LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო-მ მეგის ქარდავა საერთაშორისო პროტექციის ქვეშ აიყვანა და უკრაინას მისი ქართული მხარისთვის გადაცემა აეკრძალა – ადვოკატი

184
მეგის ქარდავა

გაერო-მ საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა საერთაშორისო პროტექციის ქვეშ აიყვანა და უკრაინას მისი ქართული მხარისთვის გადაცემა აეკრძალა,- ამის შესახებ მეგის ქარდავას ქართველმა ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მოწმობს იმას, რომ მეგის ქარდავას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

„სამართლებრივად, სანამ ექსტრადიციის საკითხი არ გადაწყდება, საქართველოში სხდომები ვერ ტარდება. რაც შეეხება პროცედურებს, ჩემი შეფასებით, იმდენად თვალსაჩინო არის მის მიმართ პოლიტიკური დევნა, ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფომ გადმოსცეს. ალბათ, სწორედ ეს დაინახა გაერო-მ და ამიტომ შეაჩერა ეს პროცედურა, რომელიც სრულიად უკანონოდ მიმდინარეობდა“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა.

მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ძალაშია გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში და 3 თვის შემდეგ პროცედურები უნდა გაგრძელდეს.

„ამ 3 თვეში საქმეს გაერო-ც შეისწავლის და ალბათ, რაიმე რეკომენდაციას გასცემს“,-განაცხადა ველიჯანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, მეგის ქარდავას უკრაინელმა უფლებადამცველმა, მაქსიმ სიჩენკომ განაცხადა, რომ მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბრძანება ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ ძალაში შედის.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიერ მეგის ქარდავას ექსტრადიცია 11 სისხლის სამართლის საქმეზე მოითხოვა, რასთან დაკავშირებითაც იგი გარკვეულ საქმეებზე დაუსწრებლად არის მსჯავრდადებული, ხოლო დანარჩენი საქმეები შესაბამის სასამართლოებში არსებითად განიხილება.

 

პოპულალურები