ტელეწამყვანმა ანა კოშაძემ თავის ულამაზეს, მინიმალისტური დიზაინით გაფორმებულ სახლში გვიმასპინძლა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობს. ანა იქ ოჯახთან ერთად სულ ორი თვეა, რაც გადავიდა და ახალაშენებულ კორპუსში პირველი მოსახლეა. სახლიც საკუთარი და თავისი ქალიშვილების გემოვნებით მოაწყო, გოგონებისთვის საძინებლების მოწყობისას სრულად გაითვალისწინა მათი სურვილები. მთავარი, რაც ანას ძალიან უნდოდა, ეს თეთრი კედლები იყო, რომლებსაც საყვარელი ქართველი მხატვრების ნამუშევრებით გაამრავალფეროვნებს. ნახატები ჯერჯერობით არ დაუკიდია, არც ტელევიზორი.

მცირე ზომის მისაღები, რომლის ფართიც მესამე საძინებლის მოწყობის სურვილმა „დააზარალა“, ასევე გაფორმებულია მცენარეებით, რომლებსაც დიდი სიამოვნებით უვლის ტელეწამყვანის საყვარელი მამიდა. მისაღებში განთავსდა თეთრი ზომის რბილი ტახტი, რომელიც ანამ ქართულ კომპანიას შეუკვეთა, ისევე, როგორც – საწოლი, საკუთარი საძინებლისთვის. ჰქონდა არჩევანი, ან ჭურჭლის სარეცხი მანქანა უნდა ეყიდა, ან საწოლი, არჩევანი, როგორც ღიმილით გვითხრა, სარეცხ მანქანაზე გააკეთა, საწოლი კი შემდეგ შეუკვეთა, ამიტომაც ჯერჯერობით მის ოთახში მხოლოდ მატრასია.

ანა კოშაძე:

ამ სახლში სულ რაღაც ორი თვეა, გადმოვედით. სწრაფად გავაკეთეთ რემონტი. მომწონს ეს უბანი, ეს სახლი ბავშვების სკოლასთანაც ახლოსაა და თავად სახლიც მომწონს, მარტივად მივეჩვიეთ. უამრავი ადამიანი მირჩევდა, რომ თეთრი კედლები არ გამეკეთებინა, მაგრამ ინტერიერში ძალიან მომწონდა. ზოგადად, ვემხრობი, რომ ყველა საქმე პროფესიონალმა უნდა გააკეთოს და ძალიან კარგია, თუკი ინტერიერის დიზაინერის დაქირავებას შეძლებ, მაგრამ მე ეს საშუალება არ მქონდა, ამიტომ „პრინტერესტიდან“ ამოვკრიფე ჩემთვის მოსაწონი დიზაინები. მინიმალისტურ სტილში გემოვნებით გარემონტება უფრო ადვილია. რაც უფრო გადატვირთულია, მით უფრო მეტად გჭირდება წინასწარ რენდერში ნახვა – შოურუმში ნანახი ჭაღი შეიძლება, ძალიან მოგწონს, მაგრამ შეიძენ, სახლში მოიტან და უცებ აღმოაჩენ, რომ ის ოთახს არ უხდება… ამიტომ ავარჩიე სამი ფერი, თეთრი, შავი და მწვანე და ამის გარშემო ვიტრიალე.

სამზარეულო – მწვანე ფერის მინდოდა, ვიცოდი და ვეძებდი, ალბათ, ტრენდული რომ არის, უფრო მეტად მხვდებოდა თვალში თუნდაც „პრინტერესტზე“. სამზარეულოსთვის ჯერ მასალა ავარჩიე, შემდეგ სახელურები. ნახაზი დიდ სირთულეს არ უკავშირდებოდა, მაქსიმალურად ავითვისეთ სივრცე. ღვინის თაროები ძალიან მინდოდა, რადგან ღვინო მიყვარს (იღიმის). შენი სახლი შენს ხასიათს უნდა გამოხატავდეს. პირველი,რაც ამ სახლში გადმოვიტანე, ღვინის ჭიქები იყო…

ნახატების კუთხე მისაღებში – ის, რაც ახლა მისაღებში დევს, მალე კედლებზე დაიდებს ბინას. ზოგი ნაჩუქარია, ზოგი – ნაყიდი. ძალიან მიყვარს ვახო ბუღაძე, ორი ნახატი მისია, ორიც – ვანო აბულაძის, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს, ერთი ნახატი მაქვს ნიკო ცეცხლაძის. კედლების გაფორმება ასევე დაბეჭდილი ფოტოებით მინდოდა. ბევრი ჩემი მეგობარი იღებს და ვთხოვე, მაჩუქებენ… სასტუმრო ოთახში დავკიდებ ნახატებს, ერთ კედელზე და შემოსასვლელში ალბათ, ფოტოებს დავკიდებ, ასევე სამზარეულოშიც.

სახლის ნივთები ჩემს ინტერესს აბსოლუტურად არ წარმოადგენდა – როცა მჩუქნიდნენ, არ მიხაროდა და მერჩივნა, უფრო მეტად პირადული ყოფილიყო. ახალმა სახლმა მოიტანა ეს, რომ ძალიან მიხარია სახლის ნივთების შეძენა. სიამოვნებით ვიყიდე ჭურჭელი. გინდება ახალ-ახალი ნივთების შეძენა, მაგრამ საწოლი ვერ ვიყიდე და უნდა ვთქვა, რატომ. ახლა კი მაქვს შეკვეთილი, რადგან ბიძამ მაჩუქა, მაგრამ მანამდე, რა ბიუჯეტიც მქონდა საწოლისთვის განზრახული, ვიყიდე ჭურჭლის სარეცხი მანქანა. გადასარევად მძინავს მატრასზე. თან, მომწონს ინტერიერში. ვფიქრობდი, რომ საერთოდ არ ვიყიდდი საწოლს, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ საწოლი საჭიროა. დაბალი საწოლი შევუკვეთე.

ბავშვების საძინებლები – პროექტი იყო სულ ორსაძინებლიანი. სასტუმრო ოთახს ჩამოვაჭერით ფართი და გავხადეთ სამსაძინებლიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცი, ერთ ოთახში როგორ მოთავსდებოდნენ ჩემი შვილები. გოგონებმა თავად აარჩიეს დიზაინი საკუთარი ოთახებისთვის. ასევე დივანიც ერთად შევარჩიეთ და პრინციპში, სახლისთვის სხვა ნივთებიც.

სახლის სათავსოები – ძალიან მინდოდა ცალკე გარდერობის ოთახი. ისიც კი ვიფიქრე, რომ საძინებელში კარიან მცირე სივრცეს გავაკეთებდი, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოვიდა. რადიატორი იყო ისეთ ადგილას, რომ ფართს შესაბამისად ვერ ჩამოვაჭრიდით, ამიტომაც შევუკვეთე კარადები ჭერამდე, თუმცა ვერ ვწვდები ვერც სკამზე შემდგარი. კიბე მაქვს საყიდელი, ესეც გამახსენდა ახლა (იცინის), თუმცა ეს კარადები უკვე სავსეა და ვერაფერს ვატევ. იმის მიუხედავად, რომ ყოველ სეზონზე მიდის ტანსაცმლის გადახარისხება და გაჩუქება, კარადაში მაინც არ ეტევა. ჩემი გოგონები ნელ-ნელა მემსგავსებიან ამ კუთხით. 13 და 10 წლისანი არიან და ორივემ დაიწყო გაპრანჭვა. მაშო თინეიჯერია და თავისი გემოვნება აქვს, რომელში ჩარევაც ძალიან რთულია. ზუსტად იცის, რა უნდა და რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად იყო ცალკე საშოპინგოდ.

დიდი აივანი – როცა ბინას ვარჩევდი, ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ველოდები თბილ ამინდებს, რომ მეგობრებს ვუმასპინძლო. მინდა, რამდენიმე რბილი სკამი ვიყიდო, რომ კარგი დასაჯდომი ადგილი იყოს.

საყვარელი მცენარეები – მიყვარს მცენარეები, მაგრამ მეზარება და მავიწყდება მოვლა, ამიტომაც, როცა ჩემი მამიდა მოდის და ჩვენთან რჩება, მცენარეების მოვლა და გახარება მისი პრეროგატივაა.

ახალმოსახლეობა – უკვე აღვნიშნე, მაგრამ რამდენიმე მეგობარი მოსასვლელი დარჩა. ფართი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა ერთად დავპატიჟო, მაგრამ მაქვს იდეა, როცა კარგი ამინდები იქნება, ასე ვთქვათ, ფეხზე მდგომი „ფართი“ მოვაწყო და მეგობრებს ღვინითა და ყველით გავუმასპინძლდე…

 

ფოტო: დათუნა აგასი 

ნინო მურღულია
ავტორი

მსგავსი თემები