„არავის გაუკვირდეს, რომ რესპირატორული დაავადებები მომატებულია…“
თბილისის მოსახლეობა დაბინძურებული ჰაერისა და გამონაბოლქვის გამო ძალიან არის შეწუხებული. სოციალურ ქსელებში ხშირად ჩივიან, რომ საცობებით გადატვირთული ქუჩის მცხოვრებლები ფანჯრების გაღებას ვერ ახერხებენ. ამას ყველა ის ადამიანიც გრძნობს, ვინც მანქანით რამდენიმე წუთის განმავლობაში საცობში მდგარა.
აშკარაა, რომ გარკვეული მკაცრი ზომებია ამ მხრივ გასატარებელი. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ იმ წერტილებში, სადაც მათ აქვთ დამონტაჟებული სადგურები, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ნორმას ისე არ აჭარბებს, რომ ეს ადამიანებისთვის საშიში იყოს. ექსპერტი ნინო ჩხობაძე კი ამბობს, რომ მონიტორინგი არ წარმოებს ცხელ წერტილებში, სადად ყველაზე დიდი მოძრაობაა და იქ კატასტროფული ვითარებაა.
გვესაუბრება მარინა არაბიძე, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი:
საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგს აწარმოებს ხუთ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზესტაფონში. ჩვენ, გარდა ამისა, დავიწყეთ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები, რაც გულისხმობს ინდიკატორების 9 ქალაქში, 58 წერტილში განთავსებას, მიღებული მასალა დიდ ბრიტანეთში გაიგზავნება და მივიღებთ პასუხებს. ეს მოსახლეობისთვის საინტერესო იქნება, რადგან ამ პასუხებს რუკებზე გადავიტანთ.
ქალბატონო მარინა, რა აბინძურებს საქართველოში ჰაერს?
ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი გახლავთ ავტოტრანსპორტი, 90%-ზე მეტი თბილისის ჰაერის დაბინძურებაში სწორედ ავტოტრანსპორტზე მოდის. შემიძლია გითხრათ წლევანდელი სექტემბრის მონაცემები. თბილისში, კვინიტაძის ქუჩაზე დაფიქსირდა მტვრისა და ნახშირჟანგის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაციის გადაჭარბება, მტვერი იყო ნორმაზე 2,2-ჯერ მეტი, ნახშირჟანგი 1,1-ჯერ. წერეთლის გამზირზე მტვრის კონცენტრაცია 2,4-ჯერ აღემატებოდა ნორმას, ვაშლიჯვარში ყველა დამაბინძურებელი ნორმაში იყო, მაგრამ სადგური ფონურია, ანუ შედარებით სუფთა ადგილას არის განთავსებული ქალაქის მასშტაბით.
ნორმასთან შედარებით ასეთი გადაჭარბება შემაშფოთებელია თუ არა?
პრინციპში, ყველა ქალაქში დაახლოებით ერთი და იგივე დამაბინძურებლებია, მტვერი და ნახშირჟანგი. ნორმას არ უნდა აჭარბებდეს, მაგრამ შემაშფოთებელი არ არის. ასევე ზოგჯერ ნორმას მუდმივად არ აჭარბებს, აქ მნიშვნელოვანია მეტეოროლოგიური პირობებიც, დამაბინძურებლების კონცენტრაცია ამის მიხედვითაც იცვლება.
თუმცა, ქალბატონო მარინა, საზოგადოება ამბობს, რომ თბილისში, გამონაბოლქვის გამო, სუნთქვა თითქმის შეუძლებელია.
თუნდაც სექტემბერში არ გვაქვს ისეთი მონაცემები, რომ ასე ვიმსჯელოთ. ჩვენი მონიტორინგის შედეგად პერიოდულად ფიქსირდება გადაჭარბებები.
სექტემბერში იმდენი ხალხი არ იყო ქალაქში…
ცხადია, სხვადასხვა თვეს სხვადასხვა მონაცემია. ზოგადად, თითქმის ყოველთვის ვაფიქსირებთ, რომ არის მტვრისა და ნახშირორჟანგის გადაჭარბებული რაოდენობა.
ავტოტრანსპორტი ახსენეთ და გამოსავალი როგორია?
ძალიან ბევრი კომპონენტია, საწვავის ხარისხზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ კონტექსტში. ამ კუთხით ქვეყანა საკმაოდ ბევრ ღონისძიებას ატარებს და ყოველწლიურად მკაცრდება საწვავის ნორმები, რაც იმას ნიშნავს, რომ უკეთესი საწვავის გამოყენების პირობებში დაბინძურებაც ნაკლები იქნება. 2017 წლიდან საწვავი საქართველოში ევროსტანდარტებს გაუთანაბრდება. მნიშვნელოვანია ავტოპარკის მდგომარეობა და საცობების საკითხი. საცობის დროს განსაკუთრებით მატულობს გამონაბოლქვი. ამ პრობლემის გადაჭრა ბევრი უწყების ჩართულობას მოითხოვს და ყველა მუშაობს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩვენც ვმუშაობთ, რომ სრულყოფილი მონაცემები გვქონდეს. მომავალი წლიდან იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, გვექნება სამი ახალი სადგური, რომლებიც მთლიანად ახალი ხელსაწყოებით აღიჭურვება და 24 საათის განმავლობაში განვახორციელებთ მონიტორინგს.
ნინო ჩხობაძე, ექსპერტი:
რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩვენთან არ შემცირებულა გამონაბოლქვი, პირიქით, მომატებულია, რაც მანქანების მოძრაობას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მეწარმეები მათთან კარგად თანამშრომლობენ, ამისი არ მჯერა, რადგან საწვავის ხარისხით ევრო-5-მდე ვერანაირად ვერ მივიდოდით. პრობლემა ისაა, რომ შემომტანების ასოციაცია ამოწმებს საწვავის ხარისხს. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჩვენთან საწვავში ტყვია არ არის, არის გოგირდის შემცველობა და სხვა ნივთიერებები, რომლებიც ნამდვილად ხვდება გამონაბოლქვში. მძღოლებს უწვევთ კატალიზატორების მოხსნა, რადგან იბინდება და ეს იმას ნიშნავს, რომ საწვავი არ არის ხარისხიანი.
მეორე პრობლემა არის მწვანე ნარგავების შემცირება ქალაქში. მიუხედავად ყველანაირი პროტესტებისა, სკვერების ადგილას იდგმება შენობები და არა გარეუბნებში, არამედ ცენტრში. მაქსიმალურად ცდილობენ სივრცეების ამოვსებას. მაგალითად, თუკი უნივერსიტეტის ქვემოთ იყო ბაღი, ახლა გვაქვს ორი რესტორანი. მცენარეები არის შთანმთქმელები. გზებს კი მწვანე ნარგავების ხარჯზე აფართოებენ.
მესამე პრობლემაა გზები – ახლა განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან ბევრ ადგილას გზების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, შევიწროებულია მოძრაობა, საცობებია იქ, სადაც არასდროს არ იყო.
ეს ყველა მიზეზი განაპირობებს იმას, რომ ატმოსფერული ჰაერი უფრო ცუდ მდგომარეობაშია. ამას ისიც ემატება, რომ ქუჩები ძველებურად ვეღარ ნიავდება. მაღალსართულიანი შენობები ფილტრაციას კეტავს.
გარემოს დაცვის სააგენტო რა მონიტორინგსაც აწარმოებს, ეს რასაკვირველია, არ არის საკმარისი. საუბრობენ იმაზე, რომ ქალაქის მიერ მიღებული სტრატეგიის საფუძველზე, თავად უნდა დაიწყოს მონიტორინგის ქსელის მომზადება. ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქალაქისთვის.
მონიტორინგის სამსახური ახსენეთ, მისი ხელმძღვანელი ამბობს, რომ სექტემბრის მონაცემებით, საგანგაშო მდგომარეობა არ არის. ვაშლიჯვარში ჰაერში მტვრის შემცველობა ნორმას საერთოდ არ აღემატება, კვინიტაძის ქუჩაზე კი 2,2-ჯერ მეტია ნორმაზე, წერეთელზე – 2,4-ჯერ მეტი.
ვაშლიჯვრის სადგური არის ფონური, იქ საერთოდ არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება დანარჩენ წერტილებს, მონიტორინგი არ წარმოებს ისეთ ქუჩებზე, რომლებიც გადატვირთულია. რაც თქვენ დაასახელეთ, მეტ-ნაკლებად ფონური ადგილებია, რაც შეეხება ფონურ სადგურებზე 2,4-ჯერ მეტი მტვრის შემცველობას, მისი შემადგენლობის ანალიზია გასაკეთებელი. გააჩნია, რას შეიცავს, ხშირად იქ არის გოგირდი, ტყვია. ტყვია ახლა ნაკლებად ფიქსირდება. მე მაინც მივიჩნევ, რომ ცხელ წერტილებში მონიტორინგის სისტემის გარეშე შეუძლებელია ამ საკითხის გადაჭრა.
რა შეიძლება გააკეთოს ქალაქმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გარდა დაკვირვებისა? ქუჩების გეგმაზომიერი გამწვანება უნდა გაკეთდეს, შემოვიდეს კომუნალური ტრანსპორტი, თუკი ის კარგად იმუშავებს, ბევრი მანქანა აღარ გამოვა გარეთ, ვგულისხმობ ავტობუსებს…
თუმცა ამბობენ, რომ ყვითელ ავტობუსებს დიდი ხანია, გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა…
მგონი, ყვითელი ავტობუსები რომ შემოიყვანეს, მათ ექსპლუატაციის ვადა მაშინვე ჰქონდა გასული (იცინის) და ეს ავტობუსები გამოყოფს ჭვარტლს, ეს არ არის ქალაქის, არამედ გარეუბნების ავტობუსები. ახლა საუბრობენ, რომ აღდგეს ტროლეიბუსი და ტრავმაი, რაც რა თქმა უნდა, უფრო უკეთესია, რადგან ელექტროსისტემაზე მუშაობს. ქალაქის მერმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ჰიბრიდული ავტოტრანსპორტი შემოვიდეს, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისგან გამონაბოლქვის შემცირებას. რაც შეეხება მოსახლეობის კუთვნილ მანქანებს, თუ ტექდათვალიერება არ შემოვიდა, ეს საკითხი ვერ გადაიჭრება. მაგრამ აქ ისევ საწვავის ხარისხის პრობლემა დადგება. კატალიზატორების დაბინდვაზე უკვე ვისაუბრე. ვისაც მანქანა შემოჰყავს, ყველა დაგიდასტურებთ, რომ დიდხანს კატალიზატორს ვერ აჩერებენ. ანუ ეს კომპლექსური პრობლემაა. ტექდათვალიერება და საწვავი ერთიან სისტემაში განიხილება.
ქალბატონო ნინო, რა დაავადებებს იწვევს გამონაბოლქვის დიდი რაოდენობა ჰაერში?
2,5-ჯერ მეტმა შეიძლება, არაფერი გამოიწვიოს, მაგრამ თუ ცხელი წერტილების მონაცემები გვექნება: ჭავჭავაძე, რუსთაველი, პეკინი, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგის გამზირი, იქ ნამდვილად კატასტროფაა. მტვერი შეიცავს კარცენოგენს და მეორე მხრივ, სერიოზულად მუშაობს სასუნთქ გზებზე, იწვევს ალერგიას, ბრონქიტს, სპაზმს, შემდგომში კი შესაძლოა, კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ თბილისში ძალიან არის გავრცელებული რესპირატორული დაავადებები. ადამიანებს არ ეძლევათ სუფთა გარემოში სუნთქვის საშუალება. საბოლოო ჯამში, ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.
ნინო მურღულია