LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს პოზიციით, სკოლების დახურვამ საფრთხის ქვეშ დააყენა ბავშვების განათლების უფლება: სახალხო დამცველი გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე საუბრობს

85
FORTUNA.GE-

“ბავშვზე სამზრუნველო დაწესებულებების ხანგრძლივი ვადით დისტანციურ რეჟიმზე დარჩენა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, რომელმაც ხელი არ უნდა შეუშალოს განათლების უფლების ეფექტურ განხორციელებას.” – სახალხო დამცველი ეხმიანება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საბავშვო ბაღების მუშაობისა და თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში დისტანციური სწავლების პროცესის 1 მარტიდან განახლების თაობაზე და ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ იმ სკოლებში, სადაც სწავლის პროცესი მიმდინარეობს ან იგეგმება განახლება, მნიშვნელოვანია არსებული ინფრასტრუქტურა, წყლის მისაწვდომობა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა პასუხობდეს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს.

განცხადებაში ომბუდსმენი სამ ძირითად გამოწვევაზე საუბრობს:

  საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს პოზიციით, სკოლების დახურვამ საფრთხის ქვეშ დააყენა ბავშვების განათლების უფლება. სკოლების გახსნის პროცესში კი, გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები, მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ეფექტური კოორდინაცია.

❗  პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა საქართველოში განათლების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებული გამოწვევები. დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში სრულყოფილად ჩართვას ვერ ახერხებენ ბავშვები, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა.

❗  პანდემიის პირობებში განათლების უფლების უზრუნველყოფის თაობაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. რიგ ქვეყნებში გამოიყო ფინანსური რესურსი მოსწავლეებისთვის საჭირო აღჭურვილობისა და ინტერნეტის უზრუნველსაყოფად. ასევე, სკოლებში, სადაც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, გათვალისწინებულია არსებული რეკომენდაციები, რაც გულისხმობს პირბადის ტარებას, შენობის რეგულარულ დეზინფექციას ასევე სპეციალური სასწავლო გრაფიკის შედგენას მოსწავლეთა ნაკადების შემცირების მიზნით.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს:

საქართველოს მთავრობას:

➤  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საბავშვო ბაღების ხანგრძლივად დახურვის, ასევე მათი გახსნის შესახებ გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაში იყოს დასაბუთებული და ეყრდნობოდეს ინდივიდუალური მიდგომის მეთოდით შეფასებას.  პროცესში შესაბამისი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ინდივიდუალური საჭიროებები, მშობლების, ბავშვებისა და პედაგოგების აზრი და ჩართულობა;

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

➤  უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მზაობა ინფრასტრუქტურული, წყლის მისაწვდომობის, სანიტარიის და ჰიგიენის დაცვის მიმართულებით. ამასთან, მოახდინოს შესაბამისი სადეზინფექციო და პრევენციული საშუალებებით აღჭურვა და მუდმივი განახლება;

➤  სრულად შეაფასოს დისტანციური სწავლების პროცესში ქვეყნის მასშტაბით არსებული ხარვეზები, მათ შორის, ბავშვების ინტერნეტზე, კომპიუტერულ ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის პრობლემები და პროცესის დაგეგმვისას მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული თითოეული ბავშვის საჭიროება;

➤  შეაფასოს სკოლის მიტოვების რისკები, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებში და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები იდენტიფიცირებული გამოწვევების შესაბამისად;

➤  შეაფასოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ეფექტური კოორდინაციით იმსჯელოს მათ გაუმჯობესებაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:

➤  ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეფასდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საჭიროებები, მათ შორის ინფრასტრუქტურული პრობლემები, დაიგეგმოს ღონისძიებები აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით და სრულად განხორციელდეს საბავშვო ბაღების უზრუნველყოფა სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო რესურსით;

➤  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული პრობლემების შესაბამისად, ხელი შეეწყოს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას. თითოეულ სკოლაში, სადაც პრობლემაა წყლის ხელმისაწვდომობა და საპირფარეშოებში არსებული მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, დაიგეგმოს პრობლემის მოგვარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და შესაბამისი სარემონტო სამუშაოები.