LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე “სვეტის” დაზარალებულზე: მინდა ერთი პატარა ისტორია მოგიყვეთ

620
Capture

თბილისის მერმა კახა კალაძემ დაზარალებული მენაშენეების შესახებ დღეს ახალი გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მანამდე ერთი რეალური ისტორია მოყვა, რომელიც სწორედ ასეთ ერთ-ერთ დაზარალებულ სტუდენტ გოგონას და მის ოჯახს ეხება.

„მინდა ერთი პატარა ისტორია მოგიყვეთ. ისტორია, რომელიც რეალური ამბავია. ახალი არჩეული ვიყავი დედაქალაქის მერად და რამდენიმე თვეში მივიღე ეს შეტყობინება, რომელიც უკავშირდება ერთ კონკრეტულ ოჯახს, ერთ პატარა გოგონას, რომელიც გახლავთ სტუდენტი, ცხოვრობს თბილისში. მამა სამწუხაროდ გარდაეცვალა და მისი სურვილი, რომ ოჯახს ჰქონოდა საკუთარი ბინა, მის სიცოცხლეში შეუსრულებელი დარჩა. დედას მოუწია საზღვარგარეთ გამგზავრება, კონკრეტულად იტალიაში და იქ დაიწყო მუშაობა მომვლელად, იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა. ეს ოჯახი ცხოვრობდა ნაქირავებში და როგორც ხდება ხოლმე, გარდაცვლილი მამის მეგობრებმა შეაგროვეს გარკვეული თანხა, დედასაც, რომელიც წლების განმავლობაში იტალიაში მუშაობდა, ჰქონდა ხელფასიდან დანაზოგი და ამ ოჯახმა შეიძინა ბინა. თუმცა, ეს ამბავი, სამწუხაროდ, ასე კეთილად არ მთავრდება, რადგან ამის მერე დაიწყო პრობლემები და ეს პრობლემა გახლდათ სამშენებლო კომპანია „სვეტი“. ამ ოჯახის მსგავსად, დაზარალებული არის 2500-მდე ოჯახი. ამ ოჯახის მსგავსად არიან დაზარალებული ადამიანები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილნი და ელოდებიან გადაწყვეტილებას, რომელიც აქ იქნება გაჟღერებული.

ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანურ პრობლემაზე, რომელიც გულისხმობს, რომ წლების ნაგროვები დანაზოგით, შრომით, ყიდულობ ბინას და შემდეგ, ფულიც გეკარგება და ბინაც. ვფიქრობ, ყველას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენად მძიმეა ეს ამბავი,“ – მოყვა კალაძემ.

ამ ისტორიის შემდეგ კალაძემ განაცხადა, რომ „სვეტის“ დაზარალებულებს, პრობლემას m2 მოუგვარებს. მისივე თქმით, ამ 2500 დაზარალებული ოჯახის გარდა, იგეგმება „ცენტრ პოინტის“ მენაშენეების პრობლემების მოგვარებაც.

„ეს შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ დღევანდელი ამბავი განვიხილოთ არა როგორც მიმდინარე ახალი ამბავი, არამედ ამ ადამიანების თვალით, თითოეული დაზარალებულის თვალით  დავინახოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პრობლემა.

მოკლედ, თბილისის მერიის, კომპანია m2-ის და ასევე, საინიციატივო ჯგუფის აქტიური მუშაობით, პროცესში ასევე, იმედის დაკარგვით ხანდახან, მაგრამ ყოველთვის გაგრძელების და საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილით, დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. 2500-მდე  დაზარალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია. დიდი მადლობა ამ ოჯახების სახელით მინდა გადავუხადო პირველ რიგში, საინიციატივო ჯგუფს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამშენებლო კომპანია m2-ს, ძალიან დიდი მადლობა პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მუშაობით, ადამიანების ჩართულობით პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც აწუხებდა ამ 2500-მდე ოჯახს. ერთი ანდაზის შთაგონება მაქვს, რომელიც ამას წინათ შემხვდა და მოვინიშნე. ამ კონტექსტში, ვფიქრობ, ზუსტად გამოხატავს ჩვენს და პირადად ჩემს განწყობას: „წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი“. შესაბამისად, ეს წარმატება არ არის საბოლოო, და ამ 2500 ოჯახის მსგავსად, არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ არიან დაზარალებულები. ამის ერთ-ერთი მაგალითია „ცენტრ პოინტის“ საკითხი, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და მჯერა, რომ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და როგორც თქვენს შემთხვევაში დადებითად და წარმატებით განხორციელდა ეს მოლაპარაკებები, ანალოგიური მიდგომა იქნება „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების მიმართ.

ჩვენ, როგორც გითხარით, დაწყებული გვაქვს მუშაობა იმისთვის, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემაც მოგვარდეს და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით და იმ შემართებით, რაც მერიის თითოეულ თანამშრომელს აქვს, ეს პრობლემაც ანალოგიურად იქნება მოგვარებული, როგორც ეს იყო „სვეტის“ მიერ დაზარალებულების შემთხვევაში.

მე ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისგან, რომლებსაც ნაყიდი აქვთ ბინები ამ კომპანიაში. სამწუხაროდ, მათაც დაკარგეს ფული და უიმედოდ იყვნენ, თუმცა დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველას პრობლემა არის მოგვარებული,“ – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები