LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს დეპუტატთა არჩევნებია, თუ სასქესო ორგანოების არჩევნები” – უნდა შედგეს თუ არა საარჩევნო სიები სქესობრივი ნიშნით?

144
105856519-4254928601213792-3660528612040965160-o

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს განიხილავენ. ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გენდერული კვოტირების ფარგლებში ყველა პარტიის საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს. ცვლილებას საარჩევნო კოდექსში შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია უწოდა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში ქალების რაოდენობის განსაზღვრა არასწორია.

​​ის, რაც წარმოადგინა ივანიშვილმა ქალთა კვოტირებაზე, არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური. იქნებ იმდენი პოლიტიკოსი ქალი ყავს პარტიას, რომ პირველი ათეული კი არა, პირველი ოცდაათეული სულ ქალბატონები ჩაწეროს ან იქნებ რაღაც ეტაპზე არც ერთი პოლიტიკოსი, საჯარო მოღვაწეობაზე ორიენტირებული ქალი არ ყავს პარტიას და ამ კანონის გამო, მაინც უნდა გამოიგონოს და ჩაწეროს? ამის დამწერ იდიოტებს ვეკითხები – ეს დეპუტატთა არჩევნებია თუ სასქესო ორგანოების არჩევნები. ისე დაეცემა ტუზი კილაძეს, გუგული მაღრაძეს, ენძელას და სხვა თანავარსკვლავედის წევრებს. ვაი თქვენს პატრონს და ჩვენს პატრონსაც რა თქმა უნდა“, – წერს ნათელაშვილი სოციალურ გვერდზე.

“საარჩევნო კოდექსში” ცვლილებათა პაკეტს არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რეზო არველაძეც და აცხადებს, რომ ის არა ცვლილების, არამედ ზღვარის დაწესების წინააღმდეგია. ის კანონპროექტს მხარს დაუჭერს, თუ მმართველი გუნდი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„არის პარტია, რომელსაც დიდი რეზერვი და დიდი რესურსი აქვს ქალი პოლიტიკოსების, ამიტომ შეზღუდული არ უნდა იყო. შეიძლება იყოს 30%, შეიძლება იყოს 80%, მაგრამ არის პარტია, რომელსაც არანაირი რესურსი არ გააჩნია. ქუჩაში ხომ არ დაუწყებს ძებნას, მოდი, ჩემს პარტიაში შემოდი, ვარგა თუ არა. პარტია შეზღუდული არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს თავისუფალი, როგორც დღეს არის. მე გენდერული საკითხის წინააღმდეგი კი არ ვარ, რომ ქალები არ იყვნენ პოლიტიკაში, ამის წინააღმდეგ სრულებითაც არ ვარ. მე ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ რაღაც ზღვარი იყოს დაწესებული, რომ ამაზე ნაკლები არ შეიძლება გყავდეს. თუ არ მყავს რა ვქნა, პარტია აღარ დავაფუძნო?“ – განაცხადა არველაძემ.

ერთი ქალი თუ არ შეუძლიათ მოძებნონ, მაშინ რა უნდათ არჩევნებში – ირაკლი კობახიძე “ევროპულ საქართველოზე”

პარლამენტში მეტი ქალის მომხრეა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომელსაც ინიციატივის მხარდაჭერა პრონციპულ საკითხად მიაჩნია, თუმცა მისივე განმარტებით არის ცალკეული რეკომენდაციები, რომელიც კანონპროექტში გასათვალისწინებელია. ბესელია საკუთარ პარტიაში იგივე პრინციპის დაცვას აპირებს და სხვა პოლიტიკურ ერთეულებსაც იმავეს მოუწოდებს.

“საარჩევნო კოდექსში არის ცვლილებები, რომელსაც პირადად დადებითად ვაფასებ, მაგრამ არ არის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული, რაც ჰქონდა ეუთო/ოდირს, მაგალითად, იგივე საარჩევნო ადმინისტრაციის და კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. პრობლემურია ასევე, სარეკლამო დრო, რომელშიც ხვდებიან მხოლოდ კვალიფიციური პარტიები და ახალი პარტიებისთვის არ რჩება შესაძლებლობა, რომ ამომრჩეველთან დიალოგისთვის სატელევიზიო სივრცე გამოიყენონ. პრობლემურია კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც იმედია გასწორდება. კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიების დასარეგისტრირებლად მოთხოვნილია 5000 ამომრჩევლის ხელმოწერა. ამ მოკლე დროში და პანდემიის პირობებში, როცა გვეუბნებიან, რომ მაქსიმალურად შეზღუდულია ფიზიკური კონტაქტი, არ არის ეს მარტივი. ამასთან, მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ ამ პარლამენტმა მხარი დაუჭიროს, რომ მეტი ქალი იყოს პარლამენტში. მე ისედაც ვაპირებ, რომ პარტიაში ეს პრინციპი დავიცვა და ჩვენს სიაში ასეც იქნება წარმოდგენილი, მაგრამმინდა სხვა პარტიებისთვისაც იყოს სავალდებულო, რომ ნუ ავიწყდებათ ქალი კანდიდატები, როცა სიას წერენ”, – განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსსი შესატან ცვლილებას, მას პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე განიხილავს, შემდეგ კი დეპუტატებს კენჭს უყრიან.

magti 5g