მომღერალ ია ჩანტლაძეს, რომელმაც წლებია, უკვე ბიზნესში გადაინაცვლა, პირად ცხოვრებაში დიდი სიახლე აქვს. ის და მისი იტალიელი მეუღლე, ჯანკარლო მერკადანტე ტყუპებს ელოდებიან. წყვილს დიდი ხანია, ერთმანეთი არ უნახავს. პანდემიის გამო, ჯანკარლომ საქართველოში დაბრუნება ჯერჯერობით ვერ მოახერხა. როგორც მომღერალმა გვითხრა, ამ განშორებას რაციონალურად უდგებიან და მსჯელობენ, რომ მოუყვებიან შვილებს იმის შესახებ, როგორ გაატარეს კარანტინი მათმა მშობლებმა სხვადასხვა ქვეყანაში.

ტყუპები იას გენეტიკაში ჰყავს, დედის და მამის მხრიდან, მაგრამ ამ ამბავმა ძალიან დიდი ემოცია მოჰგვარა…

მალე დედა გახდება. ეს შეგრძნებაც ჯერ საკმაოდ შორეული და უცხოა, თუმცა უკვე იმაზე ფიქრობს, როგორ გაზრდის ტყუპებს…

რა ემოცია დაგეუფლა, როდესაც გაიგე, რომ ორსულად იყავი?

ია ჩანტლაძე:

ძალიან ემოციური იყო. არ მეგონა, ასე ძალიან თუ განვიცდიდი და ასე ემოციურად მივიღებდი. ანალიზის პასუხი მოვიდა მეილზე. ამ დროს ერთ–ერთ ხალხმრავალ ადგილას ვიყავი, ერთ–ერთ მოლში. სამსახურში ვაპირებდი წასვლას. მეილი რომ გავხსენი, თვალებს არ დავუჯერე. რაღაც მოლოდინი მქონდა, რა თქმა უნდა, ისე ანალიზს ხომ არ გავიკეთებდი, მაგრამ… იქვე სადღაც დავჯექი, გავხსენი მეილი, წავიკითხე, რომ ორსულად ვარ და შემდეგ მეუღლეს დავურეკე… ვიტირე… ძალიან დიდი ემოციები მქონდა… მერე შეხვედრაზე წავედი და ალბათ, დღემდე ფიქრობენ, რატომ მივედი თვალებდასიებული.

მეუღლეს როგორი რეაქცია ჰქონდა?

მგონი, ჩემს რეაქციაზე გაოგნდა. მითხრა, ხომ გვინდოდა ბავშვიო (იცინის).

ორსულობა, ფაქტობრივად, კარანტინში გაატარე…

პირველი ოთხი თვე ისე გავიდა, არაფერი გამიგია, სულ მეძინა. ტოქსიკოზი მქონდა. არაფრის თავი არ მქონდა. ფაქტობრივად, თავი არ ამიწევია. თვალებში რომ გამოვიხედე, მაშინ ჩაგვკეტეს და მთელი ორსულობა შინ გავატარე. ძალიან უცნაური პერიოდია იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩემი მეუღლე იტალიაში გაემგზავრა და უკან ვეღარ დაბრუნდა. ასე გაუგებრად დავრჩით ცალ–ცალკე. მთავარია, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, მაგრამ მერე ალბათ, შვილებს მოვუყვებით ამ ამბავს. როცა ადამიანი რაღაცებს გადააფასებ, ხვდები, რომ ამ ცხოვრებაში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. ყველაზე ასპროცენტიანი და ნაღდი რაღაცები სულ სხვანაირად ხდება. ჩემი ორსულობაც ამის დადასტურებაა.

ხასიათი შეგეცვალა ფეხმძიმობისას?

ვერ ვიტყვი. გამძაფრებულად აღვიქვამ რაღაცის სურნელს. კილომეტრში შემიძლია ვიგრძნო. არც ერთხელ არ მქონია შემთხვევა, მეთქვა, რომ რაღაცის ჭამა მინდა. ხილის მანიაკი ვარ და ტოქსიკოზის გამო ვერ ვჭამდი, მაგრამ ახლა ავინაზღაურე და მარწყვად გადავიქეცი.

ახლა გარეთ თუ გადიხარ?

არა, მუცელი დამიმძიმდა და შინ ყოფნას ვამჯობინებ.

ბავშვების სქესი იცი?

არსად მითქვამს და ჯერ არ ვიტყვი, მხოლოდ დაბადების შემდეგ. სახელებიც მოფიქრებული გვაქვს. როცა ამაზე ვფიქრობდით, გვინდოდა, ისეთი სახელები შეგვერჩია, რომლებიც გვარსაც მოუხდებოდა და საქართველოშიც და იტალიაშიც მათი თქმა არ გეხამუშებოდა. ამ ნიშნით შევარჩიეთ. ისეთი სახელებია, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაში გამოდგება და არავის გაუკვირდება.

დედობაზე ფიქრობ, გაცნობიერებული გაქვს, რომ დედა ხდები?

ძალიან უცნაური შეგრძნებაა. თან ვხვდები და თან ვერ ვხვდები, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. ბოლომდე ვერ აღვიქვი. არ ვიცი, როგორები იქნებიან. მთელი ცხოვრება წარმოვიდგენდი, ასეთი და ისეთი შვილები მეყოლება–მეთქი… ვგეგმავ იმას, სად წავიყვან, რას ვასწავლი. ამას ლამის 20 წლით ადრე ვგეგმავ, მაგრამ თავად დედობის შეგრძნება ჯერ ხელშესახები არაა.

თუ ესაუბრები შვილებს, რაიმე განსაკუთრებულ მუსიკას თუ რთავ, რა ემოციების გამოწვევას ცდილობ?

გაიდლაინებს არ მივყვები, მაგრამ თავად გიჩნდება სურვილი, გამოელაპარაკო, მით უმეტეს, ახლა, როცა ახვანცალდნენ მუცელში (იღიმის). ეუბნები სენტიმენტალურ ფრაზებს. მუსიკის გარეშე, იცი, რომ არ შემიძლია, სულ რაღაცას ვუსმენ, თავადაც ვმღერი, შინ ინსტრუმენტთან ვზივარ, ვცდილობ, პირველ რიგში, თავად ვიყო დადებითი ემოციებით მოცული, მშვიდად, რომ ეს ბავშვებზეც გადავიდეს. ეს ბუნებრივად გამოდის.

ისე, შენი შვილები ძალიან ტკბილ იავნანას მოისმენენ.

ახლა უნდა დავსპეცდე იავნანებში (იცინის). მუსიკა ახსენე და ამაზეც ვფიქრობ, ამას მოვასმენინებ, იმას მოვასმენინებ, იმ კონცერტზე წავიყვან. წარმომიდგენია, ჩემს შვილებთან ერთად როგორ ვივლი ჯაზკლუბებში. მოკლედ, ყველას თავისი გაფრენები აქვს. მე რაც მომწონს, იმას აუცილებლად გავაცნობ, რა თქმა უნდა, მათზეა დამოკიდებული, რას შეიყვარებენ, თუმცა მშობლებს აქვთ ვალდებულება, მისცენ განათლება შვილებს. ძალიან მინდა, მათ შეხება ჰქონდეთ კულტურასთან და ბევრი რამ იცოდნენ.

იტალიაში იცხოვრებთ თუ საქართელოში?

ჯერ არ ვიცით, როგორ ვიქნებით. რასაც ცხოვრება მოიტანს, ისე გადავწყვეტთ.

შენ და შენი მეუღლე როდის შეხვდებით ერთმანეთს?

როგორც კი გაიხსნება საზღვრები. ის უკვე ჩემოდნებზე ზის. წარმოგიდგენია, როგორი რთულია მისთვის? იცის, რომ მისი შვილები უნდა დაიბადონ და შესაძლოა, ვერ ჩამოასწროს.

როდის ელოდებით ბავშვებს?

ივნისის შუა რიცხვებიდან…

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05