LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა” რეკომენდაციებს აქვეყნებს

134
corruption

“2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია”, – ინფორმაციას ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, წარსულში 56 ქულა ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა, რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის კი საქართველო 41-ე ადგილს იკავებს.

“კორუფციის აღქმის ინდექსში” ქვეყნის შედეგის ერთი ქულით ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ ითვლება. საქართველოს შემთხვევაში ქულა 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. რეიტინგში საქართველოს შედეგი, ძირითადად, განპირობებულია წვრილმანი მექრთამეობის დაბალი დონით, თუმცა ამავდროულად კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა.

იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 56 ქულა საშუალო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ნამდვილად უსწრებს ევროპის რამდენიმე ქვეყანას, თუმცა, ამავე დროს, მთელი 10 ქულით ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს (66)”, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

დოკუმენტის ავტორები რეკომენდაციების ნუსხასაც აქვეყნებენ და აღნიშნავენ, რომ რეიტინგის გასაუმჯობელესებლად ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 12 პრიორიტეტის შესრულება საუკეთესო გზაა.

“2023 წელი 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული თითოეული რეფორმის ზედმიწევნით შესასრულებლად უნდა გამოიყენოს. აუცილებელია:

  • დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება;
  • გაძლიერდეს საზედამხედველო ინსტიტუციები, პირველ რიგში კი პარლამენტის როლი;
  • საშუალება მიეცეს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უსაფრთხო გარემოში, თავისუფლად შეასრულონ მათი საზედამხედველო ფუნქცია;
  • განვითარდეს კრიტიკული მედია და საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ხელი შეეწყოს არასამთავრობო სექტორს, ანტიკორუფციულ ორგანიზაციებს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.