LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედა კახიანი: „მუდამ ვგრძნობდი უფლის მფარველობას, თორემ 12 წლის ბიჭს, რომელიც მარტო დავრჩი და ათასი ხიფათი გამოვიარე, რა გადამარჩენდა?!“

382
imedakaxiani345

ცნობილ მსახიობს, იმედა კახიანს, დღეს, 12 მაისს 84 წელი შეუსრულდა. ეკა კახიანის ფანგვერდი „ინსტაგრამზე“ იმედა კახიანის ინტერვიუდან საინტერესო ამონარიდს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გადასახლებიდან დაბრუნებულ მამას პირველი ვაჟი მე გავუჩნდი და თავისი იმედი დამარქვა – დამრჩა ქართული სახელი, იმედა.

10 წლისა გაუთხოვარმა მამიდამ წამომიყვანა თბილისში, იმ სახლში, სადაც მამა გადასახლებამდე ცხოვრობდა. იქვე ვაჟთა მე-19 სკოლაში ვსწავლობდი. 12 წლისას მამიდა გარდამეცვალა. ჩემს მშობლებს ქალაქში ცხოვრების უფლება არ ჰქონდათ, მე რომ სოფელში წავსულიყავი, ბინას მთავრობა წაგვართმევდა. დამტოვეს თბილისში. ძველთბილისურ ეზოში ვცხოვრობდი. მუდამ ვგრძნობდი უფლის მფარველობას, თორემ 12 წლის ბიჭს, რომელიც მარტო დავრჩი და ათასი ხიფათი გამოვიარე, რა გადამარჩენდა?!

დედას ძალიან უნდოდა, ექიმი გავმხდარიყავი. ქულა დამაკლდა… მეგობარმა, ნოდარ ფირანიშვილმა მირჩია, თეატრალურში ჩააბარეო. ის უკვე იქ სწავლობდა. ნოდარი, ვიდრე ჩააბარებდა, დრამწრეზე დადიოდა, მე კი ლექსიც არ წამიკითხავს გამოთქმით… საბუთების მიღების ბოლო დღე იყო, მეორე დღეს ტური იყო დანიშნული. სამი ტური ტარდებოდა, – ლექსი, იგავი, პროზა უნდა წაგეკითხა… მერე გამოცდები იწყებოდა. მოვბრუნდით შინ და დავიწყეთ მომზადება. მოვძებნეთ მეხუთე კლასის ლიტერატურის წიგნი, რომელშიც ყველაზე პატარა ლექსი იყო “არწივი” და თანაც ზეპირად ვიცოდი, ამიტომაც ეს ავირჩიეთ, კრილოვის ერთი იგავ-არაკი და ვაჟას “ამოდის, ნათდება” მომამზადებინა ნოდარმა – რაც შეიძლება ვაჟკაცურად, ხმამაღლა წაიკითხეო.

მეორე დღეს შევედი აუდიტორიაში. პროჟექტორები მანათებს, სიღრმეში გრძელ მაგიდას უსხედან გამომცდელები… დაიწყეო. როგორც მასწავლა ნოდარმა, ისე დავჭექე! არავინ არაფერს მეუბნება… შუაში იჯდა მელოტი კაცი, თურმე დიმიტრი ალექსიძე, რომელსაც აჰყავს ჯგუფი.

რა წაიკითხე, თუ გესმისო. როგორ არა-მეთქი. მერე არ შეგეცოდა არწივიო? დავფიქრდი, – მეცოდებოდა ნამდვილად. თუ გეცოდება, რას ყვირი გაბრწყინებულიო… კარგი, ახლა უყვირლად წაიკითხეო. დავიწყე იგავი… დამავიწყდა. თავიდან დაიწყეო… დავიწყე, ისევ დამავიწყდა… გადადი პროზაზეო. ახლა პროზას როგორ მოვყვებოდი, წუხანდელ ნასწავლს… გამომიშვეს.

მეორე დღეს… ჩავიარეთ თეატრალურ ინსტიტუტთან. სიაა გამოკრული. სიაში ვარ. კარგად რომ მოგამზადე ტურისთვის, გახვედიო, – ნოდარმა… ამ დროს მოვიდა მიმღები კომისიის მდივანი – გინდა ამ ინსტიტუტში სწავლაო? ვგიჟდები, ისე მინდა-მეთქი. თუ გიჟდები, რატომ არაფერი მოამზადეო. გადაწყვიტეს, ტურებიდან მოგხსნან, თუ სწავლა გინდა, იარე ინსტიტუტში, მოგამზადებს პედაგოგი და მერე გახვალ გამოცდებზე. ოღონდ ეს არავინ გაიგოსო. ყოველ დილით ყოვლად უანგაროდ მამეცადინებდა რეჟისორი, ასიკო გამსახურდია. გავედი გამოცდებზე და ჩავირიცხე…

ასე დაიწყო ჩემი სამსახიობო კარიერა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები