„მინდა, დღეს აღვნიშნო, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს, ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ყოფილმა მთავარსარდალმა ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა“.
„მინდა, პირველ რიგში ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო კიდევ ერთხელ ჩვენს დაღუპულ გმირებს, მათ ოჯახებს, ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე, მათ ოჯახებს მინდა, კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ღრმა სამძიმარი, ჩვენი გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს, ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს.
150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი იქნა ოკუპირებული, დამატებით დავკარგეთ ამდენი სოფელი, კოდორის ხეობა. ამ ომმა მოიტანა უკანონო ოკუპაცია და ასევე ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, ე.წ. აღიარება, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მინდა, დღეს აღვნიშნო, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს, ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი.
ვიცი, რა ეს ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და მომავალ თაობას.
მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი, გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გახსოვთ, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული, ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა.
მთელმა საზოგადოებამ ნახა და არამხოლოდ ჩვენ, მთელმა მსოფლიომ, საუბედუროდ“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა.
რუსეთის მიერ, 14 წლის წინ დაწყებულ აგრესიას საქართველოში 170 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 23 ოფიცერი, 136 კაპრალ/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.
დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე. გარდაიცვალა 14 პოლიციელი. დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა. დღემდე დევნილის სტატუსის მატარებელია 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებული აღმოჩნდა 5 ხეობა და 125 სოფელი – უამრავი განადგურდა – თამარაშენი, სვერი, ქემერტი, ქურთა, ხეითი, კეხვი, ძარწემი, ზემო და ქვემო აჩაბეთი, ერედვი, ბერულა, არგვიცი, დისევი, ფრისი.
2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო და მიუხედავად იმისა, რომ 8 ოქტომბერს, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან გასვლა დაასრულა, რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები დარჩა მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა. დღეს ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 %.