LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ვრცელდება უცნობი ვირუსი, რომელიც ადამიანებში მანამდე არ აღმოჩენილა

13323
e3a731caf9839d40b1e82f8a37c00e6875f5a6a7

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია-ჩინეთიდან უცნობი ვისური გავრცელდა. ამ დროისათვის, ლაბორატორიულად ვირუსის მხოლოდ 50 შემთხვევა დადასტურდა, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ოფიციალურ სტატისტიკას გაცილებით აღემატება და 2 ათასს აღწევს.

ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი ვირუსით ასობით ადამიანი დაავადდება.

განმარტებები უკვე გაკეთდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. მათი ინფორმაციით, ეს კორონავირუსის ერთ-ერთი მიკროორგანიზმია, რომელიც ადამიანებში მანამდე არ აღმოჩენილა.

“არის საშიშროება ვირუსი ძალიან სწრაფად და მსოფლიო მასშტაბით გავრცელდეს. აუცილებელია იმის დადგენა, ზუსტად რასთან გვაქვს საქმე, როგორ ვუმკურნალოთ ამ ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებს. მკურნალობის სპეციალური კურსი, რომელიც მხოლოდ კორონავირუსისკენ იქნებოდა მიმართული, არ არსებობს. გაურკვეველია ისიც, ცხოველებისგან მომდინარეობს ის თუ არა. ბევრი შეკითხვაა. პასუხები კი არ გვაქვს,” – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარია ვან კერკოვი.

ჩინეთში განმარტებას ამ კონკრეტულ ვირუსზე ვერ აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჩინეთში გავრცელდა ვირუსი პირველად.

2019 წლის ბოლოს, ქალაქ უხანში დაუდგენელი პათოგენით გამოწვეული პნევმონია მასობრივად გავრცელდა. 2 ადამიანი უკვე დაიღუპა. თავდაპირველად მკვლევარებს ჰქონდათ მოსაზრება, რომ რადგან ინფიცირებულთა უმრავლესობა ზღვის პროდუქტების ბაზარში გამყიდველი და მყიდველი იყო, შესაძლოა ვირუსის გავრცელება სწორედ ზღვის პროდუქტების საშუალებით ხდებოდეს. მაგრამ მოგვიანებით ეს ვერსიაც გამორიცხეს, რადგან ვირუსის გავრცელების გეოგრაფიული არეალი ჩინეთს გასცდა.

უცნობი ვირუსი ტაილანდსა და იაპონიაშიც დაფიქსირდა.

“ახალი, უცნობი ვირუსის შემთხვევა იაპონიაშიც დადასტურდა. მომხდარის გამო კარანტინი გამოცხადდება ჯანდაცვის ყველა ობიექტში, რათა გავრცელების პრევენცია მოხდეს. ახალგაზრდა კაცს, რომელიც დაავადებულია, პნევმონია აქვს, რომელიც ახალმა ვირუსმა გამოიწვია. ტარდება დამატებითი კვლევები,” – აღნიშნავს იაპონიის მთავრობის სპიკერი იოშიჰიდე სუგა.

ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი, სამედიცინო წრეებში განგაშის უმაღლესი დონე აქვთ გამოცხადებული.

დამატებითი ზომები მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, სან-ფრანცისკოს, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის აეროპორტებში ჩინეთის ქალაქ უხანიდან შესული მგზავრების სკრინინგი დაიწყება. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს სინგაპურსა და ჰონგ-კონგშიც.

“ჩინელ მგზავრებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში გაიყვანენ, საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კი გამოსაკვლევად მათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ,” – აცხადებს სან-ფრანცისკოს აეროპორტის წარმომადგენელი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხე უფრო მოიმატებს, მით უმეტეს იანვრის თვეში, როცა ჩინეთში ახალ წელს იზეიმებენ. ქვეყანას ამ პერიოდში მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები