პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა პოზიტიური იყო და კომისრის საქართველოში ვიზიტი ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირებაა.
მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერის 4-წლიან გეგმაზე, რომლის თანახმადაც საქართველო დაახლოებით 4 მლრდ ევროს ეკონომიკურ მხარდაჭერას მიიღებს.
„ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო. ამ შეხვედრამ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ევროკავშირის მხრიდან აქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ბატონმა ვარჰეიმ გაგვიზიარა ისაა, რომ ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერის 4-წლიან გეგმაზე, რომლის თანახმადაც საქართველო დაახლოებით 4 მლრდ ევროს ეკონომიკურ მხარდაჭერას მიიღებს. ეს მოხმარდება ჩვენი ბიზნესსექტორის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის მდგრად აღდგენას. ეს გაზრდის ჩვენი მოქალაქეებისთვის შემოსავლებს და საქართველოს მეტ ინტეგრაციას მოახდენს ევროპულ ბაზარში. გაზრდის ექსპორტს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ამ მიმართულებით ევროკავშირთან ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს.
ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს წინაშე არსებობს. პირველ რიგში, ეს არის ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ვისაუბრეთ ჩვენს თანამოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, ძირითადი დრო დაეთმო საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებზე და პარლამენტის საქმიანობაზე საუბარს. ასევე მიშელის გეგმის განხორციელებას, სადაც, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მხრიდან სრული მხარდაჭერა. ჩვენ კომისარს მადლობა გადავუხადეთ მისი პირადი ჩართულობისთვის, ვინაიდან პოლიტიკური დიალოგის დროს აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებს და მნიშვნელოვანი გზავნილი გააკეთა, რომ პარტიები უნდა დაბრუნებულიყვნენ პარლამენტში და პოლიტიკური პროცესი მხოლოდ პარლამენტში მიმდინარეობდეს. შესაბამისად, ამ შეხვედრას პოზიტიურად შევაფასებ. კომისარის ვიზიტი საქართველოში არის ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება“, – განაცხადა თალაკვაძემ.