LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კალაძეს არ უნდა, რომ მის გარდა, სხვამაც აკეთოს ბიზნესი“ – რატომ გაუშვა მერმა „სითი პარკი“ და რა შეიცვალა მას შემდეგ დედაქალაქში

1023
პარკირება

კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში თბილისში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა, კახა კალაძემ „მოაგვარა“. მან „სითი პარკთან“ არათუ ხელშეკრულება გაწყვიტა, არამედ პირობა დადო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს კომპანიას არ გადაუხდიდა. დავიწყოთ იქიდან, რომ პირობა არ შესრულდა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ „სითი პარკს“ 12 მილიონ ლარს, როგორც მერია ამტკიცებს, თავისი შემოსავლებიდან გადაუხდის. რა კომპანიაა „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ – ეს არის შპს, რომელიც ექვემდებარება თბილისის მერიას. ეს ნიშნავს, რომ ის არ არის მისგან დამოუკიდებელი კერძო კომპანია. ეს რაც შეეხებოდა იმ თემას, როგორ შეცვალა კერძო კომპანია მერიის დაქვემდებარებაში მოქმედმა შპს-მ.

რადიო „ფორტუნა“ დაინტერესდა, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც „სითი პარკი“ უბრალოდ გაუშვეს. რა თქმა უნდა, საპარკინგზე ადგილები საკმარისი ვერასდროს იქნება, მაგრამ საინტერესოა, არის თუ არა თუნდაც მცირე გაუმჯობესება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შემოსვლის შემდეგ.

პოლიტიკური შეფასებებისგან რომ თავი აგვერიდებინა და რეალური სურათი დაგვენახა, საქმის ექსპერტს, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელს დავით მესხიშვილს დავუკავშირდით.

"კალაძემ თბილისელები მოატყუა" - ოპოზიცია მერს "სითი პარკის" საქმეზე თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს

"კახა კალაძე მოსახლეობას პირდებოდა, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არ დაუჯდებოდა არც ერთი თეთრი, რაც არის მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი..."

როგორც მესხიშვილმა გვითხრა, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ქალაქში, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა.

„ცვლილებებზე თუ ვისაუბრებთ, ერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ ადმინისტრირება გაუარესდა, ანუ ახლა რეაგირება ნაკლებად ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საგზაო მონიშვნები, რასაც „სითი პარკს“ ედავებოდნენ და მინდა გითხრათ, რომ ამ კუთხით მდგომარეობა ბევრად უარესია. ყველა პრობლემა ისევ პრობლემად დარჩა. ისევ ვხედავთ თავისუფლად და თვითნებურად შემოღობილ ადგილებს, იქ დადგმულ რკინის კონსტრუქციებს, ვერ მოგვარდა ე. წ. სტაიანშიკის“ საკითხიც. თავის დროზე მერიამ თქვა, ნებაყოფლობითიაო, მაგრამ იძულებული ხარ, მას ფული გადაუხადო. მათი მხრიდან ისეთი რეაგირებაა, მოქალაქეები ფიზიკურ დაპირისპირებაში ხომ არ გადავლენ“, – აცხადებს მესხიშვილი.

ის ცალკე შეეხო უშუალოდ საპრაკინგე ადგილების არარსებობას და ამ კუთხით უცვლელ სიტუაციას.

„თუ ზონალური პარკირება შეიძლება ცვლილებად ჩაითვალოს, ერთადერთი ეს მახსენდება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს „სითი პარკის“ იდეა იყო. წლების წინ სურდა მას ამის განხორციელება, მაგრამ მოქალაქეების წინააღმდეგობის და მწვავე რეაქციის გამო, მაშინდელმა მერიამ ეს შეაჩერა“.

დავით მესხიშვილი ხაზს უსვამს, რომ ერთი მთავარი ტენდენცია იკვეთება. მისი თქმით, ამ ქვეყანაში კომპანიებს ბიზნესის კეთებას არ აცდიან.

„ეს არის საბჭოთა დამოკიდებულება, როცა ბიზნესს არ აცდი საქმის კეთებას, არ გინდა, შენ გარდა, სხვამაც აკეთოს ბიზნესი. რაც მთავარია, ვისაც ავალებენ საქმეს, მას შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნია. როცა ბიზნესს კერძო საკუთრებაშია და მას მთლიანად ჩამოართმევ, ეს აისახება უკვე მუშაობის ხარისხზე“, – აცხადებს მესხიშვილი.

შეგახსენებთ, კომპანია „სითი პარკმა“ მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერიასთან დავა შეეწყვიტა. მერიამ გაავრცელა ამ საკითხზე ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ მერია და კომპანია შეთანხმდა. „სითი პარკში“ განაცხადეს, რომ ამით მათ ის ხარჯები აიცილეს თავიდან, რაც კომპანიას საარბიტრაჟო სასამართლოში ექნებოდა. რაც შეეხება დედაქალაქის მერიას, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ „სითი პარკს“ 12 მილიონ ლარს საკუთარი შემოსავლებიდან გადაუხდის, სანაცვლო კი, კომპანიის მატერიალურ აქტივებს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები