ცნობილი ექიმი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს აძლევს საინტერესო რეკომენდაციებს ჭარბოფლიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„დედიკოებო, ვიცი, რომ გაღელვებთ თქვენი პატარას მოჭარბებული ოფლიანობის (ჰიპერჰიდროზი) საკითხი… მინდა იცოდეთ, რომ საოფლე ჯირკვლების უმრავლესობა დაბადებიდანვე უკვე სრულყოფილია, მაგრამ მათი ფუნქცია 3-4 თვემდე არ ვლინდება, რაც ძირითადად საოფლე ჯირკვლების გამომტანი სადინრების განუვითარებულობითაა განპირობებული, ამ სადინრების განვითარება 3-4 თვის ასაკიდან იწყება და 7 წლის ასაკისთვის უკვე სრულად ჩამოყალიბებულია, პირველად 3-5 თვის ასაკში თავისა და შუბლის არეში ყალიბდება, ამიტომ ამ ასაკში ეწყებათ ხოლმე თავის გაოფლიანება…
მინდა, ის ძირითადი მიზეზები ჩამოგიყალიბოთ, რამაც ბავშვის ოფლიანობის გაძლიერება შეიძლება გამოიწვიოს: არაადეკვატური, შეუფერებელი ჩაცმულობა (მას ისევე უნდა ეცვას სეზონზე 3 თვიდან, როგორც თქვენ იცვამთ, ანუ იმავენაირად აღიქვამს ტემპერატურას), არ სჭირდება შალის წინდები და ქუდი, საწოლის თეთრეული უნდა იყოს ბუნებრივი, ბამბა, ან სხვა ნატურალური მასალა, ტემპერატურული რეჟიმი ოთახში არ აღემატებოდეს 20 გრადუსს, ყურადღება მიაქციეთ სითხის მიღების ოდენობას, აძლევთ თუ არა 2 წლამდე ასაკამდე ბავშვს D ვიტამინს, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ, როგორია ამ მხრივ თქვენი გენეტიკური პასპორტი, ემოციური ან იქნებ ჰიპერაქტიურია თქვენი შვილი (ცელქი, ვერ ჩერდება ერთ ადგილზე, რთულად ახდენს ყურადღების კონცენტრირებას, უჭირს დამახსოვრება, ძალიან ბევრ კითხვას სვამს დღის განმავლობაში, კაპრიზობს, უმიზეზოდ ტირის, ემოციური, მბორგავი ძილი აქვს).
ჰიპერჰიდროზი ახასიათებს ტემპერატურის მატებასაც და ჰიპოთერმიასაც (დაბალ ტემპერატურას). ჭამის დროს განსაკუთრებულ ემოციას გამოხატავენ ბავშვები (განსაკუთრებით ძუძუთი კვებისას) და სულ სველდებიან, ასევე თამაშის, განსაკუთრებით კომპიუტერთან ურთიერთობის დროს… ეს ყველაფერი ბუნებრივია, განსაკუთრებით ზაფხულში, მაგრამ, თუ შეამჩნიეთ ზოგადი სისუსტე, აღენიშნა თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, ხშირი შარდვა ან პირიქით,დამახასიათებელი ოფლის სუნი (მჟავე ან სპეციფიკური), ძილიანობა, გამონაყარი კანზე ან ოფლიანობასთან თანდართული სხვა საყურადღებო ნიშანი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, შეიძლება გამოკვლევები იყოს საჭირო, რასაც თქვენი ოჯახის ექიმი განგიმარტავთ“.