იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა, მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერაფრით ვერ დავუჭერ. აცხადებს „ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, იურიდიული ნორმა ყველასთვის ერთი უნდა იყოს, თუმცა, ოპოზიციონერი კოლეგის მიმართ სოლიდარულები უნდა იყვნენ.
„სერიოზულ ნოტაზე რომ ვთქვათ, მაინც არ დავუჭერ მხარს, იმ მიზეზით, რომ ამ ნაწილში მაინც სოლიდარულები უნდა ვიყოთ ოპოზიციონერები.
ეს ფორმალური ნაწილია. გულით მინდა გავიგო, რა ნორმებით ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. აქ ლაპარაკია გირაოს გირაოზე, ჩემთვის ეს გაუგებარია. მხოლოდ ის, რომ ამას ითხოვს პროკურატურა, ეს ჩემთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს. თუმცა გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მხარს არ დავუჭერთ.
თუკი იურიდიული ნორმა ყველასთვის ერთი და იგივე უნდა იყოს, ჟურნალისტი ხარ თუ პოლიტიკოსი, ეს ნორმა ყველამ უნდა შეასრულოს. იმ ნაწილზე ვსაუბრობ, რომელიც სადაოა. რას ნიშნავს, გირაოს გირაო? ნებისმიერ შემთხვაში გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მხარი არ დავუჭიროთ, ოპოზიციონერი კოლეგაა. თუმცა, რადგან სადაოა საკითხი, იმის მიმდევრად ვრჩები, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს. ყველა ერთნაირად უნდა დაისაჯოს ან არ დაისაჯოს. მე არ ვიცნობ ამ საქმის იურიდიულ სეგმენტს, თუმცა, ჩვენი რწმენით, მხარს არ დავუჭერთ,”- განაცხადა ზილფიმიანმა.
უმრავლესობა მხარს დაუჭერს მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ნიკა მელიას იმუნიტეტს მოუხსნის.
მანამდე, პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა.