LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა მიქიაშვილის სინანული და დანაკლისი შვილებთან ურთიერთობაში: „სიყვარული რა არის, ეს ბოლომდე შეიძლება, შემდეგ 42 წელიწადშიც ვერ ამოვხსნა…“

3773
mikiashvili mtavari

მსახიობი და ტელეწამყვანი კახა მიქიაშვილი მოგზაურობისას საუკეთესო თვისებებსა და უნარებს ავლენს, ბევრს სწავლობს და შემდეგ შეძენილი ცოდნის სხვისთვის გადაცემაც უნდება. ახლახან დაბრუნდა საინტერესო ვოიაჟიდან, სადაც რეპორტაჟები მოამზადა.

კახა მიქიაშვილი: 

ცოტა ხანია, რაც დავბრუნდი ევრო მოგზაურობიდან – ვიყავი სამ ქვეყანაში: ეს იყო იტალია, რომი, ჩემი საყვარელი ქალაქი და სულ ვამბობ, რომ არის რომი და არის ცალკე სამყარო. ტელევიზიიდან გადაღებაზე გახლდით, გალობის უნივერსიტეტმა ისტორიულ მემორანდუმს მოაწერა ხელი ვატიკანის საეკლესიო მუსიკის უნივერსიტეტთან, ეს ნიშნავს ჩვენი გალობის საერთაშორისო მასშტაბზე გასვლას. მოგეხსენებათ, მე საპატრიარქოს ტელევიზიაში ვმუშაობ და წავედი გადასაღებად. იტალიიდან გადავინაცვლე ბულგარეთში, ასევე ისტორიული ფაქტის გასაშუქებლად, ჩვენმა საელჩომ მოაწყო მიღება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პეტრიწონის მონასტერში, რომელიც ქართველების დაარსებულია, პირველად მეუფე ანდრიამ ქართულად ჩაატარა წირვა; სერბეთში მამა სერაფიმემ, რომელიც არამეულად გალობს, ჰქონდა კონცერტი, გაიმართა მიღება და მოვინახულეთ ქართველების დაარსებული ივერონის მონასტერი.

ზოგადად, ძალიან მიყვარს მოგზაურობა – ვარ ადამიანი, რომელიც სულ უნდა ატარო. მიუხედავად პანდემიისა და ჩაკეტილობისა, მაინც გახლდით რამდენიმე ქვეყანაში. ახლაც მაქვს დაგეგმილი ვოიაჟი კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. მახსოვს, ბრიუსელის აეროპორტში ვიყავი, როცა წავიკითხე, რომ თბილისში კორონას პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯერ კიდევ მაშინ დამემართა კორონა, როცა ხალხი შიშით ვერც მირეკავდა, კორონა გაქვსო? მეორედაც დამემართა, თუმცა მსუბუქად გადავიტანე. პანდემიის დროს მოვიარე სერბეთი, უკრაინა, რამდენჯერმე სტამბოლი და შვედეთში. ახლა, როცა საზღვრები გაიხსნა, მაქვს საშუალება, წავიდე იტალიაში, ავსტრიასა და მალტაზე. არჩევანის წინაშე ვარ და უნდა გადავწყვიტო, სად წავალ.

შენი ახლანდელი აქტიურობა, დიდწილად, ტელევიზიას უკავშირდება?

ისევ ვთამაშობ ჩემს მშობლიურ თეატრში, თავისუფალ თეატრში. უკვე 20 წელი გავიდა… პარალელურად, მიმყავს დილის გადაცემა საპატრიარქოს ტელევიზიაში, ისევე, როგორც საავტორო გადაცემა „შაქრით თუ უშაქროდ“. ძალიან მახარებს, რომ მიწევს სიუჟეტებისა და რეპორტაჟების მომზადებაც. ძალიან საინტერესო თემებს ვამზადებთ, ვიღებთ სულიერ, კულტურულ კერებს. ისრაელი, კვიპროსი, სტამბოლი – სტამბოლში ბოლო ჩასვლაზე იმდენი ახალი რამ აღმოვაჩინე, მათ შორის ქრისტიანულ სიწმინდეებზე, რომელთა შესახებ ბევრს არ აქვს ინფორმაცია. მე, ზოგადად, მჩვევია ასეთი რამ – ზუსტად უნდა ვიცოდე, სადმე თუ მივდივარ, კონკრეტულად რას ვაკეთებ. ახლა რომში რომ ვიყავით, „ბასიანის“ ბრწყინვალე წარმომადგენლები ხუმრობდნენ, რომ მათ კარგი გიდობა გავუწიე. რომში ბევრჯერ არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ერთხელ თუ მოვხვდი, ყველაფერს ძალიან კარგად ვიმახსოვრებ. გიდადაც ვიყავი რამდენიმე ტურისტული კომპანიის მიწვევით, მაგალითად, კვიპროსსა და სტამბოლში.

შენს პროფესიას, მსახიობობას, საკმაოდ მრავალმხრივად იყენებ…

მიზანმიმართულად არა, ასე გამოვიდა – გადმოცემისა და ახსნის უნარი რომ მაქვს, ალბათ, ჩემს პროფესიას უკავშირდება. სარკის წინ ცალკე არ მივარჯიშია, როგორ უნდა მოვყვე ამა თუ იმ ტაძარსა თუ ქუჩაზე, მაგრამ მათ უნდა ვკითხოთ, ვინც ჩემი მონათხრობი მოისმინა…

ასაკს არ გკითხავ, მაგრამ ასე როგორ გამოიყურები და როგორ ინარჩუნებ ფორმას, გაგვიმხილე…

ასაკს არასდროს ვმალავ, მეტსაც გეტყვი, ყოველთვის ვიმატებდი ასაკს. ჯერ 42-ის არ ვარ, მაგრამ მაინც ვამბობ, რომ 42 წლის ვარ. ძალიანაც მომწონს ჩემი ჭაღარა თმასა და წვერზე და ნაოჭიც. არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ასე გამოვიყურებოდე. არანაირ ჩარევას არ მივმართავ, ალბათ, გენეტიკას უკავშირდება. ვერც იმას გეტყვი, სამწუხაროდ, რომ ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, არასაკმარისად მძინავს. სიგარეტს არ ვეწევი, ალკოჰოლს ვერიდები, წყალს ვსვამ და ფეხით დავდივარ. თუმცა ამას სპეციალურად არ ვაკეთებ, არასდროს ვეწეოდი და არც ფასტ ფუდს ვეტანებოდი. ჩემი პრობლემა ცოტა ძილია, მაგრამ მყოფნის. სულ რომ ღამე გვიან დავიძინო, მაინც დილის შვიდზე გამეღვიძება. რაც თეატრალურში ჩავაბარე, მას მერე ადრე ვდგები. თავისუფალი და არხეინი დრო არასდროს მქონია, თუმცა იმდენად შევეჩვიე ამ რეჟიმს, თუკი მაქვს თავისუფალი დღე, შუადღის მერე ისევ აქტიურობა მინდება. ამის მიუხედავად, უნდა გამოგიტყდე, რომ ვარ ზარმაცი. რომ მეკითხებიან, როგორ ასწრებ ამდენ რამესო, გულში ვფიქრობ, ნეტავ, იცოდეთ, რა ზარმაცი ვარ-მეთქი. ცოტა მეტს რომ ვმუშაობდე საკუთარ თავზე, ალბათ, უფრო მეტ სარგებელს მოვუტანდი ჩემს თავს. მაგალითად, მინდა, მეტი ენა ვიცოდე, მეტი რამ წამეკითხა, მეტი მემუშავა როლებზე, კარგი იქნებოდა. პასუხისმგებლობის გრძნობა გამძაფრებულად მაქვს, განსაკუთრებით თეატრში ჩემი წესრიგის სიყვარული და პედანტურობა განხილვის საგანია, მაგრამ სულ მაქვს შეგრძნება, რომ მეტი შემიძლია.

შენი ჩაცმის სტილი გაქვს… 

არ ვიცი, როგორია ჩემი სტილი – ვიცვამ იმას, რაც მომწონს, შავს იშვიათად ვხმარობ. ხანდახან ვარ სპორტული, ხანდახან – კლასიკური. რა განწყობაზე ვარ, გააჩნია. ტანსაცმელს ვყიდულობ უცხოეთშიც და საქართველოშიც. ბრენდს არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება, ძალიან იაფიანი სამოსი შევიძინო.

ინტერვიუს შემდეგ შვილს უნდა მიაკითხო. როგორი მამა ხარ?

ყველაზე მეტ დანაკლისს მამობის კუთხით განვიცდი – ვფიქრობ, რომ უფრო კარგი მამა უნდა ვიყო. თან, მე არ ვცხოვრობ ჩემს შვილთან ერთად, თინა დედასთან (სალომე არშბა – ავტ.შენ.) ცხოვრობს. მე უფროსი ქალიშვილიც მყავს, ტასო, რომელიც 16 წლისაა და იტალიაში ცხოვრობს. ის იყო ჩამოსული საქართველოში, მეც ვიყავი ჩასული იტალიაში და ვნახე. მასთანაც მაქვს ურთიერთობა, უფრო ხშირად – თინასთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმეზე მეტად ვფიქრობ ან ნაკლებად. ალბათ, უფრო მეტს უნდა ვცდილობდე, თუმცა ვცდილობ, თინასთან მქონდეს ყოველდღიური კომუნიკაცია, ვნახო, ჩემთან მოვიდეს, მივაკითხო, მეგობრული ვიყო, 10 წლის განმავლობაში მისთვის ტონი არ ამიწევია და არ გავბრაზებულვარ, ეს, ალბათ, მისი დამსახურებაც არის, მაგრამ თინა კარგი ბავშვია, კარგი აღზრდილია და ეს სალომესა და მისი ოჯახის დიდი დამსახურებაა. თინა არ სარგებლობს ჩემი დამოკიდებულებით, ზღვარი იცის – მომწონს ის, რომ ბევრჯერ ახსნა არ სჭირდება, შენიშვნაც მიმიცია, მაგრამ გამეორება არ სჭირდება.

შენი პედანტური ხასიათი  რაში გიშლის ხელს?

ყველა შენნაირი ვერ იქნება – ვთქვათ, საგრიმიოროში არის ადამიანი, რომელიც არ აქცევს ყურადღებას ნივთებს, მე კი ყველაფერი მოწიკწიკებული მაქვს. რეპეტიცია 11-ზე რომ არის, მიმაჩნია, რომ ამ დროს უნდა დაიწყოს – ამის გამო ხშირად მომსვლია კამათი. ზოგჯერ მეუბნებიან ხოლმე, ღმერთი ხომ არ ხარ, რატომ უნდა იყოს ისე, როგორც შენ გინდაო… წინასწარ ვამზადებ ხოლმე თავს, რომ რეაქცია არ მქონდეს, როცა ვინმე დააგვიანებს, მაგრამ ვერ ვახერხებ… ძალიან ახლობლებს რომ უთქვამთ, მერე დავფიქრებულვარ – სხვებისაც უნდა გაითვალისწინო. მიფიქრია, ბოდიში მომიხდია და შეიძლება, გამომისწორებია კიდეც, მაგრამ აქაც გააჩნია შემთხვევას – ზოგ შემთხვევაში კომპრომისს ვერ ვუშვებ.

 

ამ ასაკში რა დაასკვენი ბოლო-ბოლო, რა არის სიყვარული?

სიყვარული რა არის, ეს ბოლომდე შეიძლება, შემდეგ 42 წელიწადშიც ვერ ამოვხსნა, ღმერთი თუ მაჩუქებს, თუმცა სიკვდილ-სიცოცხლეზე სხვანაირი შეხედულებები მაქვს – არ ვფიქრობ, რომ 100 წელი უნდა ვიცოცხლო. ხვალაც რომ მოკვდე, რა? უმადურობით არ ვამბობ, მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მაქვს… კიდევ ერთი 42 წელი რომ მომცეს ღმერთმა, სიყვარულის ფენომენს ალბათ მაინც ვერ ამოვხსნი. სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ სიყვარული სხვისთვის დათმობა და სხვაზე ზრუნვაა. ადამიანებს გვემართება ხოლმე, გვგონია, რომ ვიყვარს, მაგრამ როცა ის სხვანაირად იქცევა, აღარ მოგვწონს. ეს უკვე ეგოიზმია. „მე როგორ გამიკეთე ეს“? – ამას ეკითხებიან ხოლმე. თუ შენ მიყვარხარ, მაშინ მე რა შუაში ვარ? სიყვარული არის თავგანწირვა, დათმობა, პატიება და მისთვის ცხოვრება. სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია და მის გარეშე არაფერს ფასი არ აქვს – ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. არსებობს სიყვარულის გამოხატვის ფორმები, რაც მე ძალიან მიჭირს. შეიძლება, ადამიანის მიმართ პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობდე, მაგრამ გარეგნულად ვჩანდე უხეში. მქონია შემთხვევა, ვიღაც გარდაიცვალა და მინანია, რომ მისთვის არ მითქვამს, როგორი დამოკიდებულება მქონდა…

მეორედ ოჯახის შექმნაზე თუ გიფიქრია?

პირველად რომ შევქმენი, მაშინაც არ მიფიქრია. ბათუმში ჩავედი, იქ ნიკოლოზ წულუკიძე დამხვდა, რომელმაც მითხრა, რომ სალომე არშბა და მისი მეგობრები ჩამოდიოდნენ. იმ დილას ვინმეს რომ ეთქვა, ერთ წელიწადში ოჯახს შექმნიო, გავიცინებდი, მაგრამ ხუთ დღეში ისევ ჩავაკითხე ბათუმში და ერთ წელიწადში ჯვრისწერა მქონდა. ასეთ რაღაცებზე წინასწარ არ ვფიქრობ… ვნახოთ, რა იქნება, ღმერთის ნებაა.

სინანულის გრძნობა ხშირად გეუფლება?

ყოველდღე, შეიძლება, ყოველ საათში, ან ყოველ წამს… 1000 პროცენტით რომ ვიცოდე, მართალი ვარ, მაინც შეიძლება ბოდიში მოვიხადო და ვინანო, რომ ვთქვათ, ავყვირდი. რაღაც ქმედებებზე, წარსულ ამბებზე სინანული მიპყრობს ხოლმე და ამისთვის არსებობს ძალიან კარგი საშუალება, ეკლესიასთან ურთიერთობა, ღმერთის დიდი საჩუქარი, აღსარება – ღმერთი გეუბნება, რაც უნდა ჩაიდინო, ჩემი მოწყალება ამას აღემატება და თუ გულით მოინანიებ, გეპატიება. აღსარება მაშინაა აღსარება, როცა მერე აღარ ცდილობ იმავეს ჩადენას, ეს ზოგჯერ არ გამომსვლია. თავს არ ვიქებ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ რაც მე ან სხვებს ავნებს, არ ჩავიდინო, თუმცა საჯაროდ ვითხოვ პატიებას, არ აქვს მნიშვნელობა, ვიყავი თუ არა დამნაშავე…

სარკეში რომ იყურები, კარგს რას ხედავ?

სარკეში ხშირად ვიყურები, მანქანაში ჯდომისას – განსაკუთრებით და ამის გამო ავარიაშიც მოვყოლილვარ (იცინის), თმას ვისწორებდი და ორმოში ჩავვარდი, საბურავი გავხეთქე… სარკეში რომ ვიყურები, საკუთარ თავს თვალებში ვერ ვუყურებ. კარგს არ ვეძებ. სულის თუ წარსულის სარკეში ყურებისას, ვცდილობ, კარგი არ ვეძებო, ვცდილობ, ვეძებო ის, რაც გამოსასწორებელია. მეორე საკითხია, რამდენად ვახერხებ ამ ყველაფრის გამოსწორებას.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი 

ლოკაცია: რესტორანი „ვეფხი და მოყმე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები