LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები პანდემიის წარმოშობის გამოსაკვლევად ვუჰანში ჩავიდნენ

126
FORTUNA.GE-

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჯგუფი ჩინეთში ჩავიდა.

ვიზიტის მიზანი ქალაქ ვუჰანში სტუმრობა და კოვიდ-19 პანდემიის წარმოშობის შესახებ გამოძიების დაწყებაა.

როგორც BBC წერს, ნანატრი გამოძიების დაწყებას, ჯანმო-სა და პეკინს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასჭირდა.

მკვლევართა ჯგუფი ჩინეთში ჩასვლას თვის დასაწყისშიც გეგმავდა, თუმცა მათ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. მოგვიანებით პეკინში განაცხადეს, რომ ეს გაუგებრობა იყო, ახლა კი მიესალმებიან ქვეყანაში მეცნიერების ვიზიტს.

10 მკვლევრისგან დაკომპლექტებული ჯგუფი აპირებს გამოკითხოს კვლევითი ინსტიტუტებისა და საავადმყოფოების, ასევე ზღვის პროდუქტების ბაზრობის თანამშრომლები, სწორედ იმ ბაზრობის, რომელსაც ეპიდემიის აფეთქება უკავშირდება.

გუნდი ჩინეთში დღეს დილით ჩავიდა. ისინი ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და მოგვიანებით მუშაობას გააგრძელებენ.

რაც შეეხება ჩინეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ოფიციალური ჩინეთის ცნობით, ბოლო რვა თვის განმავლობაში, დღეს, პირველად – ქვეყანაში გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსოფლიო კოვიდრუკაზე კი ჩინეთი 82-ე ადგილზეა, ჯამში, ინფიცირების 87 844 შემთხვევითა და 4 635 გარდაცვლილით.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის წარმოშობას იკვლევს: ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავა

magti 5g