამ აჩიკოს მსგავსი პერსონაჟი არასდროს უთამაშია და ეკა მჟავანაძის შეთავაზებით დაინტერესდა.
მაყურებელი „ჩცდ“-ის გმირებს ზედმეტად რეალისტურად რომ უყურებს, ეს ახალი ამბავი არ არის, ამიტომ სოსომ გადაწყვიტა, გამოხმაურებებისა და კომენტარებისთვის თვალი არ ედევნებინა, მით უმეტეს, როცა ადამიანები პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ, უარყოფითი პერსონაჟის მიღმა კი მსახიობი დგას, რომელსაც ძალიან ბედნიერი ოჯახი აქვს – ამას ბევრ ინტერვიუში და ჩვენთანაც ხაზგასმით აღნიშნავს. ყველა კომენტარს მისი მეუღლე კითხულობს და სოსო მისი მიმიკებით ხვდება, ისინი დადებითია თუ ნეგატიური.
სოსო ხვედელიძეს საკმაო ხანს ვესაუბრეთ საკუთარ რეზონანსულ პერსონაჟზე…
ათწლეულები არ არის, რაც მსახიობი ვარ, ამიტომ ასეთ რეზონანსულ როლს ვერ გავიხსენებ. თეატრის მაყურებელი ასეთი არ არის, ხშირ შემთხვევაში. სპექტაკლი რომ მთავრდება, უარყოფითი პერსონაჟი ხარ თუ დადებითი, თავს დაუკრავ, როგორც მსახიობი. აქ წყდება მაყურებლის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება. „ხელოვნურ სინთქვაშიც“ ნეგატიურ პერსონაჟს განვასახიერებდი, მაგრამ ამხელა აგრესია არ ყოფილა. მაშინ აქტიური ვიყავი ფორუმებზე. მიყვარდა მადლობის გადახდა. ალბათ, ვიღაცამ ჩათვალა, ეს ადამიანი აქვეა და მოდი, დავანებოთ თავი და ნუ გავლანძღავთო. როცა გამოცდილება ნაკლებია, სხვანაირად აკეთებ რაღაცას, შემდეგ – სხვანაირად. მგონია, რომ არ არის საჭირო ფორუმში ჩართვა, რომ მაყურებელს გულწრფელობა არ დაუკარგო.
ამ ყველაფერის კითხვა საინტერესოა?
არა, თავიდან იმხელა ტალღა წამოვიდა, ძალიან შემიშალა ხელი და დავანებე კითხვას თავი. საბოლოო ჯამში, შეიძლება, როგორც მსახიობმა, ვიფიქრო, რომ ეს არის როლის წარმატება. ეს აგრესია პერსონაჟის მიმართ მოდის, თორემ პირადად სოსო ხვედელიძეს არავისთვის არაფერი დაუშავებია (იღიმის).
პირველი არ ხარ, ვისაც ასე ერჩიან. მახსოვს, ნინო მუმლაძე ამბობდა, რომ სტომატოლოგ ნათიას როლის გამო პირადად მას ხშირად ეჩხუბებოდნენ…
(იღიმის) ძალიან მხიარული ადამიანი ვარ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია და ხშირ შემთხვევაში ვერ ვიკავებ ხოლმე თავს, მეცინება, თუ მეკითხებიან, რატომ ვანგრევ ოჯახს… ზიზღიანი სახით რომ შემომხედავენ, ეს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს. სტრესულია ამხელა აგრესიასთან პირველი შეხება. აქამდე ასეთი რამ არ მიგრძნია.
ახლა, როცა ამ ყველაფერს ვაანალიზებ , ვფიქრობ, სწორია, რომ ექიმმა აჩიკომ ასეთი რეაქცია გამოიწვია. რა თქმა უნდა, მსახიობი და პერსონაჟი უნდა განასხვავო, მგონი, ეს ორჯერ ორი ოთხის ამბავია.
პიროვნული შეურაცხყოფაც ყოფილა…
კი და ზუსტად ეს იყო საწყენი, მაგრამ დამრჩა შეგრძნება, რომ ამან გამაძლიერა.
მაყურებელმა დამაჯერებლად მიიჩნია ეს როლი და ამით განსაზღვრე, რამდენად შედგა როლი. სხვა შემთხვევაში რა არის ხოლმე ინდიკატორი?
პირველ რიგში, მე უნდა განვსაზღვრო, ჩემი როლი შედგა თუ არა. ყველაზე კრიტიკული მაყურებელი მე ვარ. ბევრი დეტალი არ მომწონს თამაშისას. ვერ ჩავთვლი ჩემს განსაკუთრებულ სამსახიობო მიღწევად ამ როლს, მაგრამ ეს არის როლი, რომელმაც გამზარდა და ამას დროის გასვლის შემდეგ უფრო კარგად მივხვდები. პერსონაჟის გამართლების მოძებნა, სიმართლის ძიება ძალიან რთული იყო.
ექიმი აჩიკო რაში გაამართლე?
შეიძლება, მას ჰქონდეს გამართლება, არავინ იცის, რა რუტინაში ცხოვრობს და მის თავს რა უბედურება ტრიალებს. ღალატი არის მოვლენა, რომელიც რაღაც მიზეზის გამო ხდება. სერიალი ამ მიზეზებს არ ჩასძიებია. მსახიობი ფიქრობს, რა შეიძლება იყოს ამ კაცის ასეთი მოღალატეობრივი ხასიათის მიზეზი. არ მგონია, აჩიკო ვაჩნაძის ოჯახში არსებობდეს თბილი გარემო, რაც არ ნიშნავს მხოლოდ დაუთოვებულ ტანსაცმელსა და გაკეთებულ საჭმელს. ამ კაცს სიყვარული არ აქვს, დაგეგმილი ცხოვრება აქვს, მას კი ცოტა სიგიჟე და თავისუფლება უნდა, მიუხედავად იმისა, ვერ წყდება თავის ოჯახს. მაგრამ ამაზე არ იყო სერიალის ეს სეზონი, ის იყო ქეთისა და ზაზას ოჯახზე, ჩემი პერსონაჟი კი გამაღიზიანებელი ფაქტორი გახდა… მე, როგორც მსახიობმა, ვუპოვე ჩემს გმირს გამართლება, რომ არ მეთამაშა დამნაშავე სახით.
ვის აზრს სცემ პატივს, როცა როლს თამაშობ?
ჩემი თეატრის ხალხს, რამდენიმე კოლეგას, ვინც უყურებდა აქტიურად. მათ ხშირად ვეკითხები აზრს და ასევე მნიშვნელოვანია ჩემი მეუღლის მოსაზრება. ის არ არის მსახიობი, მაგრამ ძალიან სწორი და კრიტიკული შემფასებელია. მე არ მიყვარს გუნდრუკის მკმეველები. მიყვარს კრიტიკა, ტაქტის ფარგლებში, რასაც ინტერესით ვისმენ და ვიღებ.
მეუღლე გაგვაცანი…
ნათია ბერაძე, პუსას ვეძახით. არის ირანისტი და ქართული ენის ფილოლოგი. გვყავს ორი შვილი, ბედნიერი ოჯახი გვაქვს.
ამას სპეციალურად უსვამ ხაზს?
(იცინის) კი, კი… გადასარევი ოჯახი გვაქვს. აჩიკო ვაჩნაძე არ ვარ…
სოსო ხვედელიძე მეუღლესთან ერთად
ნათიას სერიალის ყურებისას რა რეაქცია ჰქონდა?
ვიცოდი, რომ გვერდზე დამიდგებოდა, მაგრამ მსგავსი მოხერხებით ამის გაკეთება არ წარმომედგინა. აგრესიის ტალღები რომ წამოვიდა, მაგალითად, ქუდი რომ მეხურა და მლანძღეს, თავის ფორმაც კი გამიკრიტიკეს, რაც ძალიან სასაცილო იყო, ნებისმიერი ასეთი ტალღა გადავიტანე მეუღლესთან ერთად. სერიალის მიმდინარეობისას პუსა იღებდა ტელეფონს და გიფივით ეცვლებოდა სახე, მიმიკით ვხვდებოდი, რომ კომენტარებს კითხულობდა. აინტერესებდა… რაღაც პერიოდი გავიარე, გავაანალიზე, რატომ ხდებოდა და ვდისტანცირდი ამ პერსონაჟისგან. დღეს ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
რაღაც კომპლექსი მაინც გაგიჩინა, რადგან ინტერვიუებში ხაზგასმით ამბობ, რომ ბედნიერი ოჯახი გაქვს…
(იღიმის) როლი თუ მომწონს, არ უნდა შევაფასო იმით, ვინმე ნანული დეიდას მოვეწონები თუ არა. რამდენიმეგან ვთქვი, რომ ბედნიერი ოჯახი მაქვს, მაგრამ აქამდე ამას არ დავკვირვებივარ. ახლა, როცა გადაღება დამთავრებულია და თუკი ეს ამ პერსონაჟის დასასრულია, რადგან არ ვიცი, შემდეგ სეზონზე ვიქნები თუ არა, დასასრულიც საინტერესოა. როლებზე ჩამოკიდება არ მიყვარს…
თუმცა, არ ფიქრობ, რომ სახასიათო მსახიობი ხარ და გამოკვეთილ პერსონაჟებს ხშირად გთავაზობენ?
ალბათ, გარეგნობის გამოც და სხვა რამეების გამოც. როგორც მსახიობს, მსურს, რომ ჩემი პერსონაჟები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ზედიზედ ერთნაირი როლების შესრულება ჩემს პროფესიას შემაზიზღებს. როცა ზაზა ურუშაძესთან ვიმუშავე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემს გმირთან საერთო არაფერი მქონდა. „ტიფლისში“ როლი მისაგნებად არ იყო რთული, აჩიკო ვაჩნაძის როლი უფრო რთული იყო. პერსონაჟს საინტერესო დეტალები სჭირდება, რომ სოსო არ იყო და ბესო მაინც იყო (იღიმის). როცა იცი, რომ გიჟს თამაშობ, ადვილია მისაგნებად, ტექნიკურად შეიძლება იყოს სირთულეები. დიდი შანსია სიყალბის…
როცა სცენარს კითხულობ, რადგან მეუღლე ფილოლოგია და ტექსტის გაანალიზება იცის, გეხმარება ხოლმე?
სხვათა შორის, დამოუკიდებლად მიყვარს მუშაობა. სახლშიც არ ვკითხულობ, რადგან ბავშვებთან ერთად ცოტა რთულია… ნელა ვკითხულობ და ამბავს ტვინში ვაგებ, პირველ წაკითხვას დიდხანს ვუნდები. თუ პიესა არ არის და გუნდი არ კითხულობს, მარტოს მიყვარს წაკითხვა. გაანალიზებისას ჩემი და რეჟისორის ვერსიები მაინტერესებს.
გარდა შენი საქმისა, რომელიც ძალიან გიყვარს, რაიმე სხვა გატაცება არსებობს შენს ცხოვრებაში?
ძალიან მიყვარს ფაზლების აწყობა. 3000-ნაწილიანი ფაზლიც მაქვს აწყობილი. ამაზე უკეთესი არტთერაპია არ არსებობს. ნერვებმოშლილი თუ აწყობ, კიდევ უკეთესად გამოგდის.
დეპრესიული ხარ?
კი, მქონია დეპრესიული პერიოდები. როცა თეატრალური დავამთავრე, სამეფო უბნის თეატრში მოვხვდი, შემდეგ ქალბატონმა ქეთი დოლიძემ თუმანიშვილის თეატრში წამიყვანა. ოჯახის შექმნის შემდეგ, ფინანსური პრობლემის წინაშე დავდექი და გავაგრძელე მუშაობა ბავშვთა ცენტრში. ორი შვილის მამა ვარ, 5 და 7 წლის შვილები მყავს, უმცროსი სერიალში ჩემს შვილს ასახიერებს… პირად ცხოვრებაში ბედნიერი ვიყავი, მაგრამ პროფესიაში ბევრ როლზე მომიწია უარის თქმამ. ძალიან მწყდება გული, მაგრამ უკანაც რომ დავბრუნდე, იმავე გზას გავივლიდი. ვერაფრით დავთანხმდებოდი როლს და მერე ჯიბეამოტრიალებული ვერ მივიდოდი სახლში. პასუხისმგებლობა მქონდა ბავშვების მიმართ.
ხშირად შენი პროფესიის ადამიანები კარიერას არჩევენ ხოლმე…
ჩემი ოჯახის მედროშე ვარ. კარიერია მნიშვნელოვანია, მაგრამ ოჯახი ძალიან მიყვარს. ცნობიერების უწყვეტი ნაკადით შეიძლება შენს გონებაში ამუშაო და შექმნა პერსონაჟი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში როცა ვიჯექი და ფანჯარაში ვიხედებოდი, ამას ეკრანად აღვიქვამდი, ან თეატრისთვის საინტერესო მიზანსცენად. მუდმივად ვიყავი დაკვირვების პროცესში. მედეა კუჭუხიძის ჯგუფი დავამთავრე და მან ბევრი რამ მოგვცა, გვასწავლა საკუთარ თავზე დამოუკიდებლად მუშაობა. ის გვეუბნებოდა, რომ დეპრესიაში არ უნდა ჩავვარდეთ იმის გამო, რომ სცენაზე ვერ ვდგავართ. სულ შეიძლება დააგროვო რაღაც, რასაც შემდეგ გამოიყენებ როლში. დღემდე სულ ვაკვირდები და ეს საინტერესო პროცესია…
ახლაც თეატრში ვდგამთ სპექტაკლს, სადაც მასწავლებლის როლს ვასრულებ. მას 16 წლის გოგონას გაუჩინარებაში სდებენ ბრალს… ასევე ველოდები ხათუნა გიორგობიანის ახალი ფილმის, „ფრთხილად სურვილებთან“ პრემიერას, რომელიც მალე გაიმართება.
ბოლოს მინდა გკითხო გარეგნულ ცვლილებაზე. თმის გადანერგვა რატომ გადაწყვიტე?
როცა წლების წინ ეს პრობლემა შევამჩნიე საკუთარ თავს, თავიდან ძალიან განვიცდიდი. მგონი, მთელ საგვარეულოში მე ვარ ასეთი. სულ ქუდით დავდიოდი. ეკლესიაში მამაო მეუბნებოდა, ქუდი უნდა მოიხსნაო (იცინის). ქუდი იყო ჩემი განუყრელი ატრიბუტი. ეს ამბავი ძალიან მაწუხებდა. დროთა განმავლობაში შევეგუე. ცვლილებებზე ვგიჟდები და თითქოს მოვიწონე ეს ვიზუალი. მერე რო გადავხედე, რა იმიჯი, მელოტი ხარ-მეთქი, საკუთარ თავს ვუთხარი. ახლა სერიალის მაყურებლებისგან ბევრი კომენტარი წამოვიდა ამ თემაზე. ამ კომენტარებმა არ გამაღიზიანა და ხალხმა გამახსენა, რომ მელოტი ვარ. გადანერგვა გავიკეთე ერთ-ერთ კლინიკაში, მადლობა დეა პაპასკირსა და ალეკო მახარაშვილს, მეგონა, რესტორანში ვიყავი, თან მასვენებდნენ, მაჭმევდნენ, შემდეგ ისევ ვუბრუნდებოდით გადანერგვის პროცესს (იცინის). თუ დავბრუნდი ქოჩორა ბიჭი, რაც ათი წლის წინ ვიყავი, ძალიან კარგი იქნება…
ფოტო: დათუნა აგასი
ლოკაცია: სამეფო უბნის თეატრი
ნინო მურღულია