LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტართა ჯგუფმა რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სახაროვის პრემიაზე წარადგინა

64
ნავალნის მხარდამჭერი აქცია

ევროპარლამენტში შექმნილმა ჯგუფმა, „ევროპის განახლება“, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ანტიკორუფციონერი ბლოგერი, ალექსეი ნავალნი, აზროვნების თავისუფლებისათვის ანდრია სახაროვის პრემიაზე წარადგინა. 

ევროპარლამენტის ჯგუფის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ რუსმა ოპოზიცონერმა პოლიტიკოსმა და აქტივისტმა სახელი გაითქვა რეფორმების მხარდამჭერი აქციებით, კორუფციის მხილებითა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლით.

45 წლის ნავალნი შარშან, აგვისტოში, რუსეთში, ციმბირიდან უკან დაბრუნებისას, თვითმფრინავში ცუდად გახდა. რამდენიმე დღეში ის ბერლინში გადააფრინეს და ექიმები მის გადასარჩენად იქ იბრძოდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მოწამლეს საბჭოთა პერიოდში შექმნილი ნერვული გაზით. ნავალნი მოწამვლაში  პუტინს ადანაშაულებს, კრემლი კი მომხდართან კავშირს უარყოფს.

ნავალნი ბერლინიდან უკან დაბრუნებისთანავე დააკავეს – იმის გამო, რომ მანამდე პირობითი სასჯელი გამოუტანეს. განაწესის დარღვევისთვის სასამართლომ ორი წლითა და რვა თვით კოლონიაში ყოფნა მიუსაჯა.

„ალექსეი ნავალნი იბრძვის იმ ყველაფრისათვის, რასაც ევროკავშირი დაჟინებით ითხოვს: დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სიმართლისა და თავისუფლებისთვის,“ – წერს ჯგუფ „ევროპის განახლების“ წევრი, ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

ფოტო: Routers
magti 5g