LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში არავაქცინირებული პირების ტესტირება სავალდებულო ხდება

100
1

“გერმანიის მოქალაქეები აღარ უნდა ელოდონ სახელმწიფოს, რომ ის დაფარავს კოვიდტესტების ხარჯებს მას შემდეგ, რაც ვაქცინა ყველას შესთავაზეს,” – განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 11 ოქტომბრიდან, ვირუსზე ტესტირება უფასო იქნება მხოლოდ მათთვის, ვინც ვერ იცრება ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ან ვისთვისაც არ არსებობს ვაქცინაციის ზოგადი რეკომენდაცია, მაგალითად, 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. 

ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იმ შემუშავებული სტრატეგიიდან, რომელსაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ქვეყნის 16 ფედერალური შტატის ლიდერმა ხელი გუშინ მოაწერა.

სტრატეგიულ დოკუმენტში იმ ბერკეტებზეა საუბარი, რომლის დახმარებითაც გერმანია პანდემიას უნდა გაუმკლავდეს, რადგან ქვეყანა შემოდგომის რთულ თვეებს უახლოვდება. სტრატეგიის ძირითადი მიზანია, თავიდან ავიცილოთ პოტენციური მეოთხე ტალღა, და შესაბამისად, თავიდან ავიცილოთ მკაცრი ჩაკეტვა. ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაზრდელად, ლიდერებს ასევე სურთ, დამატებითი ზეწოლა მოახდინონ ადამიანებზე, რათა იმუნიზაციის პროცესში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს.” – წერს გერმანული მედიასაშუალებები.

სწორედ ამიტომ, 11 ოქტომბრიდან სახელმწიფო შეწყვეტს ტესტირების დაფინანსებას, რათა მეტი ადამიანი წაახალისოს ვაქცინაციისთვის, არავაქცინირებულ ადამიანებს კი კვლავ მოეთხოვებათ ტესტების ჩატარება.

“გერმანია ასევე გამოიყენებს სხვა საშუალებებს, რათა ყოველდღიური ცხოვრება უფრო მოუხერხებელი გახადოს არავაქცინირებული ადამიანებისთვის, ეგრეთ წოდებული “3G წესის” შემოღებით.” – წერს მედია სტრატეგიულ დოკუმენტზე დაყრდნობით.

ეს კი ნიშნავს, რომ 23 აგვისტოდან, მხოლოდ აცრილი, გამოჯანმრთელებული ან ტესტირებული ადამიანი შეძლებს ისარგებლოს უფლებით, შევიდეს ამა თუ იმ დაწესებულებაში, ეს იქნება დახურული სპორტული ობიექტები, სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები, დახურული ადგილები რესტორნებში, კინოთეატრებსა და თეატრებში, ახლო კონტაქტის სერვისები, როგორიცაა სილამაზის სალონები და სასტუმროში განთავსება.

არავაქცინირებული ადამიანებისთვის ეს ნიშნავს, რომ სავალდებულოა რეგულარული ტესტირება საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად.

“მათ, ვინც არ არის აცრილი, რეგულარულად უნდა გაიარონ ტესტირება, თუ ისინი შეხვდებიან სხვა ადამიანებს დახურულ დაწესებულებებში.” – აღნიშნულია შემუშავებული სტრატეგიის ტექსტში.

ტესტი უნდა იყოს სწრაფი – “ანტიგენის” შემთხვევაში არაუმეტეს 24 საათისა, “პისიარის” შემთხვევაში კი არაუმეტეს 48 საათისა.

10 აგვისტოს შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით, გერმანიაში უახლოეს მომავალში ასევე მოიხსნება მკაცრი ჰიგიენური შეზღუდვები იმ ადამიანებისთვის, ვინც კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებულია, თუმცა ნიღბის ტარების ვალდებულება კვლავ ძალაში დარჩება გარკვეულ ადგილებში, მაგალითად, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

კანცლერმა, ანგელა მერკელმა თქვა, რომ გერმანიას მეტი ადამიანის წახალისება სჭირდება გაიკეთოს ვაქცინა, რადგან ის უზრუნველყოფს ველას დაცვას.

მერკელის განცხადებით, გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების მზარდი რიცხვი სრულად შეიძლება მიეკუთვნებოდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინა ჯერ არ აქვთ გაკეთებული.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებელი უახლოეს პერიოდში 70-80 %-ს მიაღწევს.

magti 5g