“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, დღეს პარტიაში მიმდინარე პოლიტსაბჭოს სხდომაზე სამ ძირითად თემაზე იმსჯელებენ.
ბობოხიძის თქმით, პირველი, ეს არის პარტიის პოზიცია – ჩაერთვება თუ არა ის საპარლამენტო საქმიანობაში, მეორე, ეს არის მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები და პარტიის სტრატეგია, ხოლო მესამე იქნება საწვავის გაზრდილი ფასი და ის კამპანია, რომელიც პარტიამ უნდა აწარმოოს, რათა ხელისუფლებას მინიმუმ აქციზის გადასახადის გაუქმება აიძულოს.
„დღეს პოლიტსაბჭო იმსჯელებს სამ ძირითად საკითხზე, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის პარტიის სახელით მიიღებენ თუ არა ჩვენი დეპუტატები მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში, ანუ შეუერთდება თუ არა პარტია პარლამენტში შემსვლელ პარტიათა რიგს.
მეორე საკითხი არის პარტიის სტრატეგია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებისათვის მოსამზადებლად და სხვა პარტიებთან კოორდინაციის პირობები. მესამე საკითხი, გაძვირებული საწვავის ფონზე რა კამპანია უნდა ჩაატაროს “ევროპულმა საქართველომ,” რომ მოსახლეობის ჩართულობა და ყურადღება გაიზარდოს, რათა მივაღწიოთ ხელისუფლების მხრიდან მინიმუმ აქციზის გადასახადის გაუქმებას მაინც, რომელიც ამ მძიმე ვითარებაში ჩვენს მოსახლეობას40 თეთრიან შეღავათს მაინც მისცემს,“ – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.