LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყო მშობელი, ნიშნავს გქონდეს მოთმინება, რათა ბავშვის აღზრდა შევძლოთ – შალვა ამონაშვილი

153
-2019-12-18-16-56-11-106309-e1576688178445

,,იყო მშობელი, ნიშნავს გქონდეს მოთმინება, რათა ბავშვის აღზრდა შევძლოთ” – პედაგოგი შალვა ამონაშვილი პროექტ ,,აზროვნების აკადემიის” ფარგლებში შვილის აღზრდის მეთოდებზე საუბრობს.

შალვა ამონაშვილი:  ზარმაცი ბავშვი არ არსებობს, მას მერე ვაზარმაცებთ. არ არსებობს ბავშვი, რომელსაც სწავლა არ უნდა, რადგან ბავშვი არის თვითონ ბუნება, რომელიც მუდმივად რაღაცას ანგრევს და აშენებს. არ არის სწორი ბავშვთან მიმართებაში ჩვენი ეგოისტური სურვილების წინა პლანზე წამოწევა. მაგალითად, ხშირად მინახავს შემთხვევა, როცა დედა ბავშვს ეფერება და კოცნის, ბავშვი კი ეწინააღმდეგება. ამ დროს უბრალოდ უნდა ვთხოვოთ, ნებართვა აავიღოთ და ვკითხოთ, შეიძლება მოგეფერო? ბავშვი უპირობოდ უნდა გვიყვარდეს. არის მიწიერი და ზეციური სიყვარული. მიწიერი სიყვარულით ცხოველებს და ფრინველებსაც უყვართ თავიანთი შვილები, თუმცა ჩვენ ადამიანები ვართ და ცნობიერება გვაქვს. ამის წყალობით მივდივართ სულ წინ, განსხვავებით ყველა სხვა სულიერისგან. ჩვენ შეგვიძლია გამოცდილება სხვებს გადავცეთ.

ბავშვის აღზრდა მშობლების აღზრდით იწყება. შენი გამოცდილება შენთვის ჭეშმარიტებაა და გინდა, რომ შვილიც ამ ჭეშმარიტებას დაექვემდებაროს. ეს არის აზრის ეგოიზმი. მშობელს ბავშვი უყვარს, მაგრამ უნდა რომ მან მის სასარგებლოდ იცხოვროს. ეს გაუცნობიერებელი ეგოიზმია.

ბავშვისთვის აკრძალვა და თითის ქნევა იმის მაგიერ, რომ მას გზა ვუჩვენოთ, სამწუხაროდ ძალიან ხშირია. ბავშვები ჩვენს ავტორიტარიზმში იზრდებიან. მიჩნეულია, რომ ბავშვს თუ მკაცრად არ მოექეცი, თავზე დაგაჯდება. არადა ესმ ხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა ბავშვს ზრდილობას კი არ ასწავლი, არამედ შიშს უნერგავ.  ცდილობ მიიმსგავსო, შენი აზრები ჩაუდო თავში იმის მაგიერ, რომ თავისი საკუთარი ჰქონდეს. ეს ვერ მოიტანს ვერც პიროვნულ და ვერც საზოგადოებრივ განვითარებას. ყველა ადამიანს თავისი მისია და გზა აქვს, ყველა უნიკალურია. ბავშვს უნდა მოვექცეთ პატივისცემით, იმის მიუხედავად, რომ ის პატარაა და ნაკლები გამოცდილება აქვს. თანასწორობა არის ყველაფრის გასაღები.

ჩვენ ბევრი რამ ვიცით, მაგრამ როგორ ვიყენებთ? ძალიან ბევრი სიბრძნე ვიცით, მაგრამ იშვიათად ვიქცევით ბრძნულად. ბევრი სიკეთე ვიცით, მაგრამ ცოტას ვაკეთებთ. ცოდნა გვაქვს, მაგრამ სწორი დამოკიდებულება ცოდნის მიმართ არ გვაქვს. განა თქვენმა გულმა არ იცის, როგორ უნდა გაზარდოს ბავშვი? ყველა დედას აქვს შვილის აღზრდის ეს სიბრძნე დაბადებიდანვე. თუმცა ეს სიბრძნე ყველას არ გაეხსნება. მხოლოდ იმას, ვისაც უნდოდა შვილი ჰყოლოდა, ვინც ნატრობდა ამას.

იქონიეთ მოთმინება -ეს აუცილებელია. იყო მშობელი, ნიშნავს გქონდეს მოთმინება, რათა ბავშვის აღზრდა შევძლოთ. მოთმინება ბავშვის აღზრდის ქვაკუთხედია. მშობელი არშეიძლება დინებას მიჰყვეს, როგორც ნაფოტი წყალს. ჩვენი ამოცანა დინების საწინააღმდეგოდ ცურვაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები