LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IV კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში 2.5 მილიარდი ლარი დახარჯეს – მათი უმრავლესობა 31-50 წლამდეა

131
პრობლემები-რომლებსაც-ტურისტები-საქართველოში-აწყდებიან-660x330

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.5 მილიონი შემოსვლა, რაც 2.6-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.4 მილიონი შეადგინა, რაც 2.6-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

როგორც საქსტატის ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წლის IV კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.1 მილიონს მიაღწია, რაც ასევე 2.6-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 948.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 95.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

სტატისტიკის თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების 68.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

“2022 წლის IV კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 310.9 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 23.0%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.7%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (382.1 ათასი), რუსეთის ფედერაციის (306.9 ათასი) და სომხეთის (220.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 47.9 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 33.5 პროცენტს შეადგენდა.

2022 წლის IV კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (46.8 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 786.8 ათასი და 520.0 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით.

2022 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.5 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 71.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2022 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 860.9 ლარი შეადგინა”, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები