LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებაზე, ივანიშვილზე, ციხეზე… ექსკლუზიური ინტერვიუ

785
48398643-1119386214896317-6329232698384580608-o

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური გააქტიურება დაანონსა.
გავრცელებული ინფორმაციით, მის გუნდში შესაძლოა, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ვიხილოთ.
„ფორტუნასთან“ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილი განმარტავს, რატომ გადაწყვიტა წყნარი ცხოვრება კვლავ პოლიტიკაზე გაეცვალა.

 

ბატონო გიორგი, მშვიდი და წყნარი ცხოვრება კვლავ პოლიტიკაზე რატომ გაცვალეთ?

ჩემთვის, ის, რაც შარშან ზაფხულში თბილისში მოხდა, წარმოუდგენელი და შემაშფოთებელი იყო. მაგრამ სულ მქონდა იმედი, რომ რაღაც მომენტში მმართველი გუნდი შეძლებდა საკუთარი თავის ხელში აყვანას და სიტუაციის დაბალანსებას. ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი მიუხედავად იმისა, რომ მოხდა ამაზრზენი დარბევა. მერე ამ დარბევის ავტორი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. მერე მოხდა პროპორციული არჩევნების თაობაზე დაპირების სრულიად თაღლითურად და სამარცხვინოდ უკან წაღება. მაინც მქონდა იმედი, რომ პოლიტიკური გზის გააზრება მოხდებოდა. მეგონა, იტყოდნენ, შეცდომები დავუშვით და მოდი, შევაჩეროთ ეს პროცესიო. თუმცა, დავინახე რეალობის აღქმის სრული უუნარობა, აგრესიული, ძალადობაზე ორიენტირებული, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საწინააღმდეგო და პარტნიორებისთვის კარებზე მითითების პოლიტიკა. ასეთი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როდესაც პარტნიორებს ვეუბნებით, ასეულობით მილიონები დაგვახარჯეთ, რუსეთისგან დაცვის გარანტია ხართ, მაგრამ თქვენ არ გვედარდებითო, არ გვქონია. შესაბამისად ახლა შინ დარჩენა ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ დამოუკიდებლობის მთელ 30-წლიან ისტორიაზე და ვთქვათ, რომ ჩვენ ახლა უარს ვამბობთ მომავალზე და ვაპირებთ, რომ სულ სხვა გზით განვავითაროთ ქვეყანა. ამის თქმა ძალიან რთულია საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და საზოგადოებისთვის. ესაა ის მოტივაცია, რომელმაც მე მაიძულა პოლიტიკაში დაბრუნებაზე მეფიქრა.

 

ასეთ ბიძინას არ ვიცნობ

თქვენ ამ გუნდის წევრი იყავით და ყველაზე კარგად ალბათ თქვენ იცით, რა ხდება ზოგადად „ოცნებაში“. ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომელიც წინასაარჩევნოდ ხმებს დააკარგვინებთ. სულ უფრო ბევრი ადამიანია იმედგაცრუებული. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი დაბნეულია? თქვენ ამ კითხვაზე ზუსტად გექნებათ პასუხი.

სამწუხაროდ ამ კითხვაზე ზუსტად პასუხი არ მექნება, გამომდინარე იქიდან, რომ ვისაც მე ვიცნობდი „ქართულ ოცნებაში“ (არ ვამბობ კარგები იყვნენ, თუ ცუდები), აღარავინ აღარ არის. „ქართულ ოცნებაში“ არიან ან ყოფილი დაბალჩინოსნები, რომლებიც მოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“, ან ყოფილი დაბალჩინოსნები „ქართუდან“. არც ერთი მათთგანი პოლიტიკოსი არ ყოფილა. არც ვიცნობ მათ, პრინციპში მათ არც მე ვიცნობ და არც საზოგადოება.

სამაგიეროდ თქვენ ხომ იცნობთ ბიძინა ივანიშვილს…

მე როგორ ბიძინასაც ვიცნობდი, შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ის ადამიანი იმას არ გააკეთებდა, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. ის ბიძინა ავტორიტარიზმს არ ააშენებდა და მოქალაქეებს არ ეტყოდა, საქართველო დატოვეთ, სხვაგან იპოვეთ სამსახურიო და ყველა, ვინც არ მომწონხართ, ციხეში ჩაგსვამთო. ჩვენ ერთად ვსაუბრობდით ხოლმე ახალი სამუშაო ადგილები როგორ შეგვექმნა და ემიგრანტები როგორ დაგვებრუნებინა, როგორ მოგვეზიდა საქართველოში ინვესტიციები. სიმართლე გითხრათ, თქვენ რომ კითხვას მისვამთ, აღარც ბიძინას ვიცნობ და არც ვიცი, რას ფიქრობს.

 

 

ვისთან ერთად იქნება ყოფილი პრეზიდენტი

თქვით, რომ პოლიტიკურად გააქტიურდებოდით. დაასახელეთ გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი ალასანია, ვისთანაც მოლაპარაკებებს დაიწყებდით. შეგიძლიათ უკვე დანამდვილებით თქვათ, რომ მათ თქვენს გუნდში ვიხილავთ?

ჯერჯერობით მოლაპარაკებები ჩემი გუნდის გარდა არავისთან დამიწყია. ეს ის გუნდია, ვისთან ერთადაც საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ვიყავი.

თქვენი გუნდის ყოფილი წევრი, ფიქრია ჩიხრაძე „ლელოს“ წევრია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენც „ლელოს“ შეუერთდებით?

ჯერჯერობით ჩემ გუნდთან ერთად გავდივარ კონსულტაციებს, მიმდინარე პროცესებში როგორ შეიძლება სასარგებლო ვიყო. ამ ყველაფერს ჯერ ერთად გავივლით და მერე დაველაპარაკები ოპოზიციონერებს. ჩემთვის ამ ადამიანების რჩევა გადამწყვეტი იყო, როდესაც ვახორციელებდი საპრეზიდენტო უფლებამოსილებას. მთავარი მიზანია, რომ საქართველო ჩრდილოეთისკენ არ იყოს მიდრეკილი.

თქვენ როგორ ფიქრობთ, „ლელო საქართველოსთვის“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელთან ერთადაც არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას?

კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების განხილვა ჯერ ადრეა. ერთი, რაც მინდა გითხრათ, პოლიტიკურ ჯგუფებთან მიმართებაში, არის ის, რომ ის მრგვალი მაგიდა, რომელიც 2 თვეა მუშაობს ძალიან რთულ და დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური მრწამსის პოლიტიკოსები ახერხებენ დემოკრატიული დღის წესრიგის შექმნას, მიმაჩნია პოლიტიკურ ლოკომოტივად არსებული პრობლემების დასაძლევად. რაც არ უნდა გავაკეთო, ამ მრგვალი მაგიდის საპირისპიროდ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებ. პირიქით, მათი გაძლიერება მინდა.

 

ციხე ქართული ურჩევნია

ბევრს საუბრობენ, რომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაჭერის შემდეგ დაჭერების სერია გაგრძელდება. თქვენი აზრით, ვინ იქნება შემდეგი?

(იცინის) პრობლემურ თემებს მირჩევნია იუმორით შევხედო ხოლმე. იუმორი ყოველთვის აადვილებს სიტუაციის გააზრებას და ობიექტურს გხდის. თქვენ ახლა წარმოუდგენელ რამეს მეკითხებით, მე ადამიანს, რომელსაც 2012 წლამდე „ოცნების“ გასაყვანად ვიბრძოდი. ქვეყანაში ყველა პოლიტიკოსზე საქმეა აღძრული, ეს ვიცით არა მარტო ქართველებმა, არამედ ამას ძალიან მკვეთრად გვიფიქსირებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ჟურნალისტი მეკითხება, შემდეგს ვის დაიჭერენ? რა თქმა უნდა, თქვენი კითხვა არის ადეკვატური. არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღშფოთება. თუნდაც 2018 წელს, როდესაც მე საპრეზიდენტო უფლებამოსილებას ვამთავრებდი, ეს რომ გეკითხათ, სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს რეალობა 2019 წლის ზაფხულიდან დადგა. ვერ გეტყვით, არ ვიცი, „ოცნების“ თავში რა მოიხარშება, მაგრამ თქვენი კითხვა უკვე არის განაჩენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნებისთვის“.

პრეზიდენტობის დროს უცხოეთში თქვენი ერთ-ერთი ვიზიტის შემდეგ წერდნენ, რომ ბიუჯეტში ფინანსური გარღვვევა იყო. გამორიცხავთ, რომ დასაჭერ „კანდიდატთა“ შორის თქვენც იყოთ?

ჩემზე ასეთი გონებამახვილური იდეა არაერთ პოლიტიკოსს მოსვლია თავში. მუდმივად ვამბობდი, თუ ბედავთ ნაბიჯის გადადგმას, მიდით და გადადგით. ამას ვამბობდი, როდესაც გაიძახოდნენ, რომ უნდა დამეცალა საპრეზიდენტო რეზიდენცია. ვეუბნებოდი, მოდი, რატომ ვერ დგამთ ამ ნაბიჯს. იგივეს ვამბობდი, როდესაც აბსოლუტურად ბინძური კამპანია ააგორეს, თითქოს მე შევიწყალე კრიმინალები. ვამბობდი, თუ პროკურატურას ვერ აკონტროლებთ, პარლამენტიდან დაიწყეთ ჩემი იმპიჩმენტი-მეთქი. სიმართლე გითხრათ, არც მაშინ მაღელვებდა ეს დისკუსია და არც ახლა მაღელვებს.

გიფიქრიათ, გაგიჭირდებოდათ თუ არა ქართულ ციხეში?

(იცინის) არ მიფიქრია ამის თაობაზე. იმდენად მირჩევნია ყველაფერი ქართული და იმდენი კამპანია მქონდა, „იყიდეთ ქართული“ და „შეიძინე ქართული“, რომ ახლა ძალიან არაპატრიოტული იქნებოდა, მეთქვა, ქართულ ციხეში გამიჭირდება-მეთქი. არაკორექტულ განცხადებას, რომ ქართულ ციხეს რომელიმე სხვა ქვეყნის ციხე სჯობს, ნამდვილად ვერ გამაკეთებინებთ.

თქვენსა და „ოცნებას“ შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც პრეზიდენტის სასახლეში დარჩით და ორბელიანის სასახლეზე უარი თქვით. არ გინანიათ ეს გადაწყვეტილება?

ჩემი სასახლეში გადასვლა იყო არა შედეგი, არამედ მიზეზი, რომელიც მანამდე დავინახე. მე სასახლეში მარტში გადავედი და ჩემი და პარტიის ლიდერის ურთიერთობა იანვარში დამთავრდა. მაშინ „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ილექსებოდა. არც ერთი მათგანის გამოსვლა არ გამიგია, როდესაც დღეს ორ სასახლეს აფინანსებს სახელმწიფო. გაგიგიათ ვინმეს ეთქვას, ამ კაცს ერთი შენობა ჰქონდა დაკავებული და დღეს ორი პრეზიდენტის სასახლე არის თბილისშიო. ავლაბრის რეზიდენციაც ფუნქციონირებს და ორბელიანის სასახლეც. ასე რომ, ჩემს მაშინდელ გადაწყვეტილებას სასახლეში შესვლასთან დაკავშირებით ჩემს სიჯიუტეს სულ ტყუილად აწერენ.

მერი კობიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები