LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა – ბრალდებულები მხოლოდ ოსური მხარიდან არიან

224
აგვისტოს ომი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა. ამის თაობაზე საქმის პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა.

გავრცელებული განცხადების თანახმად, პროკურორის ოფისმა, საქართველოს სიტუაციის გამოძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი ადამიანურობისა და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით,  2016 წლის 27 იანვარს დაიწყო, რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იქნა ჩადენილი.

ამავე განცხადების მიხედვით, პროკურორის ოფისი ამბობს, რომ ამას წინ უძღოდა 2008 წლის 14 აგვისტოს დაწყებული წინასწარი გამოძიების დასრულება.

  • გამოძიების დაწყების დღიდან კი ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა.
  • პროკურორის ოფისი აცხადებს, რომ იგი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად ახორციელებდა.  თანამშრომლობდა დაზარალებულებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.

გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია:

  1. გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრი 2005-2008 წლებში.]
  2. გამლეტ გუჩმაზოვი [აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი]
  3. დავით სანაკოევი [სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.]

გავრცელებულ განცხადებაში აგვისტოს ომის პროკურორი ამბობს, რომ მის მიერ წარდგენილი ბრალდებები, რომელთა მიმართებითაც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და, შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას.

კარიმ ხანის განცხადებით, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა.

პროკურორის თანახმად, აღნიშნული ეჭვმიტანილები არიან მათ შორის, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვის ზემოხსენებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში.

„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა“, — აცხადებს პროკურორი და დასძენს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ  საქართველოს ხელისუფლებას უკვე აცნობა.

პროკურორი ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება პროკურორის ოფისის ეფექტური სტრატეგიის ფორმულირებისა და განხორციელების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

„თანამდებობის დაკავებისთანავე ცალსახად განვაცხადე: არ მსურს გავაგრძელო დაზარალებულთათვის და მსხვერპლთა ოჯახებისთვის გადაჭარბებული დაპირებების მიცემა და შემდეგ მათი ვერ შესრულება.

რეალური შედეგების მისაღწევად, ჩვენ ზედმიწევნით უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ შეიძლება რესურსების ყველაზე ეფექტიანად გამოყენება იმგვარად, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს მათთვის, ვინც მთელ მსოფლიოში ჩვენს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებით დაზარალდა.

სიტუაციური დაგეგმვისა და მასთან დაკავშირებული დასრულების სტრატეგიების შემუშავების საჭიროება ასევე ასახავს იმ მზარდ, სამართლიან მოლოდინს, რომ სასამართლო გამოძებნის გზებს და საშუალებებს, რათა რეალურად იმუშაოს რამდენიმე სიტუაციაზე შეზღუდული რესურსების პირობებში“, — ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.

კარიმ ხანის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება სიტუაციის დასრულების თაობაზე, მხოლოდ საქართველოს სიტუაციას არ ეხება და მას მოჰყვება სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ამჟამად გამოძიების სტადიაში მყოფ სხვადასხვა სიტუაციებს შეეხება, მათ შორის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპის დასრულება.

„თუმცა, ჩვენი მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. ჩემი ოფისი გააგრძელებს ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების პასუხისგებაში მისაცემად.

ამ მუშაობამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მნიშვნელოვანი გააქტიურება გამოიწვია ჩვენს ოფისში საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ვცდილობთ, წინასწარ მოვემზადოთ სასამართლო განხილვისთვის და უზრუნველვყოთ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვა.

მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფლის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც.

აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავის მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს“, – აცხადებს პროკურორი.

კარიმ ხანი მიიჩნევს, რომ რესურსების ეფექტიანი მართვის გარდა, დასრულების სტრატეგიების განხორციელება, შესაძლოა, თანამშრომლობისა და კომპლემენტარობის საბაზისო პრინციპების ნათელ გამოხატულებად იქცეს და ხელი შეუწყოს ახალი საქმეების წარმოებას რომლებიც, ერთობლივი მუშაობის წყალობით, შესაძლოა ადგილობრივ სასამართლოებამდეც მივიდეს.

„უკვე ვაცნობე საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს, რომ ჩემი ოფისი მზადაა, გააგრძელოს კომპლემენტარობის პრინციპისადმი დინამიკური მიდგომის კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნის გზების ძიება თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმებისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით.

გაძლიერებული თანამშრომლობა გულისხმობს ჩემი ოფისის მიერ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისთვის მტკიცებულებების გაზიარებასა და ცოდნის გადაცემის ხელშეწყობას, ტექნიკური და სასამართლო ექსპერტიზის გამოყენების კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ბრალდების სტრატეგიის, ინფორმაციის მართვისა და მოწმეთა დაცვის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას“, – ნათქვამია კარიმ ხანის განცხადებაში.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ამბობს, რომ გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთანაც.

ამ მიზნით, მისი ოფისი დაუკავშირდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, რათა მათთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა იმ გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის დასრულებას ეხება, ასევე, გაეცნო საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით მათი ამჟამინდელი საქმიანობა და მტკიცე განზრახვა მიმდინარე საქმეების სასამართლო განხილვამდე მიყვანასთან დაკავშირებით.

„კომპლემენტარობის პრინციპი და თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და წევრი სახელმწიფოები იმუშავებენ ერთად, რათა ერთობლივად იტვირთონ პასუხისმგებლობის ის მძიმე ტვირთი, რომელიც რომის სტატუტით არის განსაზღვრული და რომელსაც დაზარალებულნი მოითხოვენ.

ჩემი ოფისი მზადაა, გააგრძელოს მუშაობა და თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან, დაზარალებულებთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან არსებული ამოცანების გადასაჭრელად.“– ვკითხულობთ აგვისტოს ომის საქმის პროკურორის, კარიმ ხანის გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g