მმართველმა გუნდმა, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და ეკონომიკური აყვავების დაპირებით მოვიდა, ხელისუფლებაში ყოფნიდან მერვე წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ცუდი მხარე წარმატებით აითვისა. „ქართული ოცნება“ ყველას, ვინც ოკუპაციას აპროტესტებს, სჯის და ამ მიზნით შეკრებილებს ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით არბევს, რასაც ივნისში ორი მოქალაქის თვალები შეეწირა. მიზეზად კი, მმართველმა გუნდმა პარლამენტზე შტურმი დაასახელა. როგორც ჩანს, ხელისუფლებას აქციების დარბევა „გაუტკბა“ და ნოემბერში, ამჯერად წყლის ჭავლით ორჯერ დაშალა საკუთარი მოქალაქეები, სადაც პროტესტის მონაწილეები ივანიშვილის დანაპირების შესრულებას ითხოვდნენ. რა მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში 2019 წელს და როგორი იქნება საქართველოსთვის 2020.
გავრილოვის თბილისური ღამე
რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი თბილისს „ერთმორწმუნეობის“ ფარგლებში ესტუმრა. უფრო ზუსტად კი, ის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაზე ჩამოვიდა. მან მხოლოდ ეს არ იკმარა – როგორც ხელისუფლება ამტკიცებს, გავრილოვმა დაუკითხავად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი მოირგო. მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი საპარლამენტო ოპოზიციამ გააპროტესტა და „ქართული ოცნება“ კუთხეში მიაყენა, უმრავლესობამ დაიწყო მტკიცება, თითქოს ეს გავრილოვმა თვითნებურად გააკეთა. თავად რუსი დეპუტატი კი ამბობს, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო გაწერილი და შეთანხმებული. ოპოზიციის პროტესტის შემდეგ, გავრილოვმა სესია ვეღარ წაიყვანა და ღონისძიება ჩაიშალა. რუსი დეპუტატის ქცევა მოქალაქეებმა გააპროტესტეს და გავრილოვი აეროპორტისკენ კვერცხებისა და ბოთლების სროლით გაისტუმრეს.
ხელისუფლებამ მოქალაქეებს გავრილოვის გამო თვალები დასთხარა
ყველა ერს სხვადასხვა მოვლენაზე აქვს ემოცია და პროტესტი. წლებმა დაადასტურა, რომ სიღარიბე და გაჭირვება ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანს. ჩვენს პროტესტს იწვევს ან ადამიანის უფლებების დარღვევა ან ოკუპანტის თავზე „წამოსმა“. სწორედ გავრილოვის ჩამოსვლას და ქმედებას მოჰყვა თბილისში საპროტესტო აქციები. პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები ხელისუფლების პასუხისმგებლობის დაყენებას და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ითხოვდნენ. მოქალაქეები ამბობდნენ, ჰქონდათ ამის კანონიერი უფლება. უარის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, რასაც პოლიციისა და სპეცრაზმის მხრიდან აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშლა მოჰყვა. აქ ერთი დეტალია მნიშვნელოვანი: ყველამ ვნახეთ კადრები, როგორ დამიზნებით ესროდნენ პოლიციელები მოქალაქეებს, რასაც აქციის ერთი მონაწილისა და ასევე შემთხვევით გამვლელის თვალები შეეწირა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე პოლიციელი სამსახურიდან, როგორც ჩანს, ხალხის დასანახად გაათავისუფლეს, თუმცა იმ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც კადრებში ჩანდა, რომ დამიზნებით ისროდნენ, ხელისუფლება არ „ერჩის“ და არც მათ დასჯას აპირებს.
ადამიანმა, რომელმაც ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი? - მაკო გომურის კითხვა გახარიას (ვიდეო)
კითხვას მინისტრმა არ უპასუხა.
პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა
„გავრილოვის ღამის“ გაგრძელება იყო ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა. პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის პოსტი სწორედ აქციებს შეეწირა. მისი წასვლის შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს განცხადება თავად კობახიძემ კი არა, კახა კალაძემ გააკეთა. პარტიის გენერალურმა მდივანმა მაშინ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების სტანდარტს ამკვიდრებს, რაშიც მან კობახიძის თანამდებობიდან წასვლა იგულისხმა.
ბიძინა ივანიშვილის მორიგი „ტრიუკი“
ირაკლი კობახიძის გადადგომას ბიძინა ივანიშვილის მორიგი დაპირება მოჰყვა. ოლიგარქმა 24 ივნისს განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა ნულოვანი ბარიერით. აქციები შეწყდა, ქვეყანა მრავალპარტიული პარლამენტის მოლოდინში რეჟიმში გადავიდა.
„ინსტაგრამით“ მოსული და „ფეისბუქით“ წასული პრემიერ-მინისტრი
მამუკა ბახტაძემ თავი ინსტაგრამზე ფოტოების ხშირი განთავსებით დაგვამახსოვრა, შემდეგ პრემიერის პოსტზე ერთი წლით მოვიდა და ბოლოს „ფეისბუქით“ წავიდა. ბახტაძემ სოციალურ ქსელში საკმაოდ ვრცელი სტატუსი დაწერა და მისი პრემიერობის დროს არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. ეს მიღწევები იმდენად უსასრულოა, საქართველოს ისტორიას რომ არ ახსოვს და ბახტაძემ როდის მოასწრო, ეს დღემდე არავინ იცის, თუმცა დიდად არც არავინ დაინტერესებულა.
მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა, მან ამის შესახებ "ფეისბუქზე" დაწერა
მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს
ივანიშვილის ტყუილები – პროპორციული სისტემის ჩაგდება
ბიძინა ივანიშვილის ტყუილი დაპირებები უცხო არ არის, ქართველი ხალხის პრობლემა ისაა, რომ კიდევ ერთხელ მოტყუვდა – პროპორციული არჩევნები არ იქნება. ქვეყნის მმართველმა სპექტაკლი დადგა, რომელშიც უნიჭო მსახიობები მონაწილეობდნენ. მოსახლეობას გვითხრეს, რომ ივანიშვილს მაჟორიტარები აუჯანყდნენ და შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება მოითხოვეს. საინტერესო ისაა, რომ ივანიშვილმა, რომლის მითითების გარეშე, ხელისუფლება ელემენტარულ საკითხებზეც ვერ აკეთებს შეფასებას, მაჟორიტარებს მათი მოთხოვნები „ვერ გადააფიქრებინა“.
ისევ აქციები – ხელისუფლებას ხალხის დარბევა „გაუტკბა“
ყველა ერთის წინააღმდეგ – განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე პარტიები ივანიშვილის მორიგმა „ტრიუკმა“ გააერთიანა და სამოქალაქო მოძრაობებთან, არასამთავრობოებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად ქუჩაში გამოსვლები დაიწყო. ისინი პროპორციული არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ. მათ პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს, რასაც პოლიციელების მხრიდან ხალხის წყლის ჭავლით დარბევა მოჰყვა. მმართველი გუნდი ისე მიეჩვია ხალხზე ძალადობას, რომ დილის 5 საათზე, სრულიად მშვიდობიანი მოქალაქეები კიდევ ერთხელ დაარბია.
კალაძე ამბობს, რომ ინფორმაცია საზოგადოებას დამახინჯებულად არ უნდა მიეწოდოს
კალაძე: აქციის დაშლა არ მომხდარა, ეს იყო მოგერიება
უდიპლომო მოსამართლეები უვადოდ დაინიშნენ
აქციების, დაპირისპირების, ჩხუბის, ჟურნალისტებზე ძალადობის ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მოახერხა და ზოგი დიპლომიანი, ზოგი კი უდიპლომო მოსამართლე უვადოდ დაამტკიცა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთა სახელებს წინა ხელისუფლების დროს მომხდარი ე. წ. გახმაურებული საქმეები უკავშირდება და რომლებსაც თავის დროზე „ქართული ოცნება“ აპროტესტებდა. ახლა კი, როგორც ჩანს, „შემსრულებელი“ მოსამართლეები მმართველმა გუნდმა კარგად მოირგო და ისინი უვადოდ დაამტკიცა.
“ქართული ოცნება“ დაშლის პირას – სად მიდიან დეპუტატები
მმართველი გუნდი ყველა იმ დეპუტატმა დატოვა, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლების სახე იყო და ვინც ნაკლებად გამაღიზიანებელ განცხადებებს აკეთებდა ნებისმიერ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით. ბოლო ერთ თვეში ასეთი 15 დეპუტატია, რომელთა ნაწილი პარლამენტში დამოუკიდებლად იმუშავებს, ნაწილი კი პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსული პრესკონფერენცია
გიორგი გახარია – იმ ქვეყნის პრემიერი, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებულია და რომელიც ჩადის უკრაინაში – ქვეყანაში, რომლის ტერიტორიები ასევე ოკუპირებული აქვს რუსეთს, პრესკონფერენციას რუსულ ენაზე მართვს. სუამის სამიტზე მყოფი გიორგი გახარია რუსულად ალაპარაკდა, მოგვიანებით კი, ადმინისტრაციამ თქვა, რომ ეს უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა იყო.
ამ მძიმე პოლიტიკური მოვლენებით ხვდება საქართველო 2020 წელს, რომელიც სავარაუდოდ, არანაკლებ რთული იქნება. როგორც ვიცით, 2020 საარჩევნო წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ გველოდება „ქართული ოცნების“ ბრძოლა ყველა მეთოდით იმისთვის, რომ ივანიშვილი ისევ ხელისუფლებაში დარჩეს.