LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: დღეისათვის უკვე გაყიდულია 15 000-ზე მეტი სამგზავრო აბონემენტი

158
1

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ერთიანი გადახდის სისტემის ამოქმედების შემდეგ, ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 15 ათასზე მეტი აბონემენტია გაყიდული.

ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისგან მხარდაჭერის საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის, ძველი შეღავათიანი ტარიფი კვლავ ძალაში რჩება:

“დღეისათვის უკვე გაყიდულია 15 000 აბონემენტი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ის საშეღავათო პირობები, რომელიც გვქონდა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის, იმ ოჯახებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, ძალაში რჩება ამ ახალი სისტემის პირობებშიც.

ვინც სარგებლობდა შეღავათებით და იხდიდა 10, 20 თეთრს ან მგზავრობდა უფასოდ, მაგრამ მიკროავტობუსში უწევდა 80 თეთრის გადახდა. პირველი თებერვლიდან ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული სისტემა და ამ მოქალაქეებს მიკროავტობუსის მგზავრობის დროსაც აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ იმავე შეღავათით. დაახლოებით, 450 000 პირი სარგებლობს შეღავათით”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება 150 ლარია.

კახა კალაძის განმარტებით, ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია. მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და თბილისის მერიის დისკრედიტაციას ემსახურება:

“გუშინ ერთ-ერთ ტელეარხზე ჩვენ ვიხილეთ სიუჟეტი, სადაც მიზანმიმართული მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის.

კონკრეტული ტელეარხის ჟურნალისტი მიდის ადამიანებთან და ეკითხება, აქვთ თუ არა მათ საშუალება, ერთთვიან აბონემენტში გადაიხადონ 150 ლარი. მე არ ვიცი, ეს ჟურნალისტის მხრიდან შეცდომა იყო თუ არა, რადგან თქვენ იცით, რომ 150 ღირს არა ერთთვიანი, არამედ 6-თვიანი აბონემენტი. ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება, ვფიქრობ, მიზანმიმართულად ხდება, რომ რაც შეიძლება მეტი ნიჰილიზმი დაითესოს საზოგადოებაში”, – თქვა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან ერთიანი გადახდის სისტემა ამოქმედდა. ახალი სისტემის მიხედვით, მომხმარებელს რამდენიმე სხვადასხვა ვადიანი აბონემენტის შეძენა შეუძლია.

პოპულალურები