LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინსტაგრამის მომხმარებლები მსოფლიოს ყველაზე ფოტოგენურ ადგილებს ასახელებენ

453
How-To-Instagram-Pics-Travel-1500x1000

მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ იმ ადგილების ოფიციალური სია გამოქვეყნდა, რომლებსაც სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ყველაზე ხშირად უთითებენ, ინტერნეტ სივრცეში გამუდმებით ჩნდება მსოფლიოში ყველაზე ხშირად გადაღებული ღირსშესანიშნაობების კრებული.

ერთ-ერთმა სააგენტომ მოგზაურობის მოყვარულები გამოკითხა და სთხოვა, გამორჩეული ინსტაგრამული ადგილები დაესახელებინათ. ჩამონათვალის მიხედვით პლანეტის ყველაზე ფოტოგენურ ღირსშესანიშნაობების რეიტინგი შეადგინეს.

ყველაზე ფოტოგენური ადგილების სია ასე გამოიყურება:

 

მწვერვალი ვიქტორია, ჰონგკონგი – 3,5%

მწვერვალ ვიქტორიაზე მაშინვე მიხვდები, რატომ ეძახიან ჰონგკონგს აზიურ ნიუ-იორკს. გადასახედი მოედანი ყოველთვის აგროვებს უამრავ მსურველს, ვისაც უმაღლესი ცათამბჯენების ზემოდან ხილვა სურს.

 

ტაუერის ხიდი, ლონდონი – 4,2%

ტაუერის ხიდი ინგლისის ისეთი ცნობილი სიმბოლოა, რომ მისი სიმეტრიული სილუეტის წარმოდგენა დახუჭული თვალითაც შესაძლებელია. მისი ხილვა მაშინ ჯობია, როცა ხიდის ქვედა ნაწილი დიდი გემების გასატარებლად იყოფა. ამ მომენტში უნდა აღმოჩნდე ხიდის ზედა ნაწილში და ეს სანახაობა მდინარე ტემზას ფონზე მაღლიდან გადაიღო.

 

ჰალონგის უბე, ვიეტნამი – 7,7%

სამი ათასამდე პატარა კუნძულს შორის გემით სეირნობისას, ლამაზი კადრის გადაღება მარტივია. ჰა-ლონგის უბე – ადგილის სახელწოდება ასე ითარგმნება: „იქ, სადაც დრაკონი წყალში ჩაეშვა“. ინსტაგრამის ფოტოსურათისთვის წარწერაც მზად არის. ერთადერთი სირთულე კარგი ამინდის დაჭერაა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, მოწმენდილი ცა და ფირუზისფერი წყლის ნახვა წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმეა შესაძლებელი.

 

ბურჯხალიფა, დუბაი – 8,2 %

თუ დუბაის ესტუმრეთ, რთულია მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა არ გადაიღო.  განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ის შუა უდაბნოში გაზრდილი შუშის ყვავილია. არქიტექტორების შთაგონების წყაროდ, სწორედ მცენარე იქცა, თუმცა შენობის ყურებისას, რთულია მისი მცენარესთან მსგავსების პოვნა. ასე რომ, უმჯობესია ყურადღება 124-ე ან 148-ე სართულიდან გადაშლილ ხედზე მივმართოთ. შენობიდან ხელოვნური ტბა, შადრევნები, უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი და კიდევ რამდენიმე ცათამბჯენი მოჩანს.

 

გუელის პარკი, ბარსელონა – 9,4%

ბაღებთან და უზარმაზარ სახლებთან ერთად, გუელის პარკის შესასვლელთან თავს ისე გრძნობ, თითქოს ალისას ზღაპარში მოხვდი. შესვლისთანავე, თანდათან ყველაფერი უფრო ჯადოსნური გეჩვენება: მოზაიკური სალამანდრა, უსასრულოდ მოხრილი სკამი, რომელზეც თითქოს ცისარტყელა იღვრება და, რა თმა უნდა,  ქალაქის შეუდარებელი ხედი. როგორ შეიძლება ეს ადგილი დამთვალიერებლებმა არ გადაიღონ?!

 

თაიმს-სკვერი, ნიუ-ორკი – 9,5%

სხვადასხვა ქვეყნების მოგზაურები თაიმს-სკვერის მანათობელ ბილბორდებს პეპლებივით ეხვევიან. გასაკვირი არ არის, რომ მოედანს „მსოფლიოს გზაჯვარედინს“ უწოდებენ. ყოველდღე მასზე ასეულობით ათასი ადამიანი მოძრაობს. დაახლოებით იმდენი ადამიანი, რამდენიც ზოგიერთ ევროპულ ქალაქში ცხოვრობს. ეს ადგილი ყოველთვის განათებული და ხმაურიანია. მისი გაშეშება მხოლოდ სურათებშია შესაძლებელი.

 

წითელი მოედანი, მოსკოვი – 12,3 %

მთელი წითელი მოედნის ერთ კადრში ჩატევა, შეუძლებელია. ამიტომაც, აქ გადაღებული ფოტოები ყოველთვის სხვადასხვაგვარი გამოდის. სავაჭრო ცენტრის საღამოს განათებები, სპასკის კოშკის საათი, ვასილი ნეტარის ფერადი გუმბათები – მოედანზე მთელი გალერეაა წარმოდგენილი.

 

კოლიზეუმი, რომი – 12,5 %

ბევრი წლის წინ იმპერატორის ერთ „ლაიქს“ შეეძლო გლადიატორის სიცოცხლე ეხსნა. ახლა კოლიზეუმის მოედანზე სიმშვიდეა, ხოლო უძველესი ამფითეატრი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მილიონობით „ლაიქს“ აგროვებს. აქ დიდი ხანია გლადიატორები აღარ არიან, მაგრამ ატმოსფერო საკმაოდ ძველია. შეუძლებელია ვერ შეამჩნიო იქაური, თითქმის მითიური სამყარო.

 

კაპადოკია, თურქეთი – 15,2 %

კაპადოკიაში ყველაზე რთული გადასაწყვეტია, საიდან გადაიღო მზის ამოსვლა. გადასახედი მოედნიდან (Sunset Point) და გამოქვაბულის სასტუმროდან ერთნაირად ჯადოსნური ხედი იშლება: ვულკანური ლანდშაფტები და ასობით საჰაერო ბურთი მოვარდისფრო ნისლში. ხოლო, თუ ერთ-ერთ კალათაში თავადაც მოთავსდები და ცისკენ გაეშურები, აღფრთოვანებისგან შეიძლება ფოტოაპარატის გამოყენებაც დაგავიწყდეს.

 

ეიფელის კოშკი, პარიზი – 17,5%

300-მეტრიანი რკინის ქმნილების მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს: ზოგიერთში ის აღფრთოვანებას იწვევს, ზოგის აზრით კი, კოშკი ქალაქის ხედს აფუჭებს. თუმცა ეიფელის კოშკი ნამდვილად იზიდავს ყველას, ვინც პარიზში მოხვდება. ეს გასაკვირი არც არის: ნაგებობა მონტმარტრიდან, ბელვილის პარკიდან და მეტროს ვაგონებიდანაც კი მოჩანს. რთულია ქალაქის სიმბოლო კადრში არ მოხვდეს, განსაკუთრებით კი საღამოს, როცა ეიფელის კოშკის განათებები თავად ემსგავსება ათასი ფოტოაპარატის განათებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები