„თავისუფლად შემიძლია ნებისმიერი ჟურნალისტის მოკვლა, ვინც ჯერ ჩემთან მიდის ინტერვიუზე, მერე კი, თავის ჟურნალში წერს, რომ ისევ შავი სპორტული შარვალი მეცვა და ამოსუნთქვის გარეშე ვაბოლებდი სიგარეტს“, – ამბობს შესანიშნავი ქალბატონი და ახლა უკვე „ოსკაროსანი“ მსახიობი, 60 წლის ფრენსის მაკდორმანდი.

მე სახასიათო მსახიობი ვარ, ჩვეულებრივი, ძალიან თავისუფალი და არასდროს ვცდილობ გადავახტე საკუთარ თავს.

უცნაურია, მაგრამ ფილმის „უბრალოდ სისხლი“ გამოსვლის შემდეგ ყველამ გადაწყვიტა, რომ ტეხასელი ვარ, ფილმის „მისისიპი ცეცხლში“ შემდეგ ჩათვალეს, რომ ბნელი პროვინციალი ვარ მისისიპიდან, „ფარგოს“ შემდეგ კი, ყველამ გადაწყვიტა, რომ ორსული ბრიყვი ქერათმიანი ქალი ვარ მინესოტადან.

როცა „ფარგოში“ შემომთავაზეს მონაწილეობა, დიდხანს ვიყავი უარზე, რადგან ვერ მივხვდი როგორ უნდა მეთამაშა დედის როლი, როცა თვითონ ვიყავი დედა.

თავად ფაქტი, რომ საკუთარ რეჟისორთან ვცხოვრობ, უკვე ძალიან ბევრზე მიუთითებს.

როცა ჯოელ კოენი და მისი ძმა ითანი გავიცანი 24 წლის ვიყავი. ჩემი ტოლი იყო ჯოელიც, ითანი კი, სამი წლით უფროსი. მახსოვს, როცა ოთახში შევედი, დივანზე იჯდნენ, მათ წინ მაგიდაზე კი, ფერფლით და სიგარეტის ნამწვით სავსე საფერფლე იდო. ვიფიქრე, „რა უცნაური ადამიანები არიან, ალბათ საკუთარი თავი ინტელექტუალები ჰგონიათ-მეთქი“.

ვფიქრობ, არ ღირს ზედმეტად სიმპათიური მამაკაცების ნდობა.

ძალიან მომწონს ულვაში, თუმცა ვერ ვიტან ამ თემაზე საუბარს.

კარგად რომ დავთვალოთ, მე უფრო ბევრ ფილმში მითამაშია, ვიდრე ჯოელს გადაუღია და უფრო მეტ რეჟისორთან მიმუშავია, ვიდრე ჯოელს მსახიობთან, თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რამდენიმე წლის წინ კანში ჩავფრინდით მისი ფილმის „სად ხარ, ძმაო?“ პრემიერაზე, წითელ ხალიჩაზე გავიარეთ და ათასობით ფოტოკამერის ობიექტივში მოვხვდით, მეორე დღეს კი, ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდილი ფოტოები ვნახე კომენტარით: „პალმის რტოთი“ დაჯილდოვებული რეჟისორი ჯოელ კოენი და უცნობი ქალი“.

არასდროს აღვიქვამდი საკუთარ თავს კინოვარსკვლავად.

არასდროს მითამაშია ფსიქოპატი მკვლელის როლი, არადა, ყოველთვის ძალიან მინდოდა.

ის ვინც მსახიობის პროფესიის არჩევას აპირებს, კარგად უნდა იცოდეს ორი რამ – რამდენი ფულიც არ უნდა იშოვოს, ერთ დღეს მაინც უმუშვარი დარჩება და  მსახიობს ყოველთვის ყველაზე ნაკლები უფლება აქვს.

უარის თქმას ყოველთვის ძალა და ნებისყოფა სჭირდება.

არ ღირს ენერგიის ფუჭად ხარჯვა და იმედის ქონა, რომ ოდესმე ჰოლივუდს დაამარცხებ.

მიჭირს საკუთარი თაყვანისმცემლის წარმოდგენა, ზუსტად ვიცი, რომ არსებობენ, მაგრამ არ ვიცი ვინ არიან. კარიერის დასაწყისში მეტ-ნაკლებად ვიცოდი ვისთან მქონდა საქმე, რადგან ძირითადად მკაცრი რეჟიმის ციხეში გამომწყვდეული კრიმინალები იყვნენ ჩემი თაყვანისმცემლები, თუმცა ნაკლებად მაღელვებდა, ჯოელი კი, პირიქით გიჟდებოდა მათი წერილების კითხვაზე.

არაა საჭირო კარიერაზე ზრუნვა, ბევრად მნიშვნელოვანია ცხოვრებაზე იზრუნოთ!

არასდროს დაიჯეროთ იმ ადამაინების, ვინც წუწუნებს, რომ 40 წლის შემდეგ სამსახურის შოვნა შეუძლებელია.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი