პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, რადგან მათთვის მნიშვნელოვანი არა „ვიღაც ბრძნული ევროპარლამენტარების რჩევებია“, არამედ ხალხის ნება და კანონის უზენაესობა, რომელიც უნდა აღსრულდეს.
ღარიბაშვილმა ეს განცხადება ევროპარლამენტარების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ხელი მოაწერეს.
„მინდა ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, რომ მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და ბრძნულ რჩევებს გვაძლევს. ერთ რამეს ვეტყვი ყველას – მე არ მინახავს, მაგრამ მომიყვნენ, რომ ამ სიაში ბევრი ქართული გვარი აღმოვაჩინეთ.
ქართველები ევროპარლამენტარები მე არ ვიცი, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ – კანონის და სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს და უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხი რას იტყვის.
სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა, მას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.