უკრიანის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ბრიტანულ Vogue-ს ესაუბრა. გაიხსენა ომის დაწყება, რუსეთის შეჭრის პირველი დღეები, ისაუბრა პირად ემოციებზე, განცდებზე მეუღლესა და შვილებზე.
გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:
რუსეთის უკრაიინაში შეჭრის პირველი დღეები?
დასაწყისი კარგად მახსოვს, ჩვეულებრივი სამუშაო დღე და საღამო იყო: ბავშვები სკოლიდან ბრუნდებოდნენ, ჩვეული საოჯახო საქმეები, მომდევნო სასწავლო დღისთვის მზადება… დაძაბულები ვიყავით. ყველგან ბევრს საუბრობდნენ შესაძლო შემოჭრაზე, მაგრამ ბოლო წუთამდე არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა… 21 საუკუნეში? თანამედროვე სამყაროში?
გამეღვიძა, დილის 4:00-დან 5:00 საათამდე პერიოდში. მაშინვე ვერ მივხვდი, რომ ეს აფეთქების ხმა იყო. ვერ გავიგე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩემი ქმარი საწოლში არ იწვა, მაგრამ როდესაც ავდექი, მაშინვე დავინახე, იდგა, უკვე ჩაცმული, ჩვეულებისამებრ პიჯაკში (და იმ დღეს უკანასკნელად ვნახე მე ის პიჯაკსა და თეთრ პერანგში – მას შემდეგ სამხედრო გახდა).
“დაიწყო“, – სულ ეს იყო, რაც მან თქვა.
ვერ ვიტყვი, რომ იყო დაბნეულობა და პანიკა.
“რა ვუყოთ ბავშვებს?“ – ვკითხე.
“მოიცადე, მე შეგატყობთ. ყოველი შემთხვევისთვის, შეაგროვეთ აუცილებელი ნივთები და საბუთები“, – მითხრა და სახლიდან გავიდა.
თქვენი ბიჭი ცხრა წლისაა, გოგონა 17-ის როგორ შეხვდნენ ომს?
ბავშვებისთვის არაფრის ახსნა არ არის საჭირო, ისინი ყველაფერს ხედავენ ისე, როგორც ყველა ბავშვი უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს ის არ არის, რაც ბავშვებმა უნდა ნახონ, მაგრამ ბავშვები ძალიან გილწრფელები და პატიოსნები არიან, მათ ვერაფერს დაუმალავთ. ამიტომ, საუკეთესო სტრატეგია სიმართლის თქმაა. ასე რომ, მათთან ყველაფერი განვიხილეთ. შევეცადე მათ კითხვებზე მეპასუხა. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, რადგანაც იმის თქმა, რაც გტკივა, დადასტურებულია, რომ გშველის კიდეც.
როგორ უმკლავდებით ემოციებს?
თავიდან ემოციებისთვის დრო არ იყო, საჭირო იყო ბავშვებზე ზრუნვა, მათ ემოციურ მდგრადობაზე. ამიტომ ვცდილობდი თავდაჯერებული ვყოფილიყავი, ენერგიული, ღიმილიანი, განმემარტა მათთვის, რომ დიახ, სარდაფში ჩასვლა აუცილებელია, არ შეიძლება შუქის ჩართვა. ვცდილობდი, ოპტიმისტურად მეპასუხა მათ კითხვაზე – “როდის ვნახავთ მამას?“ ვეუბნებოდი – “მალე.“
პირველ დღეებში ვიმედოვნებდი, რომ ჩვენ შევძლებდით მის გვერდით ყოფნას, მაგრამ პრეზიდენტის ოფისი სამხედრო დაწესებულებად გადაიქცა და მე და ჩემს შვილებს იქ ყოფნა აგვეკრძალა.
გვიბრძანეს და უსაფრთხო ადგილას გადაგვიყვანეს, თუ შესაძლებელია უკრაინაში ახლა სადმე უსაფრთხო ადგილი იყოს. მას შემდეგ ვოლოდიმირს ტელეფონით ვუკავშირდებით.
როგორია თქვენი ცხოვრება ახლა?
ახლა ისე ვცხოვრობ, როგორც სხვა უკრაინელები, ჩვენ ყველას გვაქვს ერთი დიდი სურვილი: იყოს მშვიდობა.
მე კი, როგორც ყველა დედა და ცოლი, გამუდმებით ვდარდობ ჩემს ქმარზე და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი შვილები დაცულნი იყონ.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.
