LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი კალანდაძე – ყველა სამართლებრივ საშუალებას მივმართავ, რათა საზოგადოება დავარწმუნო, რომ მთავრობა ასრულებს რუსეთის დავალებებს

114

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

კალანდაძის თქმით, საკუთარი სიმართლის დასადგენას ყველანაირ სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს.
“დღევანდელი მონაცემებით, ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალდებაში არის ერთადერთი მოწმე, რომელსაც ჰქონდა მისჯილი 8-წლიანი პატიმრობა. იმისთვის, რომ ამ მოწმეს ჩემს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, გაათავისუფლეს. ყველანაირ სამართლებრივ საშუალებას მივმართავ, რათა საზოგადოება კიდევ ერთხელ დავარწმუნო, რომ დღევანდელი მთავრობა ასრულებს რუსეთის დავალებებს და მთავრობაში არიან რუსეთის წარმომადგენლები”, – განუცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” გიგი კალანდაძემ, რომელიც საქართველოში არ იმყოფება.

მოქალაქე ელბერტ კობერიძის წამებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე ბრალდებულები არიან გიგი კალანდაძე, შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. კალანდაძეს და სამუშიას სასამართლომ გუშინ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დანარჩენი ბრალდებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების არცერთი სახე არ გამოიყენა. კალანდაძის და სამუშიას ადვოკატები აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მოქალაქე ელბერტ კობერიძე სამხედრო პოლიციის შენობაში სასტიკად აწამეს. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები კობერიძისგან ამ დროისთვის დაუდგენელი მიზნით, არარსებული ტერორისტული აქტის აღიარებას მოითხოვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g