LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე: რომელ სერიოზულ დაავადებაზე შეიძლება მიანიშნებდეს სისხლჩაქცევები

514
190781129-1735443639952350-7291410187667011710-n

რატომ ჩნდება კანზე სისხლჩაქცევები ადვილად, რომელ სიმპტომებთან კომბინაციაში უნდა მივაქციოთ მათ განსაკუთრებული ყურადღება და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? საინტერესო საკითხებზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

„დღეს კიდევ ერთ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, კერძოდ კი კანზე გაჩენილ ლაქებსა და სისხლჩაქცევებზე. როგორც წესი, ქალებს კანზე სისხლჩაქცევები გაცილებით იოლად უჩნდებათ და როგორც წესი, ეს ტრავმების შედეგია, თუმცა მათ შეიძლება სხვა გამომწვევი მიზეზიც ჰქონდეთ. თუმცა იმ სამ პაციენტ ქალბატონს, რომელმაც მე მომმართა, სხეულზე ძალიან ადვილად გაჩენილი სისხლჩაქცევების გარდა კიდევ ერთი საერთო პრობლემა ჰქონდა – მათ არ ჰქონდათ მენსტრუაცია.

როდესაც ქალს სისხლჩაქცევების განვითარებასთან ერთად ციკლი აქვს დარღვეული, აქ უკვე სერიოზულ პრობლემაზე უნდა ვიფიქროთ. თუ ქალს ადრე ჰქონდა მენსტრუაცია, მაგრამ ახლა აღარ აქვს, ეს არის მეორეული ამენორეა.

როგორც წესი, როდესაც მენსტრუაცია წყდება, პირველი, რაც უნდა გამოირიცხოს, ორსულობაა. ამიტომ პირველ რიგში, ქალბატონი ორსულობის ტესტს იკეთებს. თუ ორსულობა არ აღმოჩნდა მიზეზი, შემდეგ უკვე უნდა გამოვრიცხოთ საკვერცხეების პოლიკისტოზი, რომელიც საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მისი დიაგნოსტიკაც არ არის ძნელი. ამ დროს საჭიროა საკვერცხეების ულტრაბგერითი კვლევა, ასევე FSH და LH ჰორმონების ანალიზები.

თუ მიზეზი არც პოლიკისტოზია, შემდეგ უკვე უნდა ვიფიქროთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე და შევამოწმოთ, როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი. უნდა განისაზღვროს TSH ჰორმონის დონე. ბოლოს უნდა გაკეთდეს პროლაქტინის ანალიზი.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ხსენებულ სამ ქალბატონს ყველა ეს კვლევა ჰქონდა ჩატარებული, დიაგნოზი მაინც არ იყო ცნობილი. და მაინც, სხვა რა  მიზეზი შეიძლება იყოს ამ ყველაფრის გამომწვევი?

სამწუხაროდ, ეს შეიძლება იყოს სიმსივნე. არსებობს დაავადება – კუშინგის სინდრომი, რომლითაც შეიძლება ეს სიმპტომები აიხსნას.

კუშინგის სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდების ინექციებმა. თუმცა ეს პაციენტები არ იკეთებდნენ ამ ინექციებს.

კუშინგის სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნემ. შეიძლება გამომწვევი იყოს გულ-მკერდის ღრუში არსებული სიმსივნე, მაგალითად ფილტვის სიმსივნე. აღნიშნული სიმსივნეების დროს ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით გამოყოფა ჰორმონი კორტიზოლი, რომლის რეგულირებაც ვეღარ ხდება და თავის ტვინი საკვერცხეებს ვეღარ „აიძულებს“, რომ მათ მენსტრუალური ციკლი გააგრძელონ. სწორედ ეს იწვევს ციკლის შეწყვეტას. ბევრი კორტიზოლი კოლაგენსაც აზიანებს, რაც იწვევს სისხლჩაქცევებს.

თუ სხეულზე სისხლჩაქცევები ადვილად გიჩნდებათ და გაქვთ ციკლის დარღვევა ან შეწყვეტა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და მიიტანეთ ეჭვი კუშინგის სინდრომზე. ეს დიაგნოზი წლების განმავლობაში რჩება ხოლმე შეუმჩნეველი, არადა რაც მალე აღმოვაჩენთ მას, მით ადვილია მასთან ბრძოლა.

კუშინგის სინდრომს ამ ორი სიმპტომის გარდა სხვა სიმპტომებიც აქვს, მაგალითად ეს შეიძლება იყოს:

მაღალი წნევა;

თავის ტკივილი;

ცხიმიანი კანი და აკნე;

თმიანობა კანზე;

სიმსუქნე.

როგორ ხდება კუშინგის სინდრომის დიაგნოსტიკა? ეს მარტივია – საჭიროა განისაზღვროს კორტიზოლის ოდენობა ნერწყვსა და შარდში, შემდეგ კი დექსამეტაზონით სუპრესიის ტესტი, რომელიც გვეხმარება იმის დადგენაში, თუ სად მდებარეობს სიმსივნე.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები