LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე: „რა იწვევს თვალების ჩაშავებას და როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას სახლის პირობებში“

594
page

რა იწვევს თვალების გარშემო სიშავეების გაჩენას და როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას სახლის პირობებში? საინტერესო კითხვებს „ფეისბუქ-ლაივის“ საშუალებით ექიმი გიორგი ღოღობერიძე პასუხობს.

„დღეს ისეთ აქტუალურ პრობლემაზე ვისაუბრებთ, როგორიც თვალების ჩაშავებაა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. მაინც რა იწვევს თვალების გარშემო სიშავეების გაჩენას? მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს.

თვალების გარშემო მდებარე არეალს პერიორბიტული მიდამო ეწოდება, რომელიც ძალიან ცვალებადი და მგრძნობიარეა. ამ მიდამოში კანი განსაკუთრებით ნაზია, გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით კი ის ფერმკრთალდება და კანის ქვეშ არსებული ვენური ქსელი ხილული ხდება. შედეგად პერიორბიტული მიდამო მუქ ფერს იღებს.

დაღლილობა და უძილობა – ეს ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როცა ძალიან დაღლილი და უძილო ხართ, კანი მალე იცვლის ფერს, მით უმეტეს თვალის გარშემო. თუ სიშავე დაღლილობით და უძილობითაა გამოწვეული, ეს მოგვარდება გამოძინებით და სითხეების საკმაო რაოდენობით მიღებით.

მედიკამენტები –  უფრო კონკრეტულად მედიკამენტების ჯგუფი, ვაზოდილატატორები, რომლებიც ვენების გაფართოებას იწვევს.

ანემია – საკმაოდ გავრცელებული მიზეზია. ის განსაკუთრებით ხშირია ორსულებში და ქალბატონებში, ვისაც მენსტრუაცია გამოხატული აქვს. თუ ქალი მენსტრუაციის დროს ბევრ სისხლს კარგავს, ამას შეუძლია რკინადეფიციტური ანემია გამოიწვიოს.

რკინის ნაკლებობისას ქსოვილები უჟანგბადო გარემოში ხვდება, რაც კანის გაფერმკრთალებას და ვენების მოშავო-მოლურჯოდ შეფერვას იწვევს.

ასაკი – ასაკთან ერთად კანი თხელდება და ვენები გამოჩნდება.

ამილოიდოზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქსოვილში განსაკუთრებული ცილის, ამილოიდი დაგროვება, რომელიც ორგანიზმში ნორმალური მდგომარეობისას არ არის.

მზე – როცა თვალებს მზე ეცემა, ამ მიდამოში ბევრი პიგმენტი წარმოიქმნება. ჰიპერპიგმენტაცია ბუნებრივია მიდამოს ჩამუქებას იწვევს.

გენეტიკა  –  ზოგი ადამიანი თვალების გარშემო ჩაშავებისაკენ გენეტიკურადაა მიდრეკილი.

ალერგიები – ზოგიერთი ალერგიული რეაქციის, ეგზემის ან ასთმის დროს პერიორბიტული მიდამოს ქსოვილები შუპდება, მათი ჩაცხრობის მერე კი ვენები კარგად ჩანს.

გაციება – სურდოს დროს  ცხვირის ღრუს ვენები შუპდება, რაც მათში სისხლის დაგუბებას და თვალებიდან სისხლის გადინების გაძნელებას იწვევს. შედეგად, თვალბუდეები შავდება.

როგორც წესი, თვალების გარშემო სიშავეს სხვადასხვა გზებით ებრძვიან. თუ ის დაავადებით არ არის გამოწვეული, მის საწინააღმდეგოდ ჰიალურონის მჟავის შემცველ ფილერებს იყენებენ, ასევე მალამოების, რომლებიც ალფა-მჟავებს შეიცავს. პრობლემასთან საბრძოლველად გამოიყენება მცირედოზიანი ლაზერიც, თუმცა ბუნებრივია ამისათვის სპეციალისტს უნდა მიმართოთ.

თუ თქვენი პრობლემა არ არის გენეტიკური ფაქტორით ან დაავადებით გამოწვეული, თვალების გარშემო სიშავეებთან ბრძოლა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. რა უნდა გააკეთოთ ამისათვის?

იძინეთ საკმარისი რაოდენობით.

მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხეები.

მიიღეთ კოფეინი – რომელიც ვენების შემავიწროებელია.

მიიღეთ ვიტამინი C – რომელიც კანის ერთ-ერთ ფენას, დერმას ასქელებს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პერიორბიტული მიდამოს ვენები სათანადოდ იქნება დაფარული კანის მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები