პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის, ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს უკრაინის იმ მოქალაქეებს რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.
ამის შესახებ პრემიერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად დგამს:
“კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა და მოვუწოდო საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყველაფერი გააკეთონ, იმისთვის, რომ უკრაინაში ეს საომარი მოქმედებები შეჩერდეს.
რაც შეეხება ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს – ჩემი დავალებით, გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრი ჩართული იყო ეუთოს მინისტერიალში, ჩვენ იქაც გამოვხატეთ სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
ჩემი დავალებით, უკრაინის ელჩს საქართველოში გადავეცით გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.
ასევე ევროსაბჭოშიც სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვხატეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიმართ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.